ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2013


ბებია (დასასრული)

გვიყვებოდა:
_,, არსებობს დრო, როცა ცა იხსნება ნენი და იმ წამში რასაც სთხოვ გამჩენელს, იმას შეგისრულებს, მარა იმ ერთ წამში უნდა მოასწრო თქმა.ერთმა კაცმა იცოდა რომ იმ ღამეს ცის კარი იხსნებოდა და თქვა: ერთი გუდა ოქრო მინდაო. და იცი რა მოხთა? ოქრო იმ ერთ წამში არ ჩეეტია და ცარიელი გუდა დეეცა თავზე,,
ბებიას სიტყვებში ეჭვი როგორ შემეპარებოდა. სოფელში ვცხოვრობდი. გავიდოდი ეზოში შებნელებულზე ვუყურებდი ვარსკვლავებიან ცას და ჩემს სურვილებს ზეცას ვუმხელდი. თავზე არაფერი დამცემია. ოცნება კი ვისწავლე .

***
მაისის წვიმაში დავრბოდით თმაგაშლილები _  ,,ლამაზი თმა გექნებათო,,
,,უარესზე, უარესი არ დეილევა. ღმერთმა ყველას აშოროსო,,  .
,,მთავარია სულზე მშვიდობა იყოს და დანარჩენს, ყველაფერს ეშველებაო,,
,,ბარესამს მინატრებთო,, _ როცა გვიბრაზდებოდა ( ბევრჯერ მინატრებთო)
***
გვიყვებოდა:
,,მეფე-დედოფალმა ერთი ციგნის ბაღანა იშვილეს, გამოზარდეს პრინცესა, მარა რათ გინდა, ჩამეიარეს  ერთ დღეს  ციგნებმა. ეძება მეფე-დედოფალმა  შვილი და ვეღარ ნახეს, თურმე მისიანებს წაყოლია.  ასეა ნენი, სისხლი თავისას  იზამს.  უგვარო, მისებურს გამოურევს მაინცო. ,,



**
ხბო გამოუზარდა დედაჩემმა. წლინახევრის შემდეგ ფეხზე დადგა. ძროხას,ისევ ლამაზას ,ვეღარ მიხედა. არ შეეძლო. გაყიდა. ყელზებაწარმობმული ლამაზა ახალ პატრონს მიჰყვებოდა . თავმოტრიალებული ბებიას თვალებში უყურებდა და ტიროდა. ბებიაც ტიროდა. მეც ვტიროდი და დედაჩემიც.

მამას სამსახურის გამო ბათუმში გადმოვედით. ბებია არ წამოვიდა. ,,ჩემს თავნაკლავ ოჯახს რაფერ მივატიებო,, კვირაში ორჯერ ავდიოდით დატვირთულები. სამ-ოთხ დღეში სახლში აღარაფერი ჰქონდა. მთელ სოფელს ამარაგებდა. ერთი ქალი მივიდა მეზობელი სოფლიდან .ფული სთხოვა. მისცა. კიდევ მივიდა.კიდევ სთხოვა. კიდევ მისცა. კიდევ მივიდა
_ ,, ჟეშტი ევიფარე პირზე (სირცხვილს ვძლიე) და კიდევ მოვედი ფულისთვისო ,
_,, სანამ დაგაჭედე მაი ჯეშტი გამასწარი მაქიდანო. ,, იმის შემდეგ ის ქალი აღარ გამოჩენილა.


ახალი რეკლამა რომ გავიდოდა ტელევიზორში, ვიცოდით, სოფლიდან ბებიას ზარი მოყვებოდა: "რაცხა იმფერი გემრიელი ჩანს ის რაფაელაი, ამომიტანეთ ნენი იქით ამოსლაზეო,, .

ისე იყო ორად ,,მოკაკვული,, რომ გაზონის გასამარგლად დახრა აღარ სჭირდებოდა. მაინც ფაციფუცობდა, არ ჩერდებოდა. ყველა ასვლაზე რაღაც ხომ უნდა გამოეტანებინა შვილიშვილებისთვის?

სასაფლაოს ქვაზე ჩემი სურათი არ დაახატოთ.სამი ცალი მიხაკი მინდა მეო, მეუბნებოდა. აგენი არ შემისრულებენ და შენ უთხარიო.
***
ბებიას ,,თავსელამეთა,, ხალხი არ უყვარდა. თავსელამეთას_ თავდაზოგილს ეძახდა. ნახევარ ადამიანებს არ აფასებდა.

სიცილი? _სიცილი ცრემლებამდე!
ტირილი?_ტირილს ქვა, მიწა და ბალახი უნდა აეტირებინა!
ოჯახი?_შედუღებული,თითით საჩვენებელი და სანიმუშო!
შრომა?_შრომა ვირივით!
თამაში?_თამაში მოგებამდე!
ბრძოლა?_ბრძოლა ბოლომდე!

***
,,კოდმიდან ,, მეზობელი გადმოდგა და დაიძახა.
ბებია სამზარეულოდან გავიდა , წინსაფარზე ხელები შეიმშრალა და გარეთ გასასვლელ კარში გაეხირა.
ღიმილი გადაიფინა სახეზე :
_,,მობრძანდიო,,
_,, ,,ბეჩლამაზა,, ლობიოს თესლი მინდაო
_,, დედა ეს რა დემემართა , გუშინ დავთესე ზუსტად,,-ო
ამ დროს მე გავყავი მისი ფეხებიდან თავი. 5-6 წლის ვიქნებოდი.
_,,ბებია იგერ არ გაქ საკუჭნაოში ლობიოს თესლი-მეთქი?,, ღიმილი არ მოუშორებია სახიდან ისე მიმასრისა კარის კუთხეში.
_,,მართლა დარჩა? ერთი ვნახო. სად ნახე ? მაჩვენეო ,, _და საკუჭნაოსკენ მიბრუნდა. მე გავქრი.
_,, ახლა გავატან ამ თესლს და ხელს გადაყვება, გამოწყდება ჩემთან ბეჩლამაზა ლობიო და სულ ამ ენაჭარტალას
გულიზაო,, _მესმოდა მისი გაბრაზებული ხმა.
გაატანა. მაგრამ ,,ხელს არ გადაყოლია,, ბებიას უგემრიელესი ბეჩლამაზა ლობიო.
მე იმ დღის სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ სამუდამოდ დავიმახსოვრე :უფროსების საუბარში ცხვირი არ უნდა ჩაყო. არა, ცხვირი კი არა_ენა.



******
საქართველოში არ ვიყავი.
ვიცოდი ბებია ცუდად იყო, მაგრამ დაწვრილებით არ ვკითხულობდი მის ამბავს.
არ მინდოდა ეთქვათ როგორ ტკიოდა...
არ მინდოდა ეთქვათ როგორ ერეოდა სახელები...
არ მინდოდა ეთქვათ როგორ ცდილობდა სადღაც წასვლას, საწოლიდან კი ვეღარ დგებოდა... ეს სადღაც, სადაც ბებია წასვლას ლამობდა ჩვენს სამყაროს არ ეკუთვნოდა.
მე სხვანაირი ბებია მახსოვდა ...


***
იმ საღამოს შემაცივა. ცრემლები მომაწვა.
ყელში ბურთი გამეჭედა.
მხოლოდ ,,ბებო მოკვდა,, ,,ბებო მოკვდა,, -მეთქი ვიმეორებდი. დილამდე ვიტირე.
დილით დამირეკეს .
ბებო აღარ იყო.
ჩემი ფუმფულა, ჩემი ღუნღულა, ჩემი მუდამ თბილი და ტკბილი, ჩემი მოფერიე ბებო აღარ იყო.
აღარ იყო ადამიანი, რომლის სიყვარულსიც წამით არ შემპარვია ეჭვი...
ძირს დაცემულს მაყენებდა...
ადამიანი, რომელიც გადატყავებულ მუხლებს მბანდა...
ქალი , რომელიც საწოლში ყველაზე საინტერესო, ლამაზ, უცნაურ ამბებს მიყვებოდა...
ჩემს ყველაზე უცნაურსახელიან დონდი ბებიას, აწე აღარასოდეს დაეღლებოდა  თვალები ,შაბათ-კვირას აივნიდან გზისკენ ცქერით ...
მისმა უდიდებულესობა ბედისწერამ ურთულესი სცენარი დაუწერა. მან უნაკლოდ ითამაშა ქალის მთავარი როლი...
ყველაზე მეტად რაც მტკიოდა: მე ვერ წავიდოდი ბებიასთან დასამშვიდობებლად.

ერთადერთი რაც ტელეფონში ვუთხარი :,, საფლავის ქვას სურათი არ დაახატოთ, ბებოს სამი ცალი მიხაკი უნდოდა,,
მიხაკი_ბებიას თაობის დაბადების, ქორწინების  და გარდაცვალების სიმბოლო.


***
ალბათ დიდხანს ჰქონდა გახელილი მარადისობაში მომზირალი თვალები, რომლებშიც ცრემლის გუბურა იდგა.
უკანასკნელად დახუჭულმა ქუთუთომ წაბიძგა ცრემლს.
ცრემლი თვალთან გაღარულ ღიმილის ნაოჭში ჩაიღვარა, იქედან გადავიდა მეორე ნაოჭზე,მერე მესამეზე...
მიგორავდა ცრემლი და კითხულობდა ნაოჭის ღარებში ჩაწერილ უთქმელ სიტყვებს, ლაღ მოგონებებს, აუხდენელ ოცნებებს, გათენებული ღამეების და დაბნელებულ დღეების ისტორიას... ნატვრებს, ოცნებებს, ბედნიერებას, უბედურებას, შიშს, ტირილს და სიცილს.
ბოლო, ყველაზე ღრმა, ტუჩთან ლოცვისგან გაჩენილ ღარში ჩაცურდა ცრემლი და წაიკითხა:
,,გამჩენელო! ახარე, ამრავლე, აბედნიერე ჩემი მოდგმა!,,
...და ცრემლი გაშრა.


***
ოთხი წლის შემდეგ სიზმარი ვნახე.
ბებია კუბოში იწვა. ტირილით ვიჯერე გული. შემომხედა. მისებურად. თბილად  და ჩემი ბავშვობის მანათობელი ორი ცისფერი მზე სამუდამოდ ჩაესვენა ცრემლების ზღვაში.
გმადლობ უფალო!
მე ბებიას ტირილში ვიყავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები