ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2013


"სხვაობანა" (მინიატურა)

- მოდი რამე ვითამაშოთ?!
- მაინც რა?
- აი მაგალითად მე ვიცი ერთი ძალიან სახალისო და საინტერსო თამაში!
- რა ქვია?
- "სხვაობანა"!
- "სხვაობანა"?.. არ გამიგია... მასწავლე რა?!.
- დიახ, "სხვაობანა"... კარგი, მაშ მისმინე... ამ თამაშისთვის მინიმუმ ორი ადამიანია საჭირო, მაქსიმუმი კი განუსაზღვრელია. ეს როლური თამაშია და მთავარი პრინციპი არის სიმართლე(!), რადგან მის გარეშე თამაში აზრს დაკარგავს. მოქმედებისთვის აუცილებელია ჯერ სხვის როლში შესვლა, ხოლო შემდგომ საკუთარ თავში დაბრუნება. სხვის როლში ყოფნისას, საკუთარ თავს აკვირდები და ორ სიას ადგენ. პირველ სიაში აღნუსხავ ყველაფერს, რაც საკუთარ თავში მოგეწონება, მეორეში კი პირიქით, რაც არ მოგეწონება.
- მერე...?
- მერე ბრუნდები საკუთარ თავში და იგივე პრინციპით ახლა იმ პიროვნებას შეაფასებ, რომლის როლშიც მანამდე იყავი. მხოლოდ აქ აუცილებელი პირობა არის იმ პირობითი ინფორმაციისა და გამოცდილების გათვალისწინება(!), რაც მის როლში ყოფნისას მასზე მიიღე.
- კარგი, მერე...?
- შემდეგ ვიღებთ სიებს და ერთმანეთს ვადარებთ პარტნიორის როლში ყოფნისას – საკუთარ თავზე, და პარტნიორის მიერ, ჩვენს როლში ყოფნისას მიღებული პირობითი ინფორმაციის შემდგომ – ჩვენში დანახულ პოზიტიურ და ნეგატიურ თვისებებს.
- და რას მოგვცემს ეს?
- იმას, რომ თამაშის მონაწილეები დავინახავთ "სხვაობას" საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე რეალურად არსებულ შეხედულებებს შორის.
- და თუ ვერ დავინახავთ?
- თუ ვერ დავინახავთ, მაშინ გავერთობით მაინც, ეს ხომ უბრალოდ თამაშია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები