ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2013


12 თვე

ქრისტეშობას, ახალ წელს და ნათლისღებას,
სუსხიანი იანვარი მოგვილოცავს,
არე-მარეს თოვლისფერად შეღებავს და
ესტაფეტას თებარვალს გადაულოცავს.

ჩააყენებს ხეში წყალს - თვე დღენაკლული,
გააღვიძებს მიძინებულ ბებერ ქარებს,
როს შეიგრძნობს მობრძანებას გაზაფხულის,
სევდიანად მიიკეტავს ზამთრის კარებს.

მოვარდება მარტი - გიჟი, მთვარეული,
გადაიყვანს მის ჭკუაზე ბუნებასაც,
გაიღვიძებს ტყეში კენკრა გარეული,
თათის ლოკვა მოსწყინდება მურა დათვსაც.

აპრილი ხომ მხატვარია გაწაფული,
მოაბიჯებს ოქროს ფუნჯით და პალიტრით,
ფერებს ასხავს არე-მარეს სიყვარულით,
ამ სიყარულს მე ვერ ავღწერ ენით, სიტყვით.

ლამაზ ბაღში გაშლილ ვარდის სუნი მეცა,
აუღია გლეხს სოფელში თოხი, ბარი,
თუ გაჭყლიტე თუთა, ბალი თუ დაგეცა,
ესეიგი მაისია კარს მომდგარი.

დღემ იმატა, ფარფატებენ ფარვანები,
ქვირითობენ თევზები და ყანა ხარობს,
ამ ივნისსაც გავაცილებთ დანანებით,
მალე ქორფა გამოუვა სიმინდს ტარო.

გაივლისდა, მოუმატა მზემ სხივები,
შუადღემდე თუ მოასწრებს მკას სოფელი,
ალაგ-ალაგ ატუზულან თივის ძნები,
კიდევ ცოტა დარჩენილა შესაკვრელი.

აგვისტოში ვარსკვლავთცვენას უდარაჯე,
ბევრი წყდება,თითქოს ცაზე ვერ ეტევა,
ფერისცვალებაზე თუ ვერ ეზიარე,
ოცდარვაში ღმრთისმშობელი შეგეწევა.

სექტემბერი ხავერდოვანს გეტყვის სალამს,
გეამება სიო ზღვიდან მონაბერი,
ყურძენი რომ თავს დაუხრის მორცხვად წალამს,
მათ გრძნობებში ჩაერევა ოქტომბერი.

ვაზს მოსწყვეტენ მწიფე მტევანს ღვინობისთვეს,
გასინჯავენ მაჭარს, სანამ დაღვინდება,
არ დალიოს? ოქტომბერში ვინ მოითმენს?
ღვინობისთვეც ქეიფ-ქეიფ გაფრინდება.

ნოემბერსაც მისი მოაქვს ჟრიამული,
გიორგობას მხიარულობს ერი, ბერი,
შემოდგომა დაიღლება სიარულით,
ძველ წელიწადს გააცილებს დეკემბერი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები