ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2013


ღრუბელში დანახული

თეთრი ღრუბელი ცისფერ ცაზე, ნელა დაცურავს,
ქარი ხან შეჰკრებს, ხან გაფანტავს, თან ფორმებს უცვლის,
მასში წარსულის მომენტები გამოსახულა,
სანახაობამ გამიტაცა, მივყვები ფურცვლით.

აი, გამოჩნდა ჯადოსნური ბაღი ედემის,
ზღაპრულ ფერებში, გემოვნებით გადაწყვეტილი,
იქვე ტბაც მოსჩანს, მოცურავე თეთრი გედებით,
ტბის შორი-ახლო, ვაშლის ხესთან დგას ერთი წყვილი.

აქ ქარმა ცივად გადაშალა ხედი სამოთხის,
ცა მოიკუპრა, მსწრაფლ ღრუბელმაც ფერი იცვალა,
ვხედავ მამაკაცს, ორთავ ხელით სისხლში ამოთხვრილს,
სისხლი მისია, ვინც პირველი გარდაიცვალა.

ქარმა გაფანტა ეს კადრიც და ახლა ღრუბელი,
მჭიდროდ შექუჩდა, დაემსგავსა დიდრონ კიდობანს,
დგას იმის ირგვლივ ყველა ჯიშის ცხოველ-ფრინველი,
შემდეგი კადრი, გრანდიოზულს გავს წყალდიდობას.

და ისევ ქარმა შეუცვალა ღრუბელს იერი,
თუმცა კი ფერი ისევ ისე, მუქი შავი აქვს,
გამოჩნდა კაცი, არ აქვს სახე მას მიწიერი,
ზურგით მძიმე ჯვარს მიახოხებს, მთისაკენ მიაქვს.

შემდეგი კადრი - მომტირალი დედის ცრემლები,
აქ ქარი ჩადგა, არ მოძრაობს, ღუზა ჩაუშვა,
ღრუბელმა სევდა გამოხატა ღრმა გაელვებით,
დაიქუხა და ცოდვილ მიწას წვიმა დაუშვა...

მალე გაჩერდა, მიმოჰფინა სხივები მზემ ცას,
გამოიდარა, სჩანს სამყაროს აეხსნა წყევლა,
ის, მძიმე ჯვარი რომ მიჰქონდა, ამაღლდა ზეცად
და ცაზე ახლა შვიდფერადი დგას ცისარტყელა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს