ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აზგო
ჟანრი: პროზა
31 მაისი, 2013


თანამშრომლობა

        თანამშრომლობა
ვიდეო, აუდიო და ქიმიური ინფორმაციის მასივი სადენებში ჩაიტვირთა და წამში სამასი კილომეტრის სიჩქარით მთავარ კომპიუტერს გადაეცა. მის უზომო მეხსიერებში მრავალი პროგრამა ინახება, მაგრამ ამჯერად სიგნალი არა რომელიღაც ყოველდღიური დავალების შესრულებას ეხება, არამედ სამყაროში ყველაფრისთვის აზრის მიმცემ ფუძე თარგს უნდა შეედაროს.
ამ თარგის სრულყოფას ძალიან ბევრი დააგვიანდა - ზოგიერთი მზე არ ანათებს მაგდენ ხანს! ჯერ ესო, მერე ისო, მერე რა საჭიროა ამდენი ქვეპროგრამა, რომელსაც აღარავინ იყენებსო? მოკლედ, იმ დღიდან მოყოლებული, როცა ამ განაწესის პირველი ბწკარი დაიწერა და იქამდე, სანამ უახლესი, ყველაზე თანამედროვე ვარიანტი შეჯერდებოდა, იმდენმა დრომ განვლო, რომ ისიც კი, ვისაც მთავარ პროგრამისტად მოიაზრებენ, ვეღარაფერს უგებდა თავის ნახელავს.
ამ  უკანასკნელი ვარიანტის საბოლოობაც არავის სჯერა დიდად,  მაგრამ რა გზაა,  პროგრამის გარეშე ვერ  აიწყობა მოძრავი  ავტომატი-ფაბრიკები.  ხოლო მათი დამზადება აუცილებელია რადგან მარტო ამ აპარატებს შეუძლიათ თავისნაირების აშენება, მეტი არავის.
აქედან გამომდინარე თუ ახლები არ აიწყო, პროცესი შეწყდება და ეს შესანიშნავი მანქანებიც სამარადისოდ გაქრებიან, იმიტომ რომ მათ ქმედითუნარიანობის შეზღუდული ვადები აქვთ.
ყოველ შემთხვევაში ასეთია ფუძე განაწესის უმთავრესი მოწოდება-ბრძანება: უნდა შეიქმნას ახალი ფაბრიკა-ავტომატები!
თუმცა განაწესი რატომღაც არაფერს ამბობს იმის თაობაზე, საერთოდ რა საჭიროა ეს მექანიზმები, ან ვის რა მოაკლდებოდა მათი გაქრობით? ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი თავიანთ გარდა, სხვას არავის არაფერში სჭირდება.
ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ავტომატი, ეს მანქანებიც ვერ იქმნება მარტო პროგრამით და ნახაზებით, მათ აშენებასაც ნედლეული ესაჭიროება, კერძოდ: ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი, ფოსფორი, გოგირდი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ბორი, ქლორი, კალიუმი, ვანადიუმი, მარგანეცი, რკინა, კობალტი, ნიკელი, სპილენძი, თითბერი, მოლიბდენი, ქრომი, სილიციუმი, იოდი, ფტორი და სელენი, ანუ ჯამში ოცდახუთი ქიმიური ელემენტი. ამათ გარდა კიდევ ოცდათხუთმეტი ელემენტი გამოიყენება მათი მუშაობისას, მაგრამ ეს უკანასკნელნი შეუმჩნეველი რაოდენობით.
მიუხედავად სამშენობლო მასალის ასეთი მრავალფეროვნებისა, შეღავათიც არსებობს. დამპროექტებლის უსაზღვრო სიბრძნეს მიაწერენ იმ გარემოებას, რომ ავტომატების შექმნისას პრაქტიკულად არ გამოიყენება ვერცხლი, ოქრო, პლატინა, პალადიუმი, ირიდიუმი და დანარჩენი ძვირადღირებული ლითონები. თორემ, ეჭვი გაჩნდა - ამ ელემენტებს რომ შეიცავდეს ეს მანქანები, მაშინ იქნება ახლები აეწყოთ კი არა და ძველები, ანუ ერთმანეთი დაეშალათ მაგ სიმდიდრეთა გამოო.
ანდა შეიძლება წარმოების თვითღირებულების შემცირების ამბავია: ვითომ რა საჭიროა ასეთი გაურკვეველი დანიშნულების მანქანისთვის ძვირფასი ლითონების ხარჯვაო?
ასევე კონსტრუქტორის სწორ ნაბიჯად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ამ მოძრავი ფაბრიკების დამზადებას არ ესაჭიროება ურანი, პოლონიუმი, სტრონციუმი, რადიუმი, თორიუმი და მსგავსი ნივთიერებების რადიოაქტიური იზოტოპები, თორემ ახალ საწარმოთა შექმნის პროცესში, რომელიც ითვალისწინებს ძველი ავტომატების უშუალო, ძალიან ახლო კონტაქტს,  აუცილებლად წარმოიშვებოდა კრიტიკული მასა და ყველაფერი, ახალი ფაბრიკის შექმნის ნაცვლად, ატომური აფეთქებით დამთავრდებოდა.
ყველამ იცის, რომ ვერც ერთი ქარხანა ვერ შექმის ვერაფერს თავიდან ბოლომდე. ნებისმიერ საწარმოს ესაჭიროება სხვა ფაბრიკაში დამზადებული ნაწილები.
მაგრამ ამ ავტომატების უნიკალურობა ისაა, რომ ახლის შესაქმნელად მათ არ სჭირდებათ სხვაგან გაკეთებული დეტალები, თუმცა მთლად მარტოც ვერ ქმნიან ახალ მანქანას, რადგან ყველა ასეთ ავტომატს ნახაზების მხოლოდ ნახევრი გააჩნია. მათ აუცილებლად სჭირდებათ თანამეწარმე - დოკუმენტაციის მეორე ნაწილი მფლობელი.
როგორც კი ავტომატები თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ, მაშინვე ერთი მათგანი, საკონტაქტო არხით, რომელშიც კონვეირის ლენტად სითხე გამოიყენება, თანამეწარმეს გადასცემს თავისი წილი ნახაზების შემცველ ამანათს.
ამ გზით მათ თავ-თავისი კონსტრუქციული უპირატესობები შეაქვთ  მომავალი აპარატის პროექტში. ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩანაფიქრი, მაგრამ სინამდვილეში რაც ხდება... არა, მთლად ასე ვერ იტყვი: „მტრისასო“, მაგრამ... ერთი სიტყვით, მიუხედავად ნახაზების გულდასმითი და წრფელი შეჯერებისა, სამწუხაროდ, შედეგი მაინც არ არის გარანტირებული.
მაღალხარისხიანი თანამეწარმის აღმოჩენაზე დაპროგრამებული მიმღებები მუდმივ ძიებაში არიან. ყოველი შემდეგი პოტენციურად გამოსადეგი პარტნიორის შენიშვნისთანავე ისინი დაუყოვნებლივ გადასცემენ მთავარ კომპიუტერს მის გამოსახულებას, რასაც მერე აუდიო და ქიმიურ მახასიათებლებსაც მიაყოლებენ ხოლმე.
კომპიუტერი იკვლევს მიღებულ ინფორმაციას და აწვდის მას ფუძე პროგრამას. ეს უკანასკნელი ადარებს ამ მონაცემებს თავისი საწარმოს ნახზებს და ადგენს, ღირს თუ არა ამ სავარაუდო თანამეწარმესთან ახალი საერთო ავტომატის შექმა.
როგორც კი ფუძე პროგრამა გადაწყვეტს, რომ პარტნიორი მისაღებიაო, მისი ბრძანების თანახმად დაუყოვნებლივ ამოქმედდება ქიმიური დეპარტამენტი და რეაქტორები მარაგდებიან აზოტით, ნახშირბადით, წყალბადით და გოგირდით.
ამ ოთხი მარტივი ელემენტის შერევთ მზადდება შედარებით უფრო რთული, თუმცა არც ისე,  რვა ქიმიური ნაერთი, რომლებსაც ამინომჟავებს ეძახიან: სისტეინი, ტაიროზინი, იზოლეიცინი, გლუტამინი, ასპარაგინი, პროლინი, ლეიცინი და გლიცინი.
ვიღაცამ შეიძლება იკითხოს:
- ერთიდაიგივე რამეებისგან თუ შედგება ყველა ეს მჟავა, მაშინ რატომ ჰქვიათ ამდენი სახელიო?
საქმე იმაშია, რომ თვითონ ეს აპარატებიც ასე არიან: ერთნაირი შედგენილობა აქვთ, მაგრამ სახელწოდება რატომღაც ყველას თავისი აქვს.
ავტომატების არ იყოს, ის ქიმიური რეაქტორებიც, სადაც ეს მჟავები იქმნება, არ არიან მუდმივნი. უფრო მეტიც: ისინი საკუთრივ ავტომატზე ნაკლები დროის განმავლობაში მოქმედებენ. სამაგიეროდ ერთი კარგი თვისებაც გააჩნიათ: მათ შექმნას არ სჭირდება სხვა საწარმოსთან კავშირი - ისინი თვითონვე ამზადებენ საკუთარ ასლებს, მერე ასლების ასლებს, მერე ამათ ასლებს  და ასე შემდეგ, სანამ კიდეები არ შემოეცვითებათ.
ეს კიდეები  ისეთივე რამეა, რაც ტექსტიანი ქაღალდის ფურცლისთვის მინდორი. და როგორც ქსეროქსის აპარატში უყურადღებოდ  ჩადებული  ფურცლის არამარტო ველი, არამედ თვითონ ტექსტიც შეიძლება ასლის შემქმნელი ზონის გარეთ აღმოჩნდეს და არ დაქსეროქსდეს, ისევე ამ რეაქტორების ზოგიერთი ნაწილი რჩება უასლოდ.
ნაწილობრივი ასლი კი ვეღარ მუშაობს და  როცა ამნაირი უმოქმედო რეაქტორების რიცხვი ძალიან იზრდება, მთლიანად ავტომატი ითიშება და სამუდამოდ ჩერდება. ამიტომაცაა მისი მოქმედების ვადა შეზღუდული.
ხოლო გამართულ და საათივით მოწიკწიკე რეაქტორში ერთმანეთთან მიერთებულ რვა მჟავას ბოლოს დაემატება კიდევ ერთი აზოტ- წყალბადის გაერთიანება და მიიღება საბოლოო, საკმარისადაც რთული  პროდუქტი - სახელწოდებით ოქსიტოცინი.
რეაქტორში ამ ნივთიერების შეზავებას და ერთმანეთთან ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს ისევ ნახშირბად-წყლბად-აზოტ-ჟანგბად-ფოსფორისაგან აწყობილ მობილურ აკუმულატორთა ენერგია. რეაქტორები გასაოცრი სიჩქარით მოქმედებენ. ყოველი ახალი ერთეული ოქსიტოცინი რომ თითო პურს შესაბამებოდეს, მაშინ ერთ წამში გამომცხვარი პურები საქართველოს იმდენ ხანს ეყოფოდა, რამდენმაც ამერიკის აღმოჩენიდან დღემდე განვლო.
ამ სიჩქარის გამოა რომ რეაქტორთა ასლები თანდათან უფრი და უფრო უარესია, მაგრამ რა იზამ? ამ ქიმიური რეაქციის შენელება ისევე არ შეიძლება, როგორც აფეთქება დაწყებული დინამიტის დაწყნარება.
მოქმედ საწარმოში ოქსიტოცინი ასრულებს უტილიტის, ანუ პროგრამის, რომელსაც რაღაც განსაზღვრული დავალების შესრულება აკისრია, როლს.
ოქსიტოცინი უკიდურესად მნიშვნელოვანია. იგი ერთ ავტომატს აიძულებს მეორსთან დაამყაროს კონტაქტი ანუ დაითანხმოს თანამშრომლობაზე.  და მერე, როცა შედეგად ახალი მანქანა წარმოიქმნება, უზრუნველყოს ამ უკანასკნელის ენერგეტიკული და პროგრამული მომარაგება იქამდე, სანამ ეს ახალი თავადვე არ გახდება სრულიად ავტონომიური. თუ გახდა საერთოდ.
და როგორც ჩვეულებრივ კომპიუტერში ხდება უტილიტების ინსტალაცია ანუ ჩაყენება, ისევე ახლად შექმნილი ოქსიტოცინიც, ინფრასტრუქტურული ქსელის მეშვეობით თავსდება ავტომატის მთავარ კომპიუტერში.
მაგრამ ჩვეულებრივი უტილიტასგან განსხვავებით, რომელიც თავისით არასდროს მოქმედებს და საგანგებო ბრძანებას ანუ გააქტიურებას ელის,  ოქსიტოცინი არავის ბრძანებას არ ელოდება და ინსტალაციის პირველი წამიდან თვითონვე აქტიურდება. უფრო მეტიც, მთლიანად იმორჩილებს მთავარ კომპიუტერს.
ამ უტილიტის შედგენის სისწრაფე სხვადასხვა საწარმოში სხვდასხვაა. ახალ ფაბრიკებში, რომელთა ფუძე პროგრამას ჯერ არ ჰქონია კონტაქტის დამყარების მცდელობები, არა აქვს იმის საშულება რომ კანდიდატის მახასიათებლები შეადაროს უკვე ნანახებს, ამიტომ პირველივე კანდიდატის აღმოჩენისთანავე იგი დაუყოვნებლივ და საწარმოს  მთლიანი რესურსების ძალისხმევით იწყებს მოქმედებას.
ამ დროს ძალიან ბევრი რესურსი იხარჯება და საწარმოს აღარა აქვს იმის საშუალება, რომ სხვა კანდიდატები დაინახოს  და  მათი თვისებების შესწავლა მოახერხოს. ავტომატი უბრალოდ ცდილობს  რაც შეიძლება სწრაფად დაამყაროს ახალი საწარმოს შექმნისათვის საჭირო კონტაქტი.
უკვე ნამუშევარი ავტომატების კომპიუტერები არ აძლევენ უტილიტას საწარმოს ყველა რესურსის მართვის უფლებას. ამიტომ მათ საშუალება აქვთ უფრო დიდხანს და გულდასმით გამოიკვლიონ მორიგი კანდიდატის თვისებები და ძალიანაც ხშირად, საკუთარ ნახაზებთან ბევრი შეუთავსებლობის გამო, იწუნებენ მას.
მაგრამ, რადგან ფაბრიკის არსებობის ვადა შეზღუდულია, კომპიუტერს  არ შეუძლია უსასრულოდ ელოდოს როდის გადავეყრები იდეალური პროექტის პატრონსო. ბოლოს და ბოლოს ეს გამოცდილი ავტომატებიც იძულებულნი არიან ხელი ჩაიქნიონ ზუსტად თარგის შესაბამის თანამეწარმის ძებნაზე და დაყაბულდნენ უბრალოდ მეტ-ნაკლებად გამოსადეგს.
მით უმეტეს, შემდგომში, თუ იღბალმა გაუმართლა და პროგრამა ნახაზის მართლა აბსოლუტურ შესატყვისობას გადაეყარა, ყოველთვის შეიძლება კიდევ ერთი საერთო საწარმოს შექმნა.
ნახაზიო, სახელად ქვია, თორემ სინამდვილეში ესაა ოთხნაირი თანმიმდევრობით შეერთებული აზოტისა და წყალბადის ატომები. მერე ამ ოთხი მარტივი ნაზავის გასაერთიანებლად ქვითკირად ნახშირბადს, ჟანგბადს და ფოსფორს იყენებენ.
შედეგად მიიღება მჟავა უშველებელი სახელით - დეზოქსირიბონუკლეინი, რომელიც განსაზღვრავს ავტომატის მომავალ ქმედითუნარიანობასა და შედეგიანობას.
და უწინ რომ იძახოდნენ, ავტომატის თავისუფალი ნებით ხდება მის თავს ყველაფერიო, ტყუილი გამოდგა - სინამდვილეში ყველაფერს თურმე ამ ხუთი იაფფასიანი და თავზესაყრელი რაოდენობა ნივთიერების იმ დიდ მჟავაში ჩალაგების თანმიმდევრობა საზღვრავს!
მოკლედ, თანმიმდევრობა ყოფილა რაც ყოფილა! მაგიტომაა ეს ავტომატები მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოცდათექვსმეტი პროცენტით ჟანგბადისგან, ნახშირბადისგან, წყალბადისგან და აზოტისგან, ანუ გაზებისაგან შედგებიან, მათი დანახვისას ვერაფრით იფიქრებ: ამათ გაზთან რამე კავშირი აქვთო!
კონტაქტის დასაწყისში კომპიუტერი მკვეთრად ზრდის საწარმოს ენერგეტიკული გენერატორის წარმადობას და მიმღებ-ანალიზატორების მგრძნობიარობას. საერთოდ ფაბრიკის ყველა დეპარტამენტი გადადის საგანგებო რეჟიმში. იმიტომ რომ ავტომატებს შორის პირველი კონტაქტის დამყარება ისევე რთულია, როგორ უცხოპლანეტელებთან დაკავშირების მცდელობა.
პროგრამა „სეთი“ეგერ უკვე  საუკუნის მესამედია გასძახის კოსმოსს : “ჰეი, ჩვენ აქა ვართო!“ - მაგრამ არამიწიერი მოაზროვნე არსებები მის რადიოშეძახილებს აინუნშიც არ აგდებენ.
სამი მიზეზია: ან ჩვენ ვერ ვაგონებთ, ან იმათ არ აინტერსებთ არაფერი და ან ისინი საერთოდაც არ არსებობენ. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.
გალაქტიკაში  ზარის გაშვება სამყაროს ყველაზე გავრცელებული ელემენტის, წყალბადის ატომის გამოსხივების სიხშირეზე ხდება, ანუ ჩვენი აზრით, ყველასათვის გასაგებ, უნივერსალურ ენაზე.
ეს გაზობრივი წინაპრების შთამომავალი ავტომატებიც ამ კანონს ითვალისწინებენ და ცდილობენ რაც შეიძლება უფრო გასაგები და ყოველგვარი ორაზროვნების გამომრიცხავი უნივერსალური სიგნალი გაუგზავნონ თანამშრომლობის კანდიდატს. ისე რომ ამ უკანასკნელმა არა მარტო კარგად გაიგოს შეთავაზებული თანამეწარმეობა, არამედ ნათლად დაადგინოს: მას მაღალხარისხინი, ნატიფი ნახაზების პატრონი უკეთებს წინადადებას.
კავშირის დამყარების ძირითადი საშუალებაა აუდიოსისტემა. დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ ვიდეო და ქიმიური მიმღებ-გადამცემები.
ჯერ მყარდება გამჭოლი ვიდეოკონტაქტი მომავალი პარტნიორის ტელემიმღებებთან, მერე სწორდება აუდიოსისტემის სიხშირე და მოდულაცია, ანუ შეირჩევა საჭირო ტემბრი.
თანამშროლობის გაფორმება იწყება კანდიდატი ავტომატის სახელწოდების გახმოვანებით. შემდეგ მოდის უნივერსალური აუდიო კოდის პირველი ფარზა: „მე შენ მიყვარხარ“, რასაც მოჰყვება დანარჩენი აუდიოფრაზები, რომლებსაც მთავარი კომპიუტერი შემთხვევითობის წესით ირჩევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები