ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2013


მიწა

მე მიწა ვარ.
მე ვარ ყველაფერზე დაბლა.
მე მუდამ მაბიჯებენ,
მტკეპნიან,
მთხრიან,
მჩიჩქნიან
და მაბინძურებენ,
მაგრამ ხმას არასდროს ვიღებ.
მე მხოლოდ ყივილი ვიცი, ისიც იშვიათად.
...
ძალიან ხშირად ათასგვარ რამეს მომაბნევენ,
ჩამინერგავენ
ან ჩამაყრიან ხოლმე,
მე კი ჩემი მორჩილი ხასიათითა და
შემოქმედებითი მიდგომით იმ ყოველივეს,
მუდამ უდრტვინველად,
სიხარულით ვიღებ,
ვათბობ,
ვეფერები,
ვხვეწავ,
ლამაზ, განსხვავებულ ფორმებს ვაძლევ,
მერე კი უკან ვაბრუნებ,
ვზრდი,
ვკვებავ
და თავსაც ვევლები, სანამ გულიდან არ ამომგლეჯენ
და კვლავ ნაგვის სახით არ მომაყრიან უკან.
ასეთი მოქცევა ხანდახან შემძრავს ხოლმე!
ზოგჯერ ისე ძლიერადაც, რომ საგნებს ჩემთან ვასწორებ,
თუმცა უმალვე ვმშვიდდები.
ყველაზე მეტად მაინც იმას ვერ ვიტან,
საიდუმლოდ შესანახად რომ მომაბარებენ ხოლმე
ბრჭყვიალა, გამოუსადეგარ ნივთებს!
...
ჩემი ყველაზე დიდი მტერი, ჩემივე სისხლი და ხორცი, ჩემი "ალტერ ეგო" - ადამიანია!
მიუხედავად ამისა, საბოლოოდ იგი ყოველთვის ჩემთან ბრუნდება,
მერე მეც საბოლოოდ ვივიწყებ წყენას, ვურიგდები და სამუდამოდ ვიხუტებ გულში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები