ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2013


ბებია (პირველი ნაწილი)

თეთრი. ქათქათა.  ვარდისფერკანიანი ბებია. ხელი ცელოფნისკანგადაკრული, გამჭვირვალე.
წყლისფერი ცისფერი კი არა, ცისფერი ცისფერი თვალებით.
უპომადოდ პომადაწასმული ტუჩებით.
ოდნავ კეხიანი თხელი ცხვირით.
წელზემწვდომი ორი ჭაღარა ნაწნავით, რომლებიც ყოველ დილით კეფაზე იგორგლებოდა და ორი ,,შპილკით,, მაგრდებოდა.
მისი სავარცხალი და მაკრატელი, რომლებიც ლებქვეშ ჰქონდა შემოდებული და რომლებზეც ხელის ხლება ტაბუდადებული იყო. დავარცხნისას ჩამოწყვეტილი თმები, რომლებსაც ყოველთვის წვავდა, ,,რომ გადავაგდო ჩიტი ბუდეს გაიკეთებს და თავის ტკივილი დამჩემდებაო.,,
ორ იანვარს საქათმეს ფერხვავდა. კარგი დედისშვილი იყავი და იმ დღეს მაკრატელი აგეღო ხელში... წიწილებს დაგრეხილი ფეხები და ნისკარტები ექნებოდათ.
ოთხი იანვარი ოთხფეხების დღე იყო.. ახორში ,,ლამაზას,, ულოცავდა ახლი წლის დადგომას.
სავარცხალს თუ გაუქნევ ვინმეს, და მოგიკვდებაო, მაკრატელს თუ ესვრი_ძმაო. განა თვითონ სჯეროდა? ჩვენ ,,გვაბეჩებდა,,
კიტრს ისე არ გათლიდა კანი სახეზე , ყელსა და ხელებზე რომ არ წაესვა. თან ერთს კი არ გათლიდა.

თოხის, ბარის, ძროხის, ქათმის, საჭმელ_ სასმელის, სუფრის გაშლის, სტუმრის შეპატიჟების, დაქარგული სიტყვა-პასუხის, იუმორის, გოდრის და გიდლის, ნამგლის დ ფოცხის, ხეზე ასვლის, ყვავილების გაზონების, კერვის და... აკადემიკოსი იყო.


მანამდე კი...

ოთხი ძმა და ხუთი და იყვნენ. ძმები თვრამეტ წლამდე დაიღუპა ყველა. დაწყევლილი ვიყავითო,_ ამბობდა ბებიაჩემი.
სკოლაში შევიდა და მეოთხე კლასიდან გარიცხეს. გვერდით მჯდომ გოგოს საყურეები ჩამოაგლიჯა ყურებიდან გაკვეთილზე, რადგან  რვეულში ჩაჭყეტის უფლება არ მისცა.
სულ არ ნერვიულობდა უსწავლელობაზე. ქართულ-რუსული წერა-კითხვა იცოდა... მეზობლებისგან თათრული, ბერძნული, სომხური, რუსული, ლაზური ისწავლა. ჟურნალ-გაზეთების და კალენდრების დიდი მოყვარული იყო.
***
ანცობა, ცელქობა , ახტაჯანობაში დაქალდა , ჩათქვირდა და დამშვენდა.
ჩვიდმეტი წლისა იყო, მშვენიერ ბიჭზე რომ დაინიშნა.ულამაზესი ნიშანი მოუტანეს. ქორწილი ეჩქარებოდა. ჩითის კაბაში და თეთრ ფეხსაცმელებში გამოეწყო.ცრემლი არ მოსდგომია თვალზე. ან რა ჰქონდა სატირალი. დედა გაუჩერებლად არიგებდა როგორ უნდა მოქცეულიყო ქმრის ოჯახში.
მე ყველაფერი ვიციო, შეუბრუნა ენა და ჯორკო მოხვდა კოჭზე , ,,დაკოჭლებული,, დედოფალი წაიყვანეს.
სულ გვაფრთხილებდა ,, ვიცი, ვიცი ,, არ გამაგონოთ, უფროსი რომ გეუბნებათ გეიგონეთო... (მწარედ მოხვედრია ჯორკო)
ტირილი თურმე მერე იწყებოდა.შენახული ცრემლები გამოადგა და თან როგორ...
ომი დაიწყო. ქმარი წაიყვანეს, ფეხმძიმედ დარჩა. საჭმელი ენატრებოდა. საკუჭნაოსგასაღებჩამოკიდული დედამთილი მხოლოს თავისი პატარა გოგონებისთვის იმეტებდა საჭმელს. მამამთილიც ვერაფერს ეუბნებოდა.
რვათვიანი გააჩინა, ადამი დაარქვა, ბავშვი იმ დღესვე წაიყვანა ,,გამჩენელმა,,.
ქმარი დაბრუნდა ომიდან. დაბრუნდა რა? ჩამოიყვანეს დაჭლექიანებული. მისი სულიც მალე მიიბარა უფალმა. დარჩა 18 წლის ქვრივი დედამთილ-მამამთილთან და მულებთან.
საჭმელი ისევ ჭირდა. ომიანობა იყო.
დედამთილი ჩაწვა. სახლში ორნი არიან_ბებია და დედამთილი, საკუჭნაოსგასაღებჩამოკიდებული.
უკანასკნელად ამოიხროტინა ქალმა, ამოაყოლა სული...
მოხსნა ბებიამ გასაღები, გააღო საკუჭნაო, აიღო ქოთნით მაწონი, მიაყოლა ცივი მჭადი. თვალებში სინათლე დაუბრუნდა. მიალაგ-მოალაგა სახლი.
გააღო ფანჯრები... ,,ტიტუუუუუუუ, ხალხო მიშველეთ დედამთილი მომიკტაო,, _შეიგდო თმაში ხელი.
შეყარა სოფელი.
მეზობლის ქალმა ტუჩებზე ცხვირსახოცი მოუსვა ,, ტირილში პამადა რაფერ წეისვიო,, , სუფთა იყო ცხვირსახოცი.
უბრალოდ ადამიანის ფერი დაბრუნებოდა.
ცოტა ხანი გავიდა. ღამით მამთილის ხმა გაიგონა ვიღაცას ესაუბრებოდა.
ადგა, შალი მოისხა, კართან მივიდა, მიაყურადა.
,,არაა დასაკარგი ქალი ჩემი რძალი, კაი ქალია, ჩემი ბიძაშვილის შვილზე გავათხოვოთო.
აღარ ახსოვდა როდის გავიდა გარეთ, სოფელ-სოფელ-ტყე-ტყე გადავიდა თავის სოფელში იმ შუაღამისას.
შემოუთვალეს ოქროულობა ნათხოვარი იყო და დააბრუნოსო.
ოქროულობა ქმრის სახლში ჰქონდა დამალული.
წავიდა მამასთან ერთად ,,გურზავოი მანქანით,, , ოქროულობა უბეში ჩაიყარა, ნამზითვი მანქანაზე შემოაწყო და დაბრუნდა მამისეულ სახლში.
ოცდაერთი წლის იყო ქობულეთელ კაი გვარისშვილის გარიგება რომ დაუწყეს. ასეთი ოჯახიო, ისეთიო, მარაო ცოლგაშორებულია და ორი შვილი ჰყავს სახლშიო.
ბებიას მამამ: ,, თანახმა ვარ, მარა არ ეგონონ შვილი გადასაგდები მყავს, წასაყვანად M1-ით თუ არ ამოაკითხავენ ,,გურზავოი,, მანქანით არ გავატანო.
ასე გათხოვდა კაცზე, რომელიც თვალით არ ენახა. სოფლის ასასვლელში სასაფლაოებთან მოჰკრა M1_ში მჯდომმა ბებიამ თვალი პირველად სატვირთო მანქანაში მჯდომ ბაბუას. დასაწუნი არცერთს არაფერი ჰქონდა, მაგრამ წარსული ცხოვრების დარდით სავსე გუდა ჰქონდა ორივეს ზურგზე მოკიდული.
სიყვარული? არა სიყვარული მათი საქმე აღარ იყო. ურთიერთპატივისცემაზე დააფუძნეს ოჯახი.

***
ბაბუაჩემი ომში პირველივე დღიდანვე წაიყვანეს. ცოლი და ქალ-ვაჟი ჰყავდა . ომში ბოლო დღემდე იბრძოდა,ოთხი წელიწადი , როცა დაბრუნდა ცოლი გათხოვილი ,შვილები ,,მოჩეჩებული,, და კერა გაცივებული დახვდა. ძალიან უყვარდა პირველი ცოლი , ხელისგულზე ატარებდა. ყველას უკვირდა ასეთმა მკაცრმა კაცმა როგორ არ დახოცა ორივეო. არ ვიცი რა მიზეზი იყო, ალბათ ომმა სხვანაირად აჩვენა ცხოვრება. ვინ იცის... ან ისევ ძალიან უყვარდა ( როგორც ბებია ამბობდა)
ეს თემა ტაბუდადებული იყო ოჯახში.
შევიდა ბებია ,,დაქცეულ,, ოჯახში ,, ორი რკინის კრავოტი,, იყო მარტო და ,,ბაღნებს თბილი ტანსაცმელი არ ქონდათო,,
ოთხი და ხუთი წლისანი იყვნენ.
ლამაზები, ჭკვიანები. ბებიამ თავისი  შავი პალტო დაჭრა და  შეუკერა პალტოები.
დედინაცვალს დეიდას ეძახდნენ. სასამართლომ გოგო დედას არგუნა, ბიჭი_მამას.
ლადო და ბებია ერთად დაძვრებოდნენ ხეებზე, ერთად წუწაობდნენ. ერთად ნადირობდნენ გეკოს თოფით ჩიტებზე.
ერთხელ სიმინდი ჩაიტანა სახლის ქვევით, წისვილზე და ხედავს მორბის აქოშინებული ლადო, ხელებგაშლილი , თვალებაცრემლებული , მოხვია წელზე პაწაწინა ხელები და ...: ,,შენ ხარ დედაჩემი, მე შენ დეიდას აღარასდროს  დაგიძახებო,, . ბიჭმა დედის ნახვა აღარ ისურვა. აღარასოდეს...
ბებიამ ჩოლოქში ყანა დათესა, სახლთან სიმინდი, კარტოფილი, მწვანილი, ბოსტნეული, თხილი მოიყვანა.ცოლ-ქმარმა ახალი მანდარინის ბაღი გააშენა . ძროხა დააბეს და ქათამი მოაშენეს.
დადგა ფეხზე ოჯახი. გაივსო. გაძღა.
მძიმე ტვირთისგან პირველი ბავშვი ,,ერიცახე,, გაუჩნდა . სახლში იმშობიარა. მეორე დღესვე წყაროზე გავიდა, დარეცხა, დაალაგა. ოჯახს პატრონობა უნდოდა. სიცხეები დაეწყო, ფეხზემდგომმა გადაიტანა.ბაბუა მუშაობდა.ბავშვი მწვანეთვალება, თეთრი გოგონა იყო, როგორც ბებია ამბობდა ,, გაჭყეპილ ინდაურს,, გავდა, გაუჩერებლად ტიროდა .
ლადოს ეცოდებოდა ბებია , ხელში წიგნი ეჭირა, ფეხზე ბაწრით იბამდა აკვანს და აქანებდა. ჩვევაში გადაეზარდა .ძილშიც აქანებდა ფეხს.6 წლისას უწიგნოდ ვეღარ დაინახავდით . ბაბუას ძალიან ბევრი წიგნი ჰქონდა. ყველაფერი გადაიკითხა. მოსიარულე ენციკლოპედია იყო. ინტელიგენტი, მორიდებული, კეთილი. გაიზარდა გოგონა ,,, გაჭყეპუილი ინდაურისა,, აღარაფერი ეცხო.
მეორე ვაჟი გაუჩნდა: თეთრი, მასსავით ცისფერთვალა, ,,ჩასაყლაპი,,_ როგორც ბებია ამბობდა .მთელი ბავშვობა ავადმყოფობდა, ჯარშიც ,,დაბრაკეს,,.
მერე ისევ ქალიშვილი, ისიც მწვანეთვალება და შავგრემანი.
უფროს გოგოს ბათუმში დაამთავრებინა ინსტიტუტი.
ლადო მოსკოვში გაგზავნა უნივერსიტეტში
_ ,, პირველად რომ დაბრუნდა მოსკოვიდან აი ჩემი გაბდღვიალებული ბაღანაი ძვალზე გადაკრული ტყავი იყო , თლათ გაახმეს იმ მოსასპობელმა რუსის ქალებმაო,, და თბილისში გადმოატანინა საბუთები.
მეორე ბიჭმა და გოგომ რუსეთში დაამთავრეს იურიდიული და სამედიცინო.
წელზე ფეხებს იდგამდა.
ჭიაყელასავით იწელებოდა, უშოვარს შოულობდა და შვილები ფეხზე დააყენა, დააოჯახა, ბადიშები მოესწრო.

***
ბაბუა ძალიან ავტორიტეტული ადამიანი იყო. მეზობლები ამბობდნენ ,გზაზე ,ამოსახვევში რომ გამოჩნდებოდა მისი მანქანა ,ჩვენ ჩვენ-ჩვენს ეზოებში ფეხზე ვდგებოდით , როცა ჩაივლიდა და მივესალმებოდით მერე ვაგრძელებდით ჩვენს საქმესო.
უდიდეს პატივს სცემდნენ ჩემს ცილინდრიან ბაბუას.
სახლში, ცალფეხა საკიდზე ნაირ-ნაირი ცილინდრები ეწყო, კარადის თავზე პარკში ჩაწყობილები ელაგა. შარვალ-კოსტუმი და პერანგი. პიჯაკზე_ მედლები. მელოტი, ლამაზი, თითქმის გადაპარსული თავი. სიკვდილამდე წელშიგამართული. სერიოზული.
ომში 3-ჯერ იყო დაჭრილი. ომში დაჭრა უფრო ადვილი იყო მისთვის ვიდრე ომდამთავრებულზე.
ქობულეთში მუშაობდა. ერთი ინტრიგანი გადაეკიდა. უწერდა და უწერდა.
სამსახურში კიბის თავზე იდგა ბაბუა, ინტრიგანი_კიბის ძირში.
_,,ცხოვრება კიბეა, ზოგი ადის და ზოგი ჩამოდისო,, _ასძახა
_,, კია ცხოვრება კიბე , მარა ერთი ამოდი , ორივე ფეხს მიგატეხავ და ისე გადაგიშვებ მაგ კიბეზეო.,,
გაჩერდა ინტრიგანი. აღარ გამოჩენილა.
9 მაისის შეკრებებზე დადიოდა სულ. მერე იყო ავარია... მერე სკლეროზი... მერე სახლიდან ჩაცმულ-დახურული მიდიოდა ომის ამხანაგებთან და ბებია გზიდან აბრუნებდა. ერთი კვირა იავადმყოფა...
სახლიდან სასფლაომდე ფეხით გავაცილეთ, მე წინ მივდიოდი. ხელში ბაბუას გადიდებული სურათი მეჭირა, ვეჩურჩულებოდი და ვტიროდი... ვეუბნებოდი, რომ ხშირად ვნახავდი და არ შეშინებოდა. 11 წლის ვიყავი.
მერე ჩემმა ცრემლებიანმა სურათმა სამუდამოდ დაიდო ბინა ბებიას ნამზითვს, კაკლის ხის კარადაზე. დიდხანს ემჩნეოდა ჩემი ცრემლები.მერე გაწმინდეს.
არასოდეს მეშინოდა მისი სურათის, რომელიც ყველა ჩავლა ჩამოვლაზე მიყურებდა და დანაპირებს მახსენებდა.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები