ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პროზა
11 ივნისი, 2013


ქრისტეს შვილი

მაცადე მამა, სული ამომდის...
გააღე ოთახის ფანჯარა მამა, ჩემი სული ამ ოთახში ნუ დარჩება...
წადი მამა, მამაო მომიყვანე, ვინმე კეთილხმოვანი,
ისეთი, ჯვალოს ანაფორა რომ ეცმება
და საკუთარი ხელით გამოთლილი ჯვარი რომ ეკიდება გულზე მამა...
ცოტა მიკარგული სოფლიდან მოიყვანე მამა...
ხელზე პურის სუნი რომ ექნება,
თვალებში უნებური ცრემლი
და მაღალი ცისკენ აღმართული შუბლით
რომ დადგება წინაშე მომაკვდავისა მამა...
მამა მისი სანდლები ყველაზე ჩუმი ნაბიჯებით შემოვლენ სახლში...
წადი ახლა მამა...გავძლებ როგორმე თქვენს მოსვლამდე...

მძიმედ გავიდა მამაჩემი...
დიდი უდაბნოა მისი ზურგი ახლა...

და აი დგას ჩემს თავთან ქრისტეს შვილი, ბარძიმით ხელში...
ვბუტბუტებთ ლოცვას...
აღარ ტირის მამაჩემი...
აღარ ტირიან წვიმები...
სახეზე ნაკურთხი წყლის წვეთები მხოლოდ...
უღონოდ ჩამოშვებული მამაჩემის ხელები...
და წინასწარმეტყველივით დამდგარი მოძღვარი ჩემი–
რომელსაც მზე ჩაგდომია თვალებში...

დილაა....ჩემი მეორედშობის დილა:
ჩვენთან არს ღმერთი
მხოლოდ 1 ღმერთი...
და არ ვიფიცებ მე მას არაფრის გულისათვის...
და არის დღე იგი შაბათი მხოლოდ უფლისა ჩემისა...
მე პატივს ვცემ მამასა ჩემსა და დედასა, სადაცაა იგი...
არასოდეს მოვკლავ...
არასოდეს ვიმრუშებ...
არასოდეს მოვიპარავ...
არასოდეს დავწამებ ცილს...
და ყოველთის კმაყოფილი ვიქნები საკუთარი ხვედრით უფალო ჩემო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები