ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2013


აღდგომა

ორი დღე ისე გავიდა – მზე არ ჩანს ცის კამარაზე,
ქვეყანა ბნელმა მოიცვა, ჯოჯოხეთურად აცივდა,
მთვარეც ჩაქრა და ვარსკვლავთაც თითქოს კარები ჩარაზეს,
არც თოვლი მოდის, აღარც წვიმს, ღრუბელი დარდით გასივდა.

ყველა მცენარე ჩამოჭკნა, ყვავილს დასტირის ფუტკარი,
ოხრად ურჩება თაფლი და აღარ ადარდებს სანთელი,
უკვე მეორე დღე არის, დილით არ ყივის მამალი,
თითქოსდა ქვეყნის მაღვიძარს აღარა აქვს რა სათქმელი...

გაკვირვებული ბუნება თვალებს აცეცებს წყვდიადში,
ვერ გაუგია რა ხდება, თუ მოკვდა – ტკივილს რაღად გრძნობს,
რა იმალება ფარულად სამყაროს ამ ხვაშიადში,
თუ აღარ არის “ამ ქვეყნის”, სუნთქვას რატომღა განაგრძობს?..

ჰაერში სუნი ტრიალებს ნაღველნარევი ძმარისა,
თითქოს ის არის გამცემი ყველა კითხვაზე – პასუხის,
შორით, ყრუდ ისმის ჭრიალი – ქვესკნელს ჩამსვლელი კარისა,
მეორე დღეა უფალი ჯოჯოხეთშია ჩასული!

ცოდვილთა ამტვრევს ბორკილებს,
პატიობს ღვთისგან განდგომას
და მთელს სამყაროს წყალობით
ჩუქნის სულიერ აღდგომას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები