ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2013


ბარათაშვილის ძეგლს

ბებერი მთვარე დგას ღამის ცვლაში,
ძველი თბილისის ერთგულ დარაჯად,
და ვით სარკეში – ისწორებს მტკვარში,
მხრებზე ვარსკვლავებდაყრილ ფარაჯას...

დღეს ვის უნათებს, ნეტავ მოხუცი,
რაზე ჩურჩულებს მახათას მთასთან?
ბარათაშვილის გასაჭირს უხსნის -
პაემანი აქვს ქართლის დედასთან...

და აი ისიც, გამოჩნდა ტატო,
თავის მერანზე ამხედრებული,
ცხრა მუზა ახლავს, არ არის მარტო,
მოდის და თითქოს წინ უსწრებს გული.

წლებია უკვე შორიდან ეტრფის,
თვალს ვერ უსწორებს ქართლისა დედას,
დღეს კი ყველაფერს პირისპირ ეტყვის,
სიყვარულის თქმას დღეს გაუბედავს.

ჩამოქვეითდა ზემო ბეთლემთან,
გადაიწერა სამჯერ პირჯვარი,
მიუახლოვდა დედას ქართველთა,
ცა გაირინდა, დადუმდა მტკვარი...

- "მიყვარხარ, შენი მწვავს ტრფობის ალი!" -
ძლივს ამოღერღა ოსტატმა სიტყვის,
"ან შემიყვარე, ანდა მომკალი,
რაც გინდა მიყო, აუგს არ ვიტყვი!

შენი სწორი რომ არა ვარ, ვიცი,
და ნუ იკითხავ, ვით ვბედავ ამდენს,
მოვსულვარ, რათა დაგიდო ფიცი
ერთგულებისა უკუნისამდე!..

მახვილს დამკრავ თუ სასმისს მიბოძებ -
არჩიე მომკლავ თუ გადამარჩენ,
მე კი წავალ, მტკვრის სანაპიროზე
დავუცდი შენი გულის განაჩენს..."

და ქედმოხრილი მას მერე, ტატო,
დგას მტკვრის ნაპირას გაძეგლებული,
ერთი შეხედვით თითქოსდა მარტო,
მაგრამ უსაზღვროდ შეყვარებული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები