ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 მაისი, 2013


საააად, საით წასულან, საააად....

ეს არც კრიტიკაა და არც პუბლიცისტიკა... და პროზა და პოეზია რომ არ არის, ეს ხომ ცალსახად ჩანს!
მოკლედ, ვინაიდან არ ვიცოდი, რომელ ჟანრში უნდა დამედო, ისევ აქ განვათავსე.
ამ წერილის მიზანი – ქულების დაგროვება არ არის... ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გულისტკივილია!
გული მწყდება. რაღაც ხდება საიტზე.

ოდესღაც, 2008 წელს, როცა საიტი თავისი არსებობის სულ რამდენიმე თვეს ითვლიდა, იუზერების რაოდენობა 300–მდე იყო... ან იქნებ არც! მაგრამ საიტი მდიდარი იყო ძალიან კარგი ავტორებით!

300 იუზერში  50 კარგი ავტორი – ჩანდა კიდეც და მათი შემოქმედებაც ლამის ზეპირად იცოდნენ დანარჩენებმა.  13.000 იუზერში კი – ჩაიკარგა ის 50 კარგი ავტორი!

და თანაც, იმ მართლა კარგი ავტორებიდან ნახევარზე მეტმა ან სულ მიატოვა საიტი და ან წელიწადში ერთხელ თუ გამოჩნდებიან–ხოლმე, ახალი წლის მოსვლასავით!

ღმერთო, როგორ მაკლია საიტზე ჩემი ნუკრი ბერეთელი, ჩემი როი,  გიო საჯაია, ნიკა ჩერქეზიშვილი, გიო გაბაიძე,  აჩი, გენრი, სულხანი, გიო არაბული, ნეკერა, ია–ია, ნუციკო დეკანოზიშვილი, ნინი–ნიჩორტა, ზევსის დაქალი, მიხო მოსულიშვილი, ლუბა ელიაშვილი, ლიკა საჯაია, ჩემი ქაშიკა–დათა, ირინკა წიკლაური, სპილუკა, მარიამ წიკლაური, სანათა, რებეკა, პატარა აკაკი, იოჰან ხევსური, ანი – პატარა ბარტყი, ქარდა, პეტრე, ილტოსპირელი, პიკოლო – უცხო ჩიტი,,, ჩემი მამლუქი და ჩემი ლეიქი მომენატრა!
შეიძლება თავად მას გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ბაკურიც კი მომენატრა, მიუხედავად იმისა, სულ რომ მეჩხუბებოდა, "რა ამბავია ამდენი ტაშ–ფანდური და სახინკლეში სიარულიო?!"... აბა სხვა კი არაფერი გვქონდა გასაყოფი?! :)
მენატრება მათი ძარღვიანი ლექსები და ღრმა აზრის მქონე მოთხრობები...

ჰა–რა–ლეს მოთხრობები მომენატრა, უდიდესი სიბრძნითა და უსაზღვრო იუმორით გაჯერებული მოთხრობები! და მერე რა, თუ ხანდახან ფორუმზე შემოიხედება–ხოლმე?  აღარაფერს წერს და... ან წერს და აღარაფერს დებს... ჩემთვის ამას ერთი ფასი აქვს!  მე ვეღარაფერს ვკითხულობ კახასებს და... თავისთვის წერს მხოლოდ?

რომელი ერთი ჩამოვთვალო?! დარწმუნებული ვარ, ბევრი გამომრჩა კიდეც ამ ჩამონათვალში... მაპატიეთ, ხალხო!

ცრემლებამდე მენატრება ის დრო, როცა ყველა ერთად ვიყავით! გადატანითი მნიშვნელობით ერთად კი არა, მართლა ერთად! როგორც წესი, თვეში ერთხელ მაინც ვიკრიბებოდით და რომელიმე კაფეში ან სახინკლეში მივდიოდით... ან სულაც ექსკურსიას ვაწყობდით–ხოლმე...

რამდენი კარგი რამ კეთდებოდა აქ, ვიდრე იუზერთა  რაოდენობა 1.000–ც კი არ იყო და... როგორ აღარაფერი კეთდება ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ლამის 13.000 გავხდით!

=======================
ლ უ ბ ა ს      ვ ე რ ა ნ დ ა...

“როგორ მომენატრეთ ყველა,
გული უთქვენობით მტკივა....
ჩემთან ამოდითო”, - ლუბამ, -
“ჯერ ხომ არც თუ ისე ცივა?!
აგერ, ვერანდა მაქვს დიდი!...
მოკლედ, ამოდითო... გელით!.."

თბილისს მოვექეცით თავზე,
ანძას ვეხებოდით ხელით...

ნუკრი – ამზადებდა მაყალს...
რობერტს – მწვადის აცმა ანდეს...
ზოგი ხაჭაპურებს ჭრიდა,
ზოგი – ხახვს აჭრიდა მწვადებს...

ზოგი მიუცუცქდა არაყს,
ზოგიც – ჭიქა ვისკით თბება...
ლუბას მეგობრობის სუფრა 
სტუმრებს ვერანდაზე ხვდება!

შემდეგ - შემოდგომის წვიმამ
ყველა აგვახედა მაღლა...
ღმერთო, საოცრებას ვხედავთ
თუ ეს "მირაჟია" დაღლის?! -
ერთად ადიოდნენ ცისკენ
ადამიანი და ძაღლი.

===============

ე რ თ ა დ 

გულები გადაჯაჭვული,
გადახლართული სულები...
ხან – ლიტ.კაფეში ჩამსხდარნი,
ხან – მარტყოფს ამოსულები...

ხან – ნარიყალას სტუმრობენ,
ხან - მიჰყვებიან ქვაფენილს...
საკუთარ ლექსებს სტოვებენ
სარეცხის თოკზე გაფენილს...

ხან თმას და სახეს ირთავენ
შადრევნის მარგალიტებით...
სითბოს მჩუქნიან უსაზღვროს
ჩემი ღაბუა ჩიტები...

ამ სათაურებით  ("ლუბას ვერანდა"  და "ერთად"),  ბარე, 15 ლექსი დაიწერა იმ დღეებში!

=================
ახლა კი...  მხოლოდ ამ სიმღერის  ტექსტი ამოტივტივდა გონებაში:

საააად, საით წასულან, საააად,
დღენი ჩვენი სიყვარულისაააააააა...

არა და, მხოლოდ 5 წლისაა საიტი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები