ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2013


  ჩამოტვირთვა

სკალდობა

ჯვარგამოსახული ლამეზირი,
დილაუთენია აბარგება.
ვიწრო ბილიკები დამეწყრილი,
ლოცვით დაღლილობის დამარცხება.
მთამდე ფეხშიშველი სიარული,
ხორცი დაწმენდილი საიმედოდ,
ერთად შექუჩების ჟრიამული,
სულმა ცაში უნდა აიხედოს.
მთებზე მოტივტივე სალოცავი,
ირგვლივ ქუდჯვრიანთა ხროვებია,
არის  პეიზაჟი საოცარი,
როცა ღმერთის მონაგროვებია
ყველა,ჯანმრთელიც და ხეიბარიც,
ერთად ღატაკიც და ფულიანიც,
ყველას უნდა,უფალს მიებაროს,
ალალს დაემსგავსოს შურიანი.
სკალდში შეკრებილან სვანები და
ღრუბლებს დაუფარავთ სიმახინჯე,
არის შვებულება წამებიდან,
როცა ფაყის გზაზე მიაბიჯებ,
მაგრამ ეს დღეც მალე გათავდება,
ამ მთებს შეაჭკნება სინანული,
მერე ცა სულივით გაშავდება,
გადაშლის ნაფეხურს მხიარული
წვიმა.დაიცლება ერთიანად
ვერძებშენაწირი არემარე,
ჩვენც სკალდს მივატოვებთ ღმერთიანად,
რადგან ქალაქებშიგავეპარეთ
სვანეთს,უქუდოებს შევერიეთ,
გადამთიელობა დავიბრალეთ,
ღმერთო მოწყალეო შეგვეწიე,
სკალდის თარიგზელო დაგვიფარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები