ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2013


ჩვენი ნაპირი

ეს ჩემი ქალაქია...
ჩემი ქალაქი
ცის ფერია,
მზის ფერია
და ბროწეულის ყვავილის ფერი...
ჩემს ქალაქში ჩემი მდინარეა:
წყალუხვი,
ოღონდ თევზები აღარ არიან,
მოითევზავეს...
აქ ჩემი მთაა,
ჩემი ტყეა,
ჩემი სახლია...
ქალაქი, სადაც ადამიანებმა
თეთრი თიხით ააგეს უკარო სახლები
და ამიტომაც ამ სახლებს ხელისუგლების სითბო აქვთ...
ეს ჩემი ქალაქია,
სადაც პირველად გნახე შენ
და მივხვდი:
შენ ხარ ის, ვისაც ველოდი და
მერე ვეძებდი,
რაკი ლოდინი მართლა მომბეზრდა...
შენ, რომელსაც ამომავალი მზის ფერი დაგკრავს
და თეთრი ფერის სითბოს ატარებ,
მოხვედი და მითხარი, რომ:
გინდა შენიც იყოს ქალაქი,
რომელიც ჩემია...
და ახლა ჩვენ:
ვცხოვრობთ ჩვენს ქალაქში,
სადაც ყოველ დილით
ლურჯ ცაზე დაცურავს ღიმილიანი მზე,
ჩვენს წყალუხვ მდინარეში კალმახები მოაშენეს ჩვენმა შვილებმა
და მათაც ააგეს თეთრი თიხისგან უკარო სახლები,
რომლებიც ჩვენი შვილების ხელისგულების სითბოს
სამარადისოდ შეინახავენ...
ეს ჩვენი ტყეა,
ჩვენი მთაა,
ჩვენი სახლია...
ჩვენს სანაპიროზე ნაფეხურების კვალია,
ჩვენი ტერფების კვალი:
ორი დიდია,
ორიც პატარა...
ეს ჩვენი ნაპირია,
ჩვენ აქ გავინაპირეთ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები