ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2013


ხუთი წლის შემდეგ... (ეძღვნება ბათუმის მონატრებას)

„ბათუმში გაგანაწილესო“ - მახარეს!...
მოულოდნელი სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა, - მე კვლავ შენთან მოვდიოდი!
აღარ გაილია ის რამდენიმე დღე, შენთან რომ მაშორებდა. მეგონა, საათი გაჩერდა-მეთქი. ზლაზვნით, ტაატით მოძრაობდნენ საათის ისრები, მუხლდაღლილი კაცის დარად.
როგორც იყო,მიითვალა ბოლო წუთები უკანასკნელმა უძილო ღამემაც!...
დილას უთენია წამოვხტი და დისლოკაციის ადგილს მივაშურე. მალე მანქანებშიც ჩავსხედით და...
მანქანები ბათუმის გზას დაადგნენ.
ფიქრები მომეძალა. მერე მომეჩვენა, რომ ჩვენი მანქანა ძალზე ნელა მიიწევდა წინ.
ბორბლების ხმაურს ვუგდებდი ყურს და ფიქრით მანქანის სვლას ვაჩქარებდი: გზას ხომ შენკენ მოვყავდი?!
ჰმ, ვითომ ახალი ვთქვი რამე! - მე ყველა გზას შენკენ მოვყავარ!..
გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა მოლოდინისგან: ისევ ძველებურად შემხვდები? მე ხომ დიდი ხანია, აღარ მინახიხარ?! უფრო შემიყვარე თუ სულაც გადამიყვარე?... შენი ხმაც მომენატრა, ჩურჩულით რომ მეძახდი-ხოლმე: „მოდი, გელოდებიო“, „მიყვარხარო“, „სად დამეკარგეო“...
ეეეჰ, შენი სულის სიკამკამის ნატრული გავხდი!... ვერავის გადარებ და ვერც ვერასოდეს შეგადარებ, - შენი მსგავსი არსად, არავინ და არაფერია!
ღიღინ-ღიღინით მოვდიოდი შენკენ...  გულს უხაროდა, სული მღეროდა!
თან სულ ვფიქრობდი...

- რაზე ან ვისზე?...

- მე მეკითხები ამას?... უცნაურია, ამას რომ კითხულობ! კარგი, გეტყვი... არ დამცინო ოღონდ: საოცარი სურვილი დამეუფლა შენთან გაერთსულებისა! მომინდა, რომ შენს უბეში შევყუჟულიყავი, პატარა ჩიტივით...  შენს საიმედო მკერდზე მეპოვა სითბო და სიმშვიდე!...

- ჰა-ჰა-ჰაააა.... "ჩიტივითო"?!... ცდები!...  მე არ ვარ სანდო და საიმედო ... შენ კი - სულ არ ჰგავხარ ფრინველს...

- აჰა,  ხომ გაგაცინე? „სანდო და საიმედო“ არა ხარ?  ვიცი!... მართლაც  რამდენი ვინმე შეეწირა შენს სიყვარულს?! ისინი მოგენდნენ და შენ კი - არ დაინდე!... ჯერ შენი სიყვარულით გააგიჟე, მერე კი - შენივე სიყვარულით დაახრჩვე და სულის ნაპირისკენ გარიყე!

- ჰა-ჰა-ჰაააა.... ცდები-მეთქი... არ არის მასე!...

- რა გაცინებს? მასე არ არის? თუმცა,  ეეეჰ, როგორც ყოველთვის, შენ ახლაც მართალი ხარ! მთელი არსებით არ მოგენდნენ, ალბათ! ამაშიც მართალი ხარ, - არ ვგავარ ფრინველს... მაგრამ, აი,  რაშიც ვერასოდეს დაგეთანხმები, ისაა, რომ მითხარი: „სანდო არ ვარო!“... არ ვიცი, ვისთვის არ ხარ სანდო, ან ვინ გარიყე შენი გულიდან. ვიცი მხოლოდ, რომ ისე იმედიანად, დანდობილად და უსაფრთხოდ ვერსად და ვერავისთან ვგრძნობ თავს, როგორც შენთან! შენს გვერდით პატარა ბავშვი მგონია თავი!... აი, ისეთი პატარა, მამა მხარზე რომ შემისვამდა-ხოლმე და აქეთ-იქით დამატარებდა.... ნუუ,  შენ არ მისვამ მხარზე, მაგრამ... ხელში ატატებული და გულზე მიხუტებული ხომ  გყავარ-ხოლმე?!... ყოველი უჯრედით ვგრძნობ შენს გულისფეთქვას და ჩემი გულიც შენთან უნისონში ძგერს!  ჰმ... "სანდო არ ვარო", ხომ? სანდო ხარ, სანდო! მიყვარხარ და გენდობი სრულად და ბოლომდე!

- მართლა ასე გიყვარვარ?...  დაფიქრდი, მართლა ასე, თხემით ტერფამდე ჩემი ხარ?

- მართლა!...იცი, შენი სიყვარულის გამო „დელფინს“ რომ მეძახიან?  ჰოდა, „დელფინს“ ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარხარ, ზღვაოოოოოოოო!....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები