მთელი ღამე ვერ დავიძინე. მეორე დღეს მაღაზიაში დახლზე თავდადებულს რამდენჯერმე მომეხუჭა თვალი. ასე, შუადღეს მიტანებული იქნებოდა, ტელეფონმა რომ დარეკა. დისპლეიზე არც დამიხედავს, პირდაპირ ვუპასუხე. _ ალო, _ გაისმა ნაზი ხმა და შევკრთი, _ გურამ, წუხელ დაგირეკია და რა გინდოდა? თითქოს მორევიდან ამომეყვინთოს _ რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე. რა მეთქვა, ჯერ ამის გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ, რა მოგივიდა, გურამ, ცუდად ხომ არ ხარ, რას ქშინავო, მკითხა. მოვყევი აბდაუბდას. არ ვიცოდი, რა მეთქვა და მასაც ვერაფერი გავაგებინე. _ კარგი, გასაგებია, გურამ, შუაღამისას აღარ დამირეკო! _ მითხრა ბოლოს და ტელეფონი გათიშა. ამ საღამოსაც იგივე დამემართა. სალომეს თვითმკვლელობის წარმოსახვები შემოვიდა ჩემში და ჯადოსავით დამბორკა. მინდოდა დამერეკა, მისი ხმა გამეგო, მაგრამ მეშინოდა... ჰო, მეშინოდა ყველაფრისა: თუ ტელეფონს არ აიღებდა, ეს მისი სიცოცხლის დასასრულს ნიშნავდა... მეშინოდა _ რომ ეპასუხა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი, რადგან არ ვიცოდი, რა მეთქვა. მახარეს შევეხმიანე, სალომეს ნომერი მივეცი და ვთხოვე დაერეკა. _ ბიჭო, შენ რა, აზრზე არა ხარ?! რა ვუთხრა, ვინა ვარ, რა მინდაო. _ არაფერი არ უთხრა, უბრალოდ, დარეკე, გიპასუხებს და გათიშე. ცოცხალია თუ არა, მინდა ვიცოდე. _ ვაი, შენს პატრონს, _ ესღა თქვა და გათიშა. ნახევარი საათის შემდეგ სალომემ დამირეკა. არ ველოდი. როცა დისპლეიზე მისი სახელი წავიკითხე, მოულოდნელობისგან პირი გამიშრა. _ გისმენთ, ქალბატონო სალომე. _ მოგიკითხე, გურამ, ხომ კარგად ხარ? _ კარგად ვარ. თქვენ როგორ ბრძანდებით? _ კარგად ვარ, თავის მოკვლაზე აღარ ვფიქრობ, დაიძინე, გურამ, ყველაფერი კარგად არის. იმ ღამეს მკვდარივით მეძინა. დამძიმებული გული შემიმსუბუქდა და თავის ადგილს დაუბრუნდა. სალომემ მეორე ღამითაც დამირეკა. შემდეგ ყოველ ღამე ზუსტად თერთმეტ საათზე რეკავდა. ცოტას მელაპარაკებოდა, ბოლოს, მოდი დავიძინოთო, ასე ამთავრებდა საუბარს და მეც ვიძინებდი... ვიძინებდი ღრმად და უსიზმროდ. მოუწესრიგებელ ცხოვრებას გადავეჩვიე _ თერთმეტ საათზე ყოველთვის შინ ვიყავი. სალომე რომ მეტყოდა, მოდი დავიძინოთო, მინდოდა არავინ მყოლოდა გვერდით და ლოგინიც ახლოს ყოფილიყო. ერთ დღეს მაღაზიაში მეწვია, ზუსტად იმ დროს მახარეც მყავდა სტუმრად. მეგონა, უბრალოდ დაემთხვა, მერეღა გავიგე, რომ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა. მახარე ათი წუთით ადრე მოვიდა, ჩემს საწყობ-კაბინეტში იჯდა და იარაღის ახალ პარტიას ათვალიერებდა. მე მაღაზიაში კლიენტებს ვემსახურებოდი. ვერ შევნიშნე, ქალი როდის შემოვიდა. ძალიან ლამაზი იყო და მომეჩვენა, რომ ასხივებდა. მოჩითული კაბა ეცვა, უხდებოდა. ღიმილით წამოვიდა ჩემკენ. ხელი ჩამომართვა და დიდხანს გაიჩერა. _ შენთვის საჩუქარი მაქვს, _ ორაზროვნად თქვა და შინაურივით გამიძღვა კაბინეტისკენ. მახარე გავაცანი. _ მახარეს ვიცნობა, _ თქვა და მე მომიბრუნდა, _ გურამ, მახარე, კარგი ოქრომჭედელია, ძალიან კარგი კაცია და მეგობარი, _ თქვა, ჩანთა გახსნა, მახარეული ამოაძვრინა და ყოველგვარი თეატრალურობის გარეშე მითხრა: _ ეს შენ, გურამ, საჩუქრად. ყველაფერს მოველოდი, ამას არა. იარაღი გაუაზრებლად გამოვართვი, გაკვირვებულმა დავხედე და გრავირება მომხვდა თვალში: `გურამს სალომესგან _ ნიშნად იმისა, რომ სიცოცხლე გრძელდება~. მადლობა მაინც მეთქვა, ენა მუცელში ჩამივარდა, რა საჭირო იყოო, ესღა წავიბუტბუტე. _ თავის მოკვლას აღარ ვაპირებ, აღარ მჭირდება, და კიდევ იმიტომ, რომ ყოველ საღამოს არ დაგირეკო, რომ ცოცხალი ვარ. გამეცინა, გულში გამეცინა. ვერ გეტყვით, მაშინ რა მერჩია, ეს საჩუქარი თუ ყოველ საღამოს მისი ხმის გაგონება. ალბათ, _ მეორე. რამდენიმე დღის შემდეგ სალომემ სასროლეთში წამიყვანა. კლუბი `ოქროს პარაბელუმი~ ეწერა შენობას გარედან. სამი თვითკმაყოფილი სნობი და ორი კეკლუცი ოქროს იარაღით ერთმანეთს სროლაში ეჯიბრებოდა. მაშინაც გულში გამეცინა. იმ წამს ბოლომდე ვერ გავიცნობიერე, ეტყობა ჩამოუყალიბებელი განცდა დამეუფლა, მერე, როცა გავიაზრე, რაც მოხდა, თითქოს მეხი დამეცა, ყველაფერი დაინგრა, დაიმსხვრა ჩემი წარმოდგენები ნივთებზე, ადამიანებზე და, საერთოდ, საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. ალბათ, სჯობდა, იქ არ მივეყვანე, მერჩია, ისევ ისე მგონებოდა, როგორც მეგონა. ყველაზე უსიამოვნო კი იქ დახვედრილ ადამიანებთან ურთიერთობა იყო. _ ხედავ, გურამ, მოოქროვილ იარაღს, თურმე, სხვა დანიშნულებაც აქვს, _ მითხრა სალომემ და ერთ ტუჩებგაბერილ ქალთან წარმადგინა, რომელსაც ხელში პისტოლეტი ეჭირა, არაპროპორციულად განიერი თეძოები ჰქონდა და ამ ნაკლის დამალვას გრძელი მაისურით ცდილობდა. _ სასიამოვნოა, მე ვიკა მქვია, _ თქვა კეკლუცად, იარაღი მარცხენა ხელში გადაიტანა, მარჯვენა გამომიწოდა და სალომეს მიუბრუნდა, _ გურამს დაუსწრებლად, მგონი, ვიცნობ, _ შემდეგ თვალები მაღლა ასწია, გაბერილი ტუჩები უფრო გაბუსხა და გააგრძელა, _ ეს ხომ ის ბავშვია, ყოველ საღამოს რომ აძინებ? _ გაიცინა, არ დაელოდა სალომეს პასუხს და მე მომიბრუნდა, _ ხედავ, შენზე რაღაც-რაღაცეები მცოდნია. ადრეც ვახსენე, მეზიზღება ფამილარობა. მით უმეტეს, მზარავს, როცა ის თავხედობაშია გადასული და მძაგს დედაკაცი თექვსმეტი წლის გოგოს მანერებით. თავი დამცირებულად ვიგრძენი, ლოყები გამიხურდა, ეტყობა გავწითლდი, ალბათ სიბრაზეც გამომესახა სახეზე, რადგან ქალმა ნაბიჯი უკან გადადგა, შეცბა და უხერხული სიჩუმე წამის შემდეგღა დაარღვია: _ თქვენ იარაღის ექსპერტი ბრძანდებით, ხომ? _ ... და პარაბელუმი შემომაჩეჩა, _ ნახეთ, როგორია. გაუაზრებლად ჩამოვართვი და დავხედე. 1908 წლის მოდელი იყო, მოვარაყებული კორპუსითა და მოჭედილი ტარით. მასში მახარეული ვიცანი და დავიბენი, გაურკვეველი განცდა დამეუფლა, რომელიც შემდეგ სიბრაზეში გადამივიდა: ვბრაზობდი საკუთარ თავზე, ვბრაზობდი მახარეზე _ ჩემი უახლოესი მეგობარი აშკარად რაღაცას მიმალავდა და როცა სალომემ სხვა ადამიანებთან წარმადგინა, მე უკვე მათ სახეებს ვეღარ ვხედავდი, მექანიკურად ვართმევდი ხელს და თუ არ ვცდები, სასიამოვნოაო, მხოლოდ ამ სიტყვას ვბურდღუნებდი. _ გინდათ, ჩემი იარაღიდან ისროლოთ? _ ისევ ხელში მომაჩეჩა პისტოლეტი ტუჩებგაბერილმა ვიკამ და მეც კვლავ მექანიკურად ჩამოვართვი. სროლას ვაპირებდი და ამ დროს შინაგანმა ხმამ შემომძახა, წადი, გურამ, აქ შენი ადგილი არ არისო და დავდე პისტოლეტი თეჯირზე, გასასვლელისკენ მოვტრიალდი, სალომეს თვალებს შევეჯახე და გავჩერდი. _ დათო, მოდი გურამი გაგაცნო, _ მიმართა კაცს, რომელიც გასახდელიდან შემოვიდა. ის ტიპი ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ. ასე ისინი დადიან, ვისაც სურთ საკუთარ პერსონას ხაზი გაუსვან. თვითკმაყოფილი სახე ჰქონდა. გამეცნო, მერე სალომესთან მივიდა, ხელი მხარზე შემოხვია და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მისი ქცევა ჰგავდა ნადირის ინსტიქტს, რომელიც სხვა ხვადს მიანიშნებს, არაფერი შეგეშალოს, ეს ძუ ჩემია, წადი აქედანო და მე ზურგი ვაქციე და გასასვლელს მივაშურე. `ეს დათო ვინ არის, ან მოოქროვილი იარაღით სროლა რა მანიაა? რამ შეყარა ერთად ეს ადამიანები? ალბათ, ამით ისინი სხვებსა და საკუთარ თავს უმტკიცებენ, რომ სრულყოფილები არიან.. ~ _ ვბრაზობდი გზაში. სახლში რომ დავბრუნდი, ისეთი დაღლილი ვიყავი თითქოს კატორღა გამომევლოს, საწოლზე მოწყვეტით დავეცი და თვალწინ შემდეგი კადრი წარმომიდგა: სალომე თავის სნობ მეგობრებთან ერთად ზის, მათ შორის არიან დათო და ტუჩებგაბერილი ვიკა, კონიაკს წრუპავენ, ერთობიან, მხიარულობენ. ამ დროს სალომე საათზე იხედება და ხმამაღლა აცხადებს: _ მაპატიეთ, ბავშვი უნდა დავაძინო. ...და ის ბავშვი მე ვარ. ბავშვი ვარ, აბა, რა ვარ? უაზროდ ავიხირე ვიღაცის თვითმკვლელობა და ეს გამოქცევა რაღა იყო? ისეთი არაფერი უთქვამთ, არაფერი უწყენინებიათ, _ ამას და მსგავს რაღაცეებს ვფიქრობდი და რაც უფრო ვუღრმავდებოდი საკუთარ თავს, მით უფრო მრცხვენოდა ჩემი უხეში ამპარტავნული ბუნებისა. ვიღაცას უნდა დავლაპარაკებოდი, ფიქრი სხვა რამეზე უნდა გადამეტანა, ტელეფონი ავიღე და მახარეს ნომერი ავკრიფე. ნასვამი იყო. _ ჰო, გურო, კარგად დავლიე, _ ... და მოყვა ამფსონებთან თავგადასავლებს. _ ეგ არ მაინტერესებს. კლუბი `ოქროს პარაბელუმი~ თუ იცი? _ ...გავაწყვეტინე. _ იყავი იქ? _ კითხვა შემომიბრუნა და ხმაზე შეეტყო, რომ გამოფხიზლდა. _ ვიყავი და ერთი შენი ნაოსტატარი ფიშტოც ვნახე. _ ერთი არა, შვიდი... სალომემ შემიკვეთა შვიდი პარაბელუმის მოვარაყება და მთხოვა, შენთვის არ მეთქვა. მითხრა, სიურპრიზი მინდა მოვუწყოო. _ რა სიურპრიზი? _ მაგდენი არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ გაგიმართლა: ქალი ლამაზია, მაგრად ევასები, მამა კიდევ ჩაქცეული მილიონერი ჰყავს. ახლა მთავარია, თავი არ მოიკლას... _ და ახარხარდა. მახარესთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა. დავემშვიდობე, ტელეფონი გავთიშე და მარტო დავრჩი საკუთარ განცდებთან. თორმეტი იყო დაწყებული, სალომემ რომ დარეკა. მომეჩვენა, რომ მთრთოლვარე ხმა ჰქონდა. _ გურამ, ბოდიში, გაგაბრაზე, მაპატიე, არ მინდოდა... _ არა, არა. _ კი, გაგაბრაზე. ხვალ გნახავ, ახლა დაიძინე, გურამ. როგორ არ მიყვარს, ვიღაც რომ ჩემზე ზრუნავს, ბავშვივით რომ მეპყრობა, ამიტომ გამოვექეცი დედაჩემს თორმეტი წლის წინ. _ დაიძინე, გურამ! _ ყურში ეს სიტყვები ჩამესმოდა და ლამის თავი მართლა ბავშვად ვიგრძენი. `არ შეიძლებოდა, მე დამერეკა, მე მომეხადა ბოდიში... ბავშვი ვარ, აბა, რა ვარ~, _ ვფიქრობდი და გამთენიისასღა ჩამეძინა. მეორე დღეს, საღამოს, მაღაზიის დაკეტვას ვაპირებდი, ერთი კლიენტიღა მყავდა, ეტყობოდა, არაფრის მყიდველი არ იყო, მის გასვლას ველოდი, როცა ვიტრინის წინ `ფორესტერი~ გაჩერდა. მანქანა ვიცანი და გულმა ბაგიბუგი დამიწყო. სალომეს ეცვა შინდისფერი მაისური და მიუხედავად სახეზე მისი ანარეკლისა, მაინც ფერმკრთალი მომეჩვენა. დახლს იქედან გამოსვლა მოვასწარი. ის ჩვეული სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა და ჩემს წინ გაჩერდა. წინასწარ მომზადებული ვიყავი, ვაპირებდი, გუშინდელი ჩემი გამოქცევის გამო ბოდიში მომეხადა, მაგრამ ისევ მან დამასწრო: დარცხვენილად შემომხედა, _ კარგად ხარ, გურამ? _ მკითხა, ძალიან ახლოს მოვიდა, ხელები მხრებზე დამადო, მკერდზე მომეკრა, ტუჩები ლოყასთან მომიტანა და ყურში ნაზი ხმით ჩამჩურჩულა: _ გუშინდელს ხომ მაპატიებ? ძალიან დავიბენი. მის ადგილას სხვა ქალი რომ ყოფილიყო, ალბათ მარჯვენა ხელს წელზე შემოვხვევდი და მარცხენას თეძოსთან ქამრის ქვეშ ჩავუცურებდი, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემი ხელის შეხებაზე ის გალღვებოდა, აორთქლდებოდა. ძალიან ჰაეროვანი იყო და ვიდექი ასე გახევებული, სანამ განზე არ გადგა და არ თქვა: _ გურამ, რაღაც უნდა გითხრა, _ ეს სიტყვები იყო, რამაც აზრზე მომიყვანა. ჩემი კლიენტი უკვე წასულიყო. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ გაქრა ვიტრინიდან ქრომირებული კოლტი, მაგრამ რა დროს მსგავსი წვრილმანებია... დავსხედით საწყობ-კაბინეტში. სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა. მზერა აქეთ-იქით გაურბოდა და მის ტუჩთან თრთოდა ნერვული ნაოჭი, ჰაერი რამდენჯერმე ღრმად შეისუნთქა და დაიწყო: _ თავში სიმსივნე მაქვს. დღითიდღე ვბრმავდები. აი, ამხელა მატლი ზის თხემის ძვლის ქვემოთ და ჩემი ტვინით იკვებება, _ მან მარცხენა ხელის თითებით წრე გამოსახა და მარჯვენა ხელი თავზე დაიდო. ელდა მეცა, გავშრი და გავხევდი. სალომემ ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა: _ იცი, როგორ მინდა, მივიდო ლულა კეფაზე და მოვსხლიტო? სანამ ტყვია ტვინში გაივლის, იმ ბინძურს გააპობს, გახეთქავს, ამოწვავს და ეს იქნება გამარჯვება. წამის მეათასედით გვიან მოვკვდები, ვიდრე ის მატლი. მან კვლავ ღრმად ამოისუნთქა და მოწყენილად გამიღიმა. თვალწინ სიმსივნე დამიდგა, რომელსაც ტყვია სისხლით გაბერილი ბაღლინჯოსავით ხეთქავს და იმ წამს მომხრე ვიყავი სროლისა, რადგან მე თვითონაც გამარჯვებაზე მომართული ბუნება მაქვს და არა გადარჩენაზე. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. რაღაც უნდა მეთქვა, ვწუხვარო, ესღა მოვახერხე და მომინდა მივსულიყავი და თავზე მეკოცნა, მაგრამ ვერ გავბედე, რამ შემიშალა ხელი _ სიმორცხვემ თუ იმ მატლმა, ვერ გეტყვით. _მამაჩემი რომ მიმიხვდა, ეგ არ მიკვირს, მისი გაზრდილი ვარ, _აგრძელებდა სალომე, _ საოცარია, შენ რომ გაიგე. პირველად მნახე და, მაშინვე მიხვდი... ბედისწერად მიგიჩნიე და იმ საღამოს, მახარემ რომ დამირეკა, მამაჩემს საზღვარგარეთ წასვლაზე დავთანხმდი. ექიმებმა, გადარჩენის შანსი ერთი ერთზეაო, ხვალ ისევ მივდივართ და თუ ყველაფერი რიგზე იქნა, ოპერაცია სამშაბათს არის დანიშნული.
* * *
დღეს სამშაბათია. ეს ოთხი დღეა ჩემი მაღაზია დაკეტილია. სახლიდან ვერ გამოვდივარ, არაფრის კეთება არ მინდა, მხოლოდ ვწერ და ვლოცულობ. ტკივილს ვუზიარებ ღმერთსა და ქაღალდს და მჯერა, რომ ხვალ საღამოს, ზუსტად თერთმეტ საათზე, სალომე დარეკავს და მეტყვის: _დაიძინე, გურამ, ყველაფერი რიგზეა. ...მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ შეხვედრის სიხარულს, მაშინვე ის დათო მიდგება თვალწინ თვითკმაყოფილი სახითა და თავდაჯერებული მანერებით და მაწვალებს კითხვა _ ვინ არის ის კაცი?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან მომეწონა...555 ფინალი ყველაზე მეტად...კეთილშობილი ფინალია... ადამიანური და ზუსტი... და რა უბრალოდ შეგიძლია ამ ყველაფრის გადმოცემა...ისე, ვითომც არაფერი, ვითომ ყოველდრე ხდებოდეს მსგავსი შემთხვევები... სხვისი სატკივარის გულთან ასე ახლოს მიტანა... -ძალიან კარგ ავტორს შეუძლია ეს...:-*
"...მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ შეხვედრის სიხარულს, მაშინვე ის დათო მიდგება თვალწინ თვითკმაყოფილი სახითა და თავდაჯერებული მანერებით და მაწვალებს კითხვა _ ვინ არის ის კაცი?"
ისე, მე, როგორც მკითხველმა ეგ დათო, მამამისად მივიჩნიე...:)
ძალიან მომეწონა...555 ფინალი ყველაზე მეტად...კეთილშობილი ფინალია... ადამიანური და ზუსტი... და რა უბრალოდ შეგიძლია ამ ყველაფრის გადმოცემა...ისე, ვითომც არაფერი, ვითომ ყოველდრე ხდებოდეს მსგავსი შემთხვევები... სხვისი სატკივარის გულთან ასე ახლოს მიტანა... -ძალიან კარგ ავტორს შეუძლია ეს...:-*
"...მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ შეხვედრის სიხარულს, მაშინვე ის დათო მიდგება თვალწინ თვითკმაყოფილი სახითა და თავდაჯერებული მანერებით და მაწვალებს კითხვა _ ვინ არის ის კაცი?"
ისე, მე, როგორც მკითხველმა ეგ დათო, მამამისად მივიჩნიე...:)
11. მომეწონა!
სამი ვარიანტი იყო:
მეორე ვარიანტს ავირჩევდი!
მომეწონა!
სამი ვარიანტი იყო:
მეორე ვარიანტს ავირჩევდი!
10. თუ ქალი კაცს ეტყვის "ბედისწერად მიგიჩნიე"-ო და მასთან შეხვედრის შემდეგ ასე რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილებას, მაშინ ყველა "ტიპი" უბრალოდ ამ კაცის აჩრდილად იქცევა... მეტი არაფერი)) მე მომეწონა! +++++ თუ ქალი კაცს ეტყვის "ბედისწერად მიგიჩნიე"-ო და მასთან შეხვედრის შემდეგ ასე რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილებას, მაშინ ყველა "ტიპი" უბრალოდ ამ კაცის აჩრდილად იქცევა... მეტი არაფერი)) მე მომეწონა! +++++
9. მშვენიერი ფინალია, რაღაც მაქს ფრიშისეული(ჰომო ფაბერ) ბოლომდე ართქმა... მომწონს. კარგად ჩანს მამაკაცური ეგოიზმიც _ იმ დროსაც კი, როცა მისთვის ძვირფასი ადამიანი სიკვდილს ებრძვის, მას მაინც მეტოქე ხვადზე ფიქრი აწვალებს. გამორჩეული ავტორი ხარ, მეუდაბნოვევ. წერე რაც შეიძლება მეტი. რას იზამ, ყველას ვერ მოაწონებ. მშვენიერი ფინალია, რაღაც მაქს ფრიშისეული(ჰომო ფაბერ) ბოლომდე ართქმა... მომწონს. კარგად ჩანს მამაკაცური ეგოიზმიც _ იმ დროსაც კი, როცა მისთვის ძვირფასი ადამიანი სიკვდილს ებრძვის, მას მაინც მეტოქე ხვადზე ფიქრი აწვალებს. გამორჩეული ავტორი ხარ, მეუდაბნოვევ. წერე რაც შეიძლება მეტი. რას იზამ, ყველას ვერ მოაწონებ.
8. ფინალი უფრო ემოციური და მძაფრი უნდა ყოფილიყო. გული დამწყდა:((((( ფინალი უფრო ემოციური და მძაფრი უნდა ყოფილიყო. გული დამწყდა:(((((
7. "შეიძლება სხვა ფინალი სჯობდა" -ჭეშმარიტად. ისეთი შერძნება დამრჩა, თითქოს შენ თვითონ ვერ დაადგინე რა გინდოდა. მეტი იყო საჭირო! იმედგაცრუებული ვარ. სასტიკი საყვედური ოქმში შეტანით! "შეიძლება სხვა ფინალი სჯობდა" -ჭეშმარიტად. ისეთი შერძნება დამრჩა, თითქოს შენ თვითონ ვერ დაადგინე რა გინდოდა. მეტი იყო საჭირო! იმედგაცრუებული ვარ. სასტიკი საყვედური ოქმში შეტანით!
6. ჰოდა დიდი ვერაფერი... ჯამურად კი დააგროვე 5 ქულა :)
+3 პირველ ნაწილს +2 მეორეს:) :) :)
აფსურდი <<< აბსურდი
ამელი ნოტომს რომლიეღაც ნაწარმოებში აქვს 2 ფინალი, მე მგონი "მერკური"... ჰოდა, მკითხველს აძლევს ნებას აირჩიოს თავისთვის სასურველი დასასრული... მე პირადად დაუსრულებელი ნაწერი მომწონს ან... ჰოდა დიდი ვერაფერი... ჯამურად კი დააგროვე 5 ქულა :)
+3 პირველ ნაწილს +2 მეორეს:) :) :)
აფსურდი <<< აბსურდი
ამელი ნოტომს რომლიეღაც ნაწარმოებში აქვს 2 ფინალი, მე მგონი "მერკური"... ჰოდა, მკითხველს აძლევს ნებას აირჩიოს თავისთვის სასურველი დასასრული... მე პირადად დაუსრულებელი ნაწერი მომწონს ან...
5. სამი ვარიანტი იყო: I სალომე უნდა მომკვდარიყო, II გურამის მთელი ეს ლოგიკა და განცდები აფსურდი უნდა ყოფილიყო და III კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დარჩენილიყო ყველაფერი. მე მკითხველი სამივე გზაზე გავატარე. შეიძლება სხვა ფინალი სჯობდა. სამი ვარიანტი იყო: I სალომე უნდა მომკვდარიყო, II გურამის მთელი ეს ლოგიკა და განცდები აფსურდი უნდა ყოფილიყო და III კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დარჩენილიყო ყველაფერი. მე მკითხველი სამივე გზაზე გავატარე. შეიძლება სხვა ფინალი სჯობდა.
4. გადარჩენის შანსი რომ ერთი ერთზეა და დათო რომ არსებობს დაბრკოლებად, ფინალი მაინც ბანალურია? მე მომწონს ფინალში ყველაფერი "გაიასნებული" რომ არ არის. "მე თვითონაც გამარჯვებაზე მომართული ბუნება მაქვს და არა გადარჩენაზე" - ხასიათის ამ შტრიხმა კიდევ უფრო გაამყარა გმირისადმი ჩემი სიმპათია.
გადარჩენის შანსი რომ ერთი ერთზეა და დათო რომ არსებობს დაბრკოლებად, ფინალი მაინც ბანალურია? მე მომწონს ფინალში ყველაფერი "გაიასნებული" რომ არ არის. "მე თვითონაც გამარჯვებაზე მომართული ბუნება მაქვს და არა გადარჩენაზე" - ხასიათის ამ შტრიხმა კიდევ უფრო გაამყარა გმირისადმი ჩემი სიმპათია.
3. მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ შეხვედრის სიხარულს, მაშინვე ის დათო მიდგება თვალწინ თვითკმაყოფილი სახითა და თავდაჯერებული მანერებით და მაწვალებს კითხვა _ ვინ არის ის კაცი?
პასუხი: ბუტაფორია! შეფასება: 5 ქულა. მეორე პასუხი: ფინალი გამოვიცანი. ამიტომ მეც 5 ქულა. მადლობა ავტორს. :) მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ შეხვედრის სიხარულს, მაშინვე ის დათო მიდგება თვალწინ თვითკმაყოფილი სახითა და თავდაჯერებული მანერებით და მაწვალებს კითხვა _ ვინ არის ის კაცი?
პასუხი: ბუტაფორია! შეფასება: 5 ქულა. მეორე პასუხი: ფინალი გამოვიცანი. ამიტომ მეც 5 ქულა. მადლობა ავტორს. :)
2. დასტური ჯონათანს.. არადა მოლოდინით დღეები გადავთვალე... დასტური ჯონათანს.. არადა მოლოდინით დღეები გადავთვალე...
1. ნეტა, სხვები რას ფიქრობდნენ- როგორ დასასრულს ელოდნენ? :)
მე არ მომეწონა ეს დასასრული, მაინცდამაინც- ასე მგონია, მეტისმეტად გაბანალურდა ფინალი, რაც თქვენ არ გჩვევიათ ხოლმე :)
ნეტა, სხვები რას ფიქრობდნენ- როგორ დასასრულს ელოდნენ? :)
მე არ მომეწონა ეს დასასრული, მაინცდამაინც- ასე მგონია, მეტისმეტად გაბანალურდა ფინალი, რაც თქვენ არ გჩვევიათ ხოლმე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|