ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2013


მამულო ფიქრის ერთაო



-----------------------------------

აღარც წინაპრის კალამი
აღარც წინაპრის ხმალია
აღარსად ბერი ლუხუმი
აღარსად მისი ძმანია
პური არ მზისა გემოთი
გაუცინარი წყალია
დავიწყებული ხატები
(მიუსაფრობა ლანდების)
გამკრთალებული კვალია
ღალატის ელვადაკრული
ჩამოგდებული კარია
გაღმა-გამოღმა დარდები
მონატრებული დარია
დაღონებული გუთანი
ბალახიანი ბანია
გადედლებული კაცი და
გამამლებული ქალია
ცხვრისტყავიანი მგლისაგან
ყელგამოჭრილი ხარია
არწივთა შთამომავალი
ბეღურასავით მფრთხალია
ყანაში გალაღებული
ღრიანკალი და კალია
ნაფუძარების ტკივილით
გაოგნებული მთანია
მზერა გზას მიჩერებული
ქვითინით ქსოვა-რთვანია
უსიხარულო საფლავზე
დახავსებული ჯვარია
მტერთან ვერტარიელობა
სიტყვა ავი და მცდარია
ლხინს მიცემული ცოცხალი
ძილგატეხილი მკვდარია.

მამულო ფიქრის ერთაო
მარადიულო სევდაო
შენი ბროლი და ლალია
ქვიშაში მიმობნეულა
ოთხივე მხრიდან შარია
ჩამოშლილია შირიმი
წყაროს ბილიკი მშრალია
კოშკებში შიში შრიალებს
ჩარხი უკუღმა ტრიალებს
დადუმებულა ზარია
მომრავლებულა საცდური
ნატყვიარი და ბზარია
ნაპირებს აღარ მფარველობს
ზეცის ნათლული-ქარია
ვარსკვლავებს ასტკივებია
შენი ცოდვა და ბრალია
ესაა ჩვენი წუხილი
(გულებს გაკრული ბრჭყალია)_
აღარც წინაპრის კალამი
აღარც წინაპრის ხმალია
აღარსად ბერი ლუხუმი
აღარსად მისი ძმანია…

ბედნიერების მწვერვალი
შორი და მიუვალია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები