ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2013


ბებია (მესამე ნაწილი)

***
ეზოში ქირიზა მსხალი იდგა, ღობის იქით_ფაშა მსხალი.
ეზოში შავი ბალი .ღობის იქით თეთრი.
ეზოში შავი ლეღვი. იქით შავებიც და თეთრებიც. ერთი ძირი ორმოსავალა თეთრი ლეღვი
ეზოში ბაბუას დარგული ორი უზარმაზარი კარალიოკი . ეზოს გარეთ ასი ძირი მამაჩემის დარგული ყველანაირი ჯიშის ხურმა.
ქლიავი. ტყემალი:წითელი, ყვითელი.
ფეიხოა.მუშმულა.ზღმარტლი.
მანდარინის ბაღი. მანდარინის ძირებში ჩაყოლებული შავი და წითელი მოცხარი, ყუთებით რომ იკრიფებოდა და მთელ სანათესაოს ურიგდებოდა.
სამმოსავალა მარწყვი (ოქტომბერში  მიმქონდა სკოლაში და ყველას ვაოცებდი)
უეკლო ჟოლო და მაყვალი. ლოყაწითელა და თეთრი ატმები.
ბაბუას მამის დარგული უზარმაზარი წაბლი, მის ძირში გავლისას ბურჯგლებს რომ გადმოგაყრიდა .
ორი უზარმაზარი ქართული კაკალი . რეკავდნენ და გოდრებით მოჰქონდათ სახლში. კერკეტა კაკლები _ოხრად. თხილი ოჯახის სამყოფი.
დემირა ვაშლები, ძველი, დაგრეხილ-დაკოჟრილი .,,ჟარონაზე,, აწყობდა ბებია , დაშაქრავდა, შეწვავდა.
,,მარკოვი,, მსხლები ,ტონობით რომ  ჰყიდდნენ ადრე.
მამაჩემის გაშენებული კივი ტონამდე რომ ისხამს და კივისგან გადაშენებული ლიმონის ,,პლანტაცია,,.
მიწის ვაშლი _მზესუმზირასნაირი ყვავილებით. შინდი. მჟავე, მჟავე შინდი. წყავი.
ყურძენი: ადესა, ჩხავერი, ნესტეროვა როზა...
ტყისპირა ძველი წისქვილი და პატარა ჩანჩქერი.
ღელე_საზღვარი მეზობლებისგან.
ჩემი მოსისხლე მტრები_ფუტკრები.
ბოსტნეულ-ბაღჩეულს აღარ მივყვები. ყველაფერი რასაც ბათუმის ბაზარში ნახავდით. ... და ვერ ნახავდით ყვითელი პომიდვრები , ეკლიანი კიტრები...
ყველაფერი ბებიას ოჯახის სამყოფი. ბებიას ოჯახი _მისგან გათხოვილ გარიგებულების ოჯახიცაა.
ორივე აივნიდან და ყველა საძინებლიდან ზღვა და ქობულეთი ჩანს.

ზაფხულში მსხალთეთრა მწიფდებოდა. სახლის უკან იყო დარგული . ორივე სართულის აივანზე ჰქონდა შემოყოფილი მსხლით დატვირთული ტოტები. ქვაბში მსხლის სქელ, დაშაქრულ წვენს აკეთებდა. გააცივებდა. ცივ რძეში ურევდა მსხლის წვენს და ჩაის ნაყენს. უგემრიელესი კოქტეილი გამოდიოდა.

***
მახსოვს...
ერთ დილით რომ ავდექი იჯდა და ტიროდა.
_რა ხდება ბებია-მეთქი
_ ასიე მოკტა ჩემი მაზლისცოლიო?
_ამ დილიანად ვინ მოგიტანა ამბავი-მეთქი?
_სიზმარი ვნახე ასიე ყვავილებიან მინდორში გახარებული დადიოდა, იცინოდა და ყვავილებს კრეფდა. მოკტა ასიეო.
სიცილად არ მეყო.
ერთ საათში ამოვიდნენ ნათესავები ,,ასიე მოკვდაო,,

***
ყვებოდა ბებია როგორ გაათხოვა მეორე გოგო . მიაკითხა რამდენიმე დღეში და ჰკითხა დედამთილს
_სადაა ჩემი შვილიო?_
_ ლებები ქონდა გამოტანილი ბალკონზეო
_ევედი ბალკონზე და არ ძინავს გამოტანილ ლებზე იმ ოჯახის შემარცხვენელს? დედამთილი საქმობდა და ამ ჩემ გაზდილ გოგოს ბალკონზე არ ეძინა ლებზე წამოპრენჭილი? მარა მაგას თავიდან ეტყობოდა რაცხა ზარმაცი იყო, რომ ვეტყოდი შეხედე რაფერ ეხმარებიან დედამისს შენი ბიძაშვილები მეთქი მეტყოდა:,, რა კაია მაგფერი ბიძაიშვილები რომ მყავსო. მერე კი დადგა საფიცარი რძალი, რა არ ასდის ხელიდან, ერთი ნაჭერი ქალია. " _მერე შემომიტრიალდებოდა _,,შენ ხომ არ იზამ ნენი მაგფერებსო?,, _არა რაფერ ვიზამ მეთქი, ვამშვიდებდი.
***
გვარიგებდა :
_ნენი ზიარი არ უნდა გინდოდეს არაფერი დუნიაზე. არც დის .არც ძმის. არავისი.
_რა უჭირს ბებია?
_რა უჭირს და რომ გეუბნები ასეა. მაღლაების გარაჟში მანდარინაის დიდი სასწორი რომაა ხომ იცი?
_ვიცი ბებია
_ბაბუაშენის ნაყიდია იგი. ხან ეიტანეს, ხან ჩამევიტანეთ, ზიარი იყოსო .მე მჭიროდა ვერ ვეუბნებოდი, ვხედავდი მათაც ჭიროდათ და ბაბუაშენმა აჩუქა. მიხთი?
_მივხთი ბებია, მარა ჩვენ რომ არ გვაქ სასწორი და იგენს აქვთ?
_ მერე როცხა მჭირია ვნათხოვროფ, მარა ზიარი არაა. იგენისაა. მიხთი?
_მივხთი ( მთლად ვერ ვხვდებიდი, მაგრამ ცხოვრებამ მაჩვენა რომ მართალი ყოფილა ბებიას ალოგიკური ლოგიკა)

***
ყვებოდა:
-სიკტილი ყველაზე ძნელი რამეა დუნიაზე.
დედა იჯდა ავათმყოფ შვილთან. მოვიდა მიქელგაბრიელი . აძრობს შვილს სულს. არაო დედა შეეხვეწა, მე ამაძრე სული, მაგას დაანებე თავიო. შეებრალა მიქელგაბრიელს და დუუწყო დედას სულის ამოხდა. დეიწყო დედამ ხროტინი და შვილისკენ გეიშვირა ხელი, მე არა იგი, იგი წეიყვანეო.
ამფერია ნენი სიკტილიო.

***
ყვებოდა მისი დაქალი ულბიეს ამბავს სუფრაზე გვერდით მჯდომს თავი ჩამოადო. ჩაეძინა ეგონათ და თურმე მომკვდარიყოო. ისეთ სიკვდილს ნატრობდა.
სულ იხვეწებოდა ,,სანამ შემიძლია და ჩემს ჭკვაზე ვარ წამიყვანე გამჩენელოო,,.
ერთ დღეს მირეკავს:
იცი ნენი, წუხელ მიქელგაბრიელმა მომაკითხა. მივყავდი. ვუთხარი :_ჯერ არა, მერე მოდიო. მწარე ყოფილა ნენი სული,,-ო

***
ყვებოდა მეზობელი დედაბრის ამბავს რძლის მოყვანის მეორე დღიდან საწოლში რომ ჩაწვა, ამოიდო მუთაქები, დაიჭირა გარმონი ,, ჭყივ-ჭყივ, აჭყავლებდა გარმონს და მღეროდა ,,დერდის მუზიკა მაქ ნენიი, დერდის მუზიკა მაქ ნენიო,,



***
დაუძლურდა. ქალაქში მაინც არ წამოვიდა. მომვლელი ქალი ავუყვანეთ. შვილები, შვილიშვილები, დები რიგრიგობით რჩებოდნენ. ,,ზალაში,, იყო დივანზე ,,მიგორებული,,
სტუმარი რომ მოვიდოდა გამარჯობა არ იყო ნათქვამი, რომ ,,ჩქარა სუფრაო,,
ოჯახის წევრები ეუბნებოდნენ:
_,,მოიცადე 10 წუთი დავილაპარაკებთ და მერეო.
_,,კაი, იჯექით მაშინ თქვენ მაქ , მე გავაკეთებ ყველაფერსო,, და წამოიქაჩებოდა საწოლიდან. რის ამდგომი იყო. რის გამკეთებელი...
იძულებული იყვნენ სადილისთვის მზადება გაეჩაღებინათ.
ჩაიცინებდა თავისთვის. ჩუმად.

***
ჩემს დას ბავშვი რომ შეეძინა აუყვანა ბებიას , აჩვენა. ეფერა ბებია, ეხუტა და ჩემს დას ეუბნება:
_ნენი ახლა აი ბაღანაი ქვეყანას ხომ გირჩევნიაო?
_კი მირჩევნია ქვეყანას, მაგრამ  ჩემი ქმარი უფრო მიყვარსო
_ფუ შენ რა სექსუალი ქალი ყოფილხარ, გეიწიე, მომშორდი აქიდანო.

***
იმ წელიწადს გაიგო, რომ ბაბუას პირველი ცოლი მომაკვდავი იყო.
დატვირთა მანქანა. რაც ჰქონდა სახლში ყველაფერი ჩააწყო და გაუგზავნა.
_რა ქენი მაგიო? _ჰკითხეს
_მაგი ჩემი შვილების დედაა და მოსაკითხები გავუგზავნეო.

როცა ის ქალი გარდაიცვალა დარეკა: ,,ჰე ახლა, დეიწკაპეთ , ჩეიცვით-დეიხურეთ ლამაზათ და ტირილში წადით. გამოაჩინეთ ჩემი ბაღნები. კაი ბუკეტები გააკეთებიეთ და ისე მიდითო,,. არცერთი არ დავკლებივართ. ყველანი ვიყავით ტირილში. ტირილიდან ბებიასთან ავიარეთ. შეგვამოწმა ოჯახის შესაფერისად თუ ვიყავით გამოწყობილები. მოეწონა.


***
ბერძენი დაქალები ჰყავდა რიცა და მელი. სოფელში ბევრი ბერძენი ცხოვრობდა მუჰაჯირობის დროს გადმოსული.
საზღვარი რომ იკეტებოდა თურქეთში მცხოვრები ბერძნები აქეთ გადმოვიდნენ და აქაური მუსულმანების მიწაზე დასახლდნენ. აჭარელი და აფხაზი მუსულმანები კი თურქეთში წავიდნენ. სოფელში ბერძნების ეკლესია იყო, რომელიც კომუნისტების დროსაც ფუნქციონირებდა. ძალიან კარგი ხალხი იყვნენ ბერძნები. თბილი. კარგი სამეზობლო. ულამაზესად მოწყობილი ეზოები ჰქონდათ. ყვავილებით დაფარული. დამოუკიდებლობის შემდეგ წავიდნენ საბერძნეთში.
მახსოვს როგორ ეჭირა ბებიას საბერძნეთიდან რიცას გამოგზავნილი უკანასკნელი წერილი და დასტიროდა გარდაცვლილ მეგობარს.
მეგობარს კი არა, დას.

***
,,ბაბუაშენის მამამ ამოიჩემა სახლი იმფერ ადგილზე უნდა ავაშენო რომ ზღვას ვუყუროო. ჰოდა კი ამევიდა ამ სოფლის კატარში,,-ო  ამბობდა.  ორი ოჯახი ვიყავით ერთ ეზოში. ,,მაღლაები,, და ჩვენ_,,დაბლაები,,.    ორივე ოჯახი ადრე ბერძნებს ეკუთვნოდათ . შემდეგ , მუჰაჯირობისას თურქეთის საზღვარი რომ გახსნილა  ცოტა ხნით, გაყიდიათ და  ბაბუას მამას უყიდია. ბერძნების ერთი ოჯახი გადასულა საზღვარზე, მეორე რომ ჩასულა, დაკეტილი დახვედრია . დარჩა სახლ-კარი გაყიდული.  მობრუნებულა  უკან და მაღლაებისთვის მოუთხოვია სახლის დაბრუნება. ისინი არ დათანხმებულან. ბერძენს დაუწყევლია.
,,ორი ბიჭი მუუკტათ მაღლაებს აკვანში. მესამეც კტებოდა. მერე ერთი ბერძენი მოვიდა,, წეიყვანა  ჩვილი, მე გადავარჩენო. ჩუმად მონათლა ძველ საყდარში ქრისტიანულათ და  გადარჩა ,, 
ალბათ იმ ბერძნის წყევლაა ჩვენზე გადმოსული, რომ ბიჭები არ ყავს მამაშენსო_ამბობდა.
გული წყდებოდა მამაჩემს ბიჭი რომ არ ჰყავდა. ოთხი და ვართ. დაგვიჯდებოდა :
,, ნენი , ხომ ხედავთ მამაშენს ბიჭი არ ყავს, ორი ბიჭი თუ გეყოლებიან რომელიმეს ხომ მისცემთ მამათქვენის გვარს ერთ-ერთსო?,, ჩემი და მაშინვე უარს ეტყოდა. მე თავს ვუქნევდი. ჩემს ორივე ქალიშვილს მოესწრო.ჩვენი ბავშვების სურათები პატარა ჩარჩოებში ელაგა თავთან და კოცნიდა. ლადოს სურათი ედო კიდევ და თვალცრემლიანი ესაუბრებოდა.
_,,ეივახ, ეივახ, იმ დღიების ჭირიმეო,, _ამოიოხრებდა ხშირად

***
მამაჩემი თბილისში დადიოდა სულ. ბებიასაც არ ელეოდა სადარდებელი, რამე არ მოუვიდესო.  მახსოვს ვიღაც გადავარდა  რიკოთთან და გარდაიცვალა. იმის შემდეგ ურეკავდა მამას ტელეფონზე გზაში რომ იყო:
_ნენი გეიარე ის ადგილიო?
_კი დედა
_კაი და ...ამევისუნთქავ ახლაო. ( ვითომ მეტი ადგილი არ იყო გადასავარდნი გზაში)
თუ მამა თბილისში არ აპირებდა წასვლას , სოფელში რომ ავიდოდით ჰკითხავდა:
_რას შობი მიდიხარ?
_არა დედა
_მაშინ რაცხა სადარდებელი დამიტიე ,მთელი კვირა რომ მეყოსო. (იცოდა ყველა ვუფრთხილდებოდით და ცუდ ამბებს არ ვეუბნებოდით).

***
ძალაუნებურად ისევ საჭმელებს ვუბრუნდები.
ნაყინს აკეთებდა უგემრიელესს.
აჩმა? _დნებოდა პირში
ბაქლავა და ბურმე? _ქობულეთურს მოკითხვაც არ სჭირდება
ხარჩოს _ თითებჩასაყოლებელს.
ქინძმარს _ ზღაპრულს.
ნიორჟავიან მწყერს _ ფანტასტიკურს.
,,შაფათა,,? ოოო ეს იყო ოჯახის კარონნი ბლუდა. ( მართალია მე არ მიყვარს და რეცეპტიც ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს რომ ვთქვა ჩამქოლავენ. )
ერთ მშვენიერ დღეს იფიქრა ბებიამ იფიქრა , მოკრიფა ყველანაირი მწვანილი, რაც მის ბაღჩაში არსებობდა:მაკიდო , ქინძი, პრასი, მწვანე ხახვი, კამა, პიტნა. დაჭრა, აურია კვერცხში. დადო ჟარონაზე . დააწყო ზევიდან მთელ-მთელი ტყემლები და შეაგდო დუხოვკაში. აქეთ სქელკანიანი ჭადი გამოაცხო და მიართვა ჯალაბობას.
შეიშალა და გადეირია ყველა.
_დედი ამას რა ქვიაო?
_ამასო? ,,შაფათა,, ქვიაო (შაბათი იყო)

***

***
ბებია თან მუსულმანობდა , თან ხახვს ფცქვნიდა სააღდგომოდ კვერცხის შესაღებად.
ჯეჯილსაც გვათესინებდა.
მჭადზე ჯვარსაც ასვამდა.
ბერძენი დაქალის_მელის თონეში გამომცხვარ უგემრიელეს პასკებსაც სიამოვნებით მიირთმევდა.
ბებიას ჩუმად ,, გაგიაურდენ,, (მოინათლენ) შვილიშვილები. მერე შვილებიც მიყვნენ. იცოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. იცოდა ჰაერში გამოკიდებული კაცი ცოდვა იყო. მისი რელიგია შვილებისთვის არასოდეს უსწავლებია და მათ რას მოსთხოვდა.
ხშირად ვდაობდით. იცოდა ბებიამ რომ მისი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ აღიარებდა? არასოდეს. პატარა ბავშვის ან ახალი სახლის სანახავად რომ მივიდოდა ,,ჯვარი სწერიაო,, ამბობდა.
_,, ჩემი დედაიც, ბებიაიც და იმის ბებიაიც მაგას ამბობდენ და იმიზა ვამბობ მეცო,,


_,,ღორის ხორცი არ დამანახოთ სახში შემოტანილიო,, _ მის სიცოცხლეში ვინ გაბედავდა
_,,სიკტილის მერეც არ დამანახოთ , სასაფლაოებიდან გხედავთ პირდაპირ, ხომ იცითო?,,
ძირს დამხობილი და ნალოცი არ დამინახავს.
ხალვას აკეთებდა ბაირამზე . აკეთებდა როცა ვინმე გარდაცვლილი ესიზმრებოდა.
როცა დაუძლურდა , მეზობლის ქალს არაბული ლოცვა დააწერინა ქართული ასოებით.
მეზობელმა არაბული არ იცოდა და რა ეწერა იმ ფურცელზე ვინ იცის.
საწოლში კითხულობდა იმ ლოცვას.
გამჩენელმა იცოდა რასაც სთხოვდა ბებია და რა მნიშვნელობა ჰქონდა ფურცელზე წარწერებს ...

( გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები