ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 ივნისი, 2013


მეექვსე ხმოვანი ქართულ ენაში

გრამატიკა გვასწავლის, რომ სიტყვაში შემავალი მარცვალი არის  მეტყველების დანაწევრების ბუნებრივი ერთეული, რომელიც ერთ რიტმიკულ დარტყმად აღიქმება.
დამარცვლას იყენებენ სიტყვის გაყოფისათვის გადატანისას და  რადგან ქართულ ენაში ლექსის ზომას ქმნის მარცვალი, სალექსო სტრიქონის ზომის შესაქმნელად.
„სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენიც ხმოვანია“, ესეც კიდევ ერთი წესი ქართული გრამატიკიდან.
მაგრამ ვნახოთ რამდენად უნიკალურია ეს წესი:
ჩვენის აზრით ცალკე მდგომი თანხმოვანი ქმნის მარცვალს. მაგალითად მ. ჯავახიშვილი.
„მ“ – ცალკე მარცვალია
თანხმოვანთა რიგი ქმნის იმდენ მარცვალს, რამდენი თანხმოვანიცაა. მაგალითად: „სსრკ“
ამ სიტყვაში ოთხი მარცვალია და არცერთი ხმოვანი.
ანბანის რიგი: ა,ბ,გ,დ,ე,ვ,ზ,თ,ი,კ,ლ,მ,ნ... აქ იმდენი მარცვალია რამდენი ასო–ბგერაცაა.

თუ  რასთან გვაქვს საქმე, ეს შემდეგ განვიხილოთ, ამჯერად კი წამოჭრილი აზრის მტკიცებას მივყვეთ, რაც შემდეგში მდგომარეობს:
1) ცალკე მდგომი თანხმოვანი ქმნის მარცვალს.
2) ერთად მდგომი თანხმოვნები ქმნიან მარცვალს.
განვიხილოთ წინადადება: „ბავშვებო, დღეს ვსწავლობთ ასო-ბგერა მ-ს“. ამ შემთხვევაში ორი თანხმოვანია ერთად მ და ს. მოვიშველიოთ წესი, რომ სალექსო ზომას ქმნის მარცვალი და დავაკვირდეთ შექმნის თუ არა  მ–ს მარცვალს:
სამაგალითოდ შევთხზათ ორი სტრიქონი:
"მ-ს, რომ ვსწავლობდით, ჩემს გვერდით
იჯდა ხუჭუჭა გოგონა."
აქ არის ორი სტრიქონი. პირველი შეიცავს შვიდ ხმოვანს და მეორე რვას, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სტრიქონიც რვა მარცვლიანია.ამ აზრის დასტურად  გადავშალოთ  პირველ სიტყვა  „მს“ და ლექსის რიტმს მივადევნოთ ყური:
~ რომ ვსწავლობდით, ჩემს გვერდით
იჯდა ხუჭუჭა გოგონა~
აქ აშკარაა პირველი სტრიქონის რიტმიდან ამოვარდნა, რაც გამოწვეულია მარცვლის დაკარგვით..

სამაგალითოდ კიდევ –ასეთი სტრიქონები:
„ჩვენ გვასწავლიდნენ კომუნიზმს
ვ. ი. ლენინის წიგნებით“.
თუ ამ სტრიქონებიდან ცალკე მდგომ ასო–ბგერა  ვ– ს ამოვიღებთ რიტმი დაირღვევა.

აბრევიატურა _ შპს–ზე ასეთივე ტესტს თუ ჩავატარებთ,  მივხვდებით, რომ ის სამ მარცვალს ქმნის:
„ვიხმარე ხერხი და
გავხსენი შპს,
ვიყიდე სამოსი,
დახლებზე დავაწყე“

თუ ამ აზრს მტკიცებულებად მივიღებთ, მაშინ დარღვეულია ორიდან ერთ–ერთი წესი:  „სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენიც ხმოვანია“ ან „ლექსის ზომას ქმნის მარცვალი“.

ჩვენი აზრით არც ერთი წესი დარღვეული არ არის და ქართულ ენაში არსებობს მეექვსე ხმოვანი, რომელსაც ასო ნიშანი არა აქვს და გამოითქმის ცალკე მდგომ ან ერთად მყოფ თანხმოვნთან ერთად. ერთად მდგომი თანხმოვნები ქართულ ენაში გვხვდება აბრევიატურების სახით და  უცხო წარმოშობის სიტყვებში, სადაც თანხმოვანთა ისეთი რიგია, რომლის წარმოთქმაც ქართულს სხვაგვარად არ ძალუძს. მაგალითად სომხური გვარი მკრტიჩიანი ჩვენში რუსულის გავლენით იკითხება, როგორც მიკირტიჩიანი. რომ არა ეს გავლენა აღნიშნულ თანხმოვანთა რიგში ჩაჯდებოდა ის მეექვსე ხმოვანი.





   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები