ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2013


წერილი მამას

მამა, როგორ ხარ? მე არამიშავს, შენი შვილიშვილების ხელში... ვცდილობ ყოველდღიური პროგრამა მინიმუმი შევასრულო, ანუ მეორე დღემდე ცოცხალმა გავძლო.
მინდა გაცნობო სასიხარულო ახალი ამბავი. ქეთი და ნანა პრინცესები რომ იყვნენ მოგეხსენებოდა , გუშინ კი ინაუგურაცია გვქონდა , ნანკამ განაცხადა: _პრინცესა აღარ ვარ, კარალევა გავხდიო.
ჩვენი ოჯახის ბედნიერებას საზღვარი არა აქვს, პრინცესა ყველა მეორე ოჯახშია, დედოფლები კი _არა. თან კორონაცია ორი წლის ასაკში... სასწაულია. ინაუგურაციათან დაკავშირებით ყვავილებიანი კაბა ვუყიდე , ეზოში გავიყვანე, თმა გაიშალა , ტრიალებდა და მღეროდა:
_ У меня на კაბე такой красивый ყვავილ я такой ტრიალ знаю...
ветер дул ,дул და თავზე დამადუულ...
ფერები ისწავლა: ბრწყინავისფერი, ლურჯისფერი, შავისფერი, კასრულისფერი...

სასეირნოდ ვიყავით, ქეთიმ ეზოში ძაღლი დაინახა და მკითხა:
_დე, ეს ტაქსაა?
ნანამ მომასწრო:
_ტაქსაა, აბა რა იკნება, ვერ ხედავ ქუჩაში დგია?

როგორც შვილებზე მზრუნველმა დედამ, გადავწყვიტე ქეთი ევროპულ ცეკვებზე მეტარებინა. ვუყიდე ყველაფერი და მივედით. მეც დავრჩი,  რომ ჩემი პირმშოს პირველი შემოქმედებითი ნაბიჯებით დავმტკბარიყავი. სახეზე ამაყი ღიმილი გადავიფინე ,,ეს ჩემი შვილია,, ამბობდა ჩემი გამომეტყველება... ჩემმა ქეთიმ მასწავლებლის მითითებით მარჯვენა ფეხი წინ გადადგა და ,,გაჯიქდა,, . სამ გაკვეთილზე იდგა მიწაში ჩარჭობილი ნედლი სარივით. ( ვიფიქრე ფოთლები არ ამოუვიდეს-მეთქი ) ვერც ხვეწნით, ვერც მუდარით, ვერც დაპირებებით ,,რასაც გინდა გიყიდი შვილო , ოღონდ არ შემარცხვინო,, ვერაფერს გავხდი. იდგა ვირივით და არ იძვროდა. 3 დღის ფუჭი მცდელობების შემდეგ ცეკვის ,,ჩუსტიკები,, სანაგვეში მოვისროლე.
მაღაზიაში რომ შევდიოდით მეუბნებოდა:
_დედა რომ მეცეკვა ამას მიყიდდი?"
_კი
_მირჩევნია არ მქონდეს.,,
ცეკვიდან კი გამოვედით, მაგრამ დედის გულს რა გააჩერებს? ვნახეთ ერთი მხატვარი ბიჭი , გაბურძგნულწვერიანი და ვთხოვეთ სახლში ესწავლებინა ქეთისთვის ხატვა. მეორე დღეს წვერგაპარსული მოვიდა, ქეთიმ გააღო კარი და მესმის ხმა: ოი, სევოდნია ვი ტაკოი სიმპატიჩნი, დაჟე პაბრილის?-ო . რომ აღარ გავაგრძელო რამდენიმე დღეში მხატვარმა გვითხრა ამ ბავშვს აშკარად რაღაცის ნიჭი აქვს, ოღონდ მხატვრობის არაო ... წავიდა და წავიდა. ქეთი ჯერ 6 წლისაა, ყველაფერი წინა აქვს. ( ჩემზე უკეთ მოგეხსენება , მაკედონელი რომ იყო, არისტოტელე უნდა გასწავლიდეს)

ამასობაში ნანკამ ხორბალიოტი დახატა ზღვაში. ნახატს წერილთან ერთად გიგზავნი. შეინახე ( და ვინჩიც ასე იწყებდა.) ,,სერიი ვოლკის,,  დახატვაც უნდოდა, მაგრამ რომ დავხატო შემეშინდება და ვიტირებო. ამიტომ გადაიფიქრა.

არაუშავს, ქეთისგან მაინც დადგება დიდი საზოგადო მოღვაწე. 6 წლისაა და უკვე იცის, რომ თამარის სარდლები ასლან სოსლანი და ზაქარია დიდმხრებიანი იყვნენ. (ცოტათი ეშლება სულ) , მერე რა, თუ ოვალი გადმოაქართულა და ომრგვალი დაარქვა. მერე რა, თუ მარსი და იუპიტერი გააერთიანა და მარიპუტერი დაარქვა ( სრულიად დასაშვებია შორეულ მომავალში მათი შეჯახება და ერთ პლანეტად გადაქცევა (ოიე, ნასა... ) . მერე რა, აფრიკასთან, ევრაზიასთან, ამერიკასთან, ავსტრალიასთან ერთად , კონტინენტების ჩამონათვალში ქობულეთი რომ შეიყვანა (მა , სისხლი რამდენს ნიშნავს, ყველა ქობულეთელმა ხომ ვიცით რომ ქობლეთლობა სულ სხვაა... ) მთავარია მე მჯერა ჩემი შვილის.

ჩემი მეზობელი კრისტინა მყავდა დღეს სტუმრად. ნამცხვრები ვიყიდე. მადიანი გოგოა (მადლობა ღმერთს) . გადაიღო ერთი ნაჭერი, მეორე, მესამე , მეოთხესკენ წაიღო ხელი . ქეთიმ უყურა, უყურა და :
_кушайте тетя Кристина, кушайте, и если хотите нас тоже покушайте-ო
მეოთხე აღარ გადაუღია. მერე ჩვენებური გოგრა გადავუღე და კრისტინამ დაასკვნა, რომ ავოკადო გადამწიფებული იყო. შემდეგ ჩვენი სტუმარი დააინტერესდა:
_Кети, как учеба?
_У меня все хорошо, но маме трудно-ო

მოკლედ, ვართ ასე, მხიარულად. ექვსი თვე დიდებისთვის არაფერია, პატარებისთვის კი მთელი ეპოქაა.
მიყვარხარ. გკოცნი.


პ.ს.
გუშინ ვიხსენებდი დირექტორმა რომ გითხრა გამოშვების საღამოზე :

_ისეთი კარგი ქალიშვილი გყავთ... თბილი, ჭკვიანი, სულ იღიმისო
შენ უპასუხე:
_უფრო მეტად იცინოდა და ვუმკურნალეთო.

მე ისევ ვიღიმი , მა! მკურნალობა ბოლომდე არ მიგვიყვანია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები