ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2013


,,შენრაცგინდა,, (2)

_შოთა ბაბუა! შოთა ბაბუაა!  _ თეკლა ახალშეკვირტული მსხლის ქვეშ მჯდომ  ბაბუას მივარდა.  უკან ნანა და გიორგი მოსდევდნენ. _ შოთა ბაბუა,  ფანჯრების ფერებს ვარჩევთ.  ნანა და ქეთი შეთანხმდნენ, გიორგი და ლუკაც, მე და მარის წითელი გვინდა და გოჩა ამბობს არ მოგცემთ მაგის ნებასო. _თან თვალები აუწყლიანდა. 
  _ჩემს სახლში ჯერ მე ვარ უფროსი და როგორც  შენ გინდა ისე იქნება ! 
  _ვიცოდი ბაბუ, შენ ყველაზე , ყველაზე კარგი ხარ! მთელ სოფელში  მხოლოდ ორი ბაბუაა , ერთი ჩემია და მეორე ყველასი_ თან გიორგის და ნანას ნიშნის მოგებით გადახედა. თან ჩემმა ბაბუამ დააარსა ეს სოფელი.
  _ დააარსა  თუ არა, სულ ხოხბების დევნაში იყო...  ცხონებული ჩემი მამამთილი არ ყოფილიყო , დარჩებოდა ბაბუათქვენი ჭიანჭველების ბუდეში საცხოვრებლად. _ მინე ბებიამ  თავშალი შეისწორა.
  _ქალო, ახლა არ დაგტოვე ბაღჩაში ?  არა, ბავშვებო, უნდა დამეხმაროთ. რაც ცოლად მოვიყვანე, იმის მერე ვადგენ, რამდენი ქალი მოვიყვანე ცოლად. ბაღჩაში ჩახვალ_ ლობიოს  რგავს, ახორში შეხვალ_ძროხას წველის , სახლში შეხვალ_ სამზარეულოში ფუსფუსებს, ყველგან როგორ უნდა იყო ქალო?  ჯადოქარი ცოლი მყავს. _ ჩაიცინა შოთამ .
  _ ილაზღანდარავე და გაზარდე ეს ბავშვებიც შენნაირი  უსაქმურები!_ ვითომ გაბრაზებული სახით შეტრიალდა ბებია.
  _ 75 წლის კაცი  დილის ექვსი საათიდან ვშრომობ, ხუთი საათი მოახლოვდა, ჩამოვჯექი და ისიც ბევრად მოგეჩვენოს!_ მიაძახა მეუღლეს შოთამ და ისევ ბავშვებს მიუბრუნდა. _ მინე  დგება  გამთენიისას , გადის გარეთ , შელოცვას ამბობს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოდის მზე.  ჯადოქარია ნამდვილი. ფრენაც იცის. ასეთი კაფანდარაა ბავშვობიდან. ხომ იცით, ერთ სოფელში ვცხოვრობდით. ქარი რომ მოიქროლებდა ააფრიალებდა მინეს და  მთელი სოფელი დასდევდა უკან, ხან ერთი ხიდან ჩამოხსნიდნენ შემოკავებულს, ხან მეორედან .ქარიან ამინდში ეზოში არ უშვებდნენ,  მერე  დედამისმა ჯიბეებიანი წინსაფარი შეუკერა. გინახავთ ჯერ ბებიათქვენი უწინსაფროდ?
  _ არა! _  ბავშვებს გაოცებისგან პირები დაეღოთ._მერე?
  _პირები დახურეთ. ყელი გაგიცივდებათ _ ჩაიცინა შოთამ. _მერე ის, რომ იმ წინსაფარში ყოველთვის რაღაც უდევს. ასეა?
  _კი_ გაოცებულმა თეკლამ პირი დააღო, მაგრამ ნანას შეხედა, რომელსაც თავისი და გიორგის ყბა ეჭირა  და თვითონაც დახურა პირი.
  _სკოლაში წასვლისას ჯიბეებში ქვებს იწყობდა . მარტო მიდიოდა დილაობით ყოველთვის და იმიტომ . მზისთვის ხომ უნდა ეთქვა ამოდიო?!  სკოლის ეზოში ამოყრიდა ქვებს და გაკვეთილების დამთავრებისას უკან ერთად ვბრუნდებოდით . იქეთ -აქედან ვკიდებდით ხელს სოფლის ბავშვები და მიგვყავდა სახლში.  ჩვენი სკოლა ხის იყო. გროვდებოდა ყოველდღე მინეს მოტანილი ქვები სკოლის ეზოში.  გაკეთდა დიდი გორაკი.  მეშვიდე კლასში ვიყავით , როცა დირექტორის გადაწყვეტილებით  ახალი, ქვის სკოლა  ააშენეს .  აბა!
    _  არ დაანებო თავი მაგ მეზღაპრეობას, ასულელე ბავშვები  და ძროხა თავისით ამოვა სახლში. ჩადი ალაგეზე და ამოდენე!_ ხმის გაცემას აზრი არ ჰქონდა. შოთა ბაბუა მაშინვე დაემორჩილა.
   

 
  იქ, სადაც ორკუზა მთის კალთიდან ზღვის სანაპიროზე ეშვები, მთის ფერდობზე გაშენებულია მწვანეში ჩაფლული  სოფელი ,,შენრაცგინდა,, .  სოფელში უწესრიგოდაა მიმოფანტული ერთსართულიანი სახლები. ყოველ მათგანს სხვენი და სარდაფი აქვს, ეზოში_დამხმარე ნაგებობები. .  სახლები ქვითაა ნაგები, ფანჯრები  კარ-ფანჯარა კი ხისა აქვთ, ამიტომაც ღებავენ ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ, გაზაფხულობით.სახლები ღობეებით არის  შემოსაზღვრული
  იმ წელსაც, ტრადიციულად ოჯახის ყველაზე პატარა წევრებს უნდა შეერჩიათ ფერები.  უფროსებს ქალაქში შესაძენი საღებავების სია ხელში ჰქონდათ:
  ,,ჩვენი სახლის ფანჯრები  იქნება ვარდისფერი! _პრინცესა ნანა და პრინცესა ქეთი.
  ჩვენ ცისფერ სახლში ვიცხოვრებთ!_სოფო და ნიკა
  ჩვენ წითელფანჯრებისნი სახლი გვინდა_ თეკლა და მარი. თუ წითელ საღებავს იყიდით, მე სახლიდან მივდივარ_გოჩა.
  მართას თეთრი სახლი უნდა. თანახმა ვარ. ლუკა.
  ლურჯი. ირაკლი. გიორგი.,,
    გოჩამ სახლიდან წასვლა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც მშობლებმა მწვანე საღებავი ამოიტანეს ფანჯრებისთვის და წითელი _ხის ღობის შესაღებად.
    საღამოს გია ბიძიამ ხან მთვარეს უყურა, ხან კატას, ხან ვარსკვლავებს და დაასკვნა, რომ :
    _ხვალ დარია! დილაადრიან  იცვამთ ძველმანებს, გაჩნდებით ჩემს ეზოში და ვიწყებთ სახლების ღებვას!  საღებავები, ფუნჯები...  ყველაფერი მზადაა.
    _ვაშაა!
    _ნანა , თეკლა, გიორგი! თქვენთვის პატარა ქილებში ჩასხმული საღებავები მაქვს. ძველ ტაბურეტებს ამოვიტან სარდაფიდან და იმას შეღებავთ.
    _გასაგებია. უფროსებს არასოდეს მოსწონთ ჩვენი ჩარევა, გვეუბნებიან ფეხებში გვედებითო. არაუშავს. ჩვენც გავიზრდებით!  ხვალ კი თქვენზე უკეთ გავერთობით_ თეკლამ ნანას და გიორგის ხელი ჩასჭიდა და თავის ეზოში წაიყვანა.
    დილის შვიდ საათზე ყველანი მზად იყვნენ, შეღებეს ფანჯრები, ღობეები, ეზოში, ხეების ქვეშ დადგმული ხის მაგიდები და სკამები. ირგვლივ  სიახლის სურნელი დადგა. ერთმანეთთანაც გადავიდნენ, შეაქეს, შეადარეს, შეამოწმეს...  შუადღე გადასული იყო, ნანა, თეკლა და გიორგი, თავიანთი ტაბუტებით  მხოლოდ ახლა გაახსენდათ. აღმოჩნდა, რომ არავის უნახავს  დილის შემდეგ.  ძახილსაც რომ არ გამოეხმაურენ, უფროსებს სახეზე შეშფოთება დაეტყოთ:
    _გვეძახიან, წავიდეთ_  ბალახებში გაშოტილი ნანა ფეხზე წამოდგა.
    ბავშვებს კი თავიანთი ტაბურეტები ღელის პირას წაეღოთ , კარგა ხანია შეეღებათ და  საღებავიც  გამშრალიყო.
    _არ ვუპასუხოთ! კარგი იყო, სადილზე რომ არ გავახსენდით? კიდევ კარგი პური და ქილით მაწონი  წამოვიღე .
    _ თავს რომ არ მოიმშევ, ყველამ იცის, ალბათ ამიტომ უფრო შეშინდებიან  . თან ჭკუას ისწავლიან, მიხვდებინ რომ პატარა ბავშვების უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება. _ გაიცინა გიორგიმ
    _ხომ შეიძლებოდა გველი შეგვხვედროდა და შიშისგან ენა გადაგვეყლაპა_თქვა ნანამ და თან თავისი ნათქვამის შეეშინდა.
    _ახლა რა ვქნათ? _გიორგიმ მთქნარებით მიმოიხედა ირგვლივ და მზერა ნანას შავ რეზინის ფეხსაცმელებზე შეაჩერა. _შავი საშინელი ფერია. ვინმე მოგიკვდა? _ნანა დაფიქრდა
    _მკვდარი თაგვი რომ იპოვა სარდაფში ალბათ იმიტომ აცვია_შეშფოთებული სახე მიიღო თეკლამ.
  _ის თაგვი ერთი თვეა რაც ვიპოვეთ , სწორედ იმ დღეს მომიტანა მამამ ეს ფეხსაცმელი.
  _გაიხსენე, იქნებ ცოტა მეტი დრო გავიდა_ გიორგიმ ნანას ისეთი მუდარით სავსე თვალებით შეხედა, რომ ნანა დათანხმდა:
  _შეიძლება ცოტა მეტიც იყოს...
  _უფ, ორმოცი გასულა. შავების ტარება აღარ შეიძლება , უნდა გადავღებოთ_თქვა გიორგიმ, წითელ საღებავში ჩააწო ფუნჯი _გამომიწოდე ფეხები! _უბრძანა ნანას და თვალის დახამხამებაში გოგონას წითელი ფეხსაცმელი ეცვა.
  _ფეხებიც ძალიან თეთრი გაქვს, ალბათ ძალიან ინერვიულე!_ თანაგრძნობით სავსე თვალებით შესცქეროდა და და ისე უსვამდა ნარინჯისფერ საღებავიან ფუნჯს ფეხზე თეკლა._ ვითომ წინდები გაცვია._მოდი პრინცესობანა ვითამაშოთ_გახალისდა უცებ.  გიორგიმ გვიმრის და ყვითელი ყვავილების დიდი კონა მოიტანა და  თეკლას ფეხებთან დაუყარა.
    _ ყვავილების გვირგვინი და გვიმრის ქვედაკაბა გააკეთე. მე პრინცესას სამკაულებს მივუხატავ .
  _ულამაზესი ხართ პრინცესა ნანა. მე ჯადოსნური ყვავილი ვიქნები, რომელშიც ნატვრისთვალია დამალული, გიო_ურჩხული, რომელიც ნატვრისთვალს იცავს.
  თეკლას ხელებიმხრიდან  მაჯებამდე მწვანედ შეუღებეს,ხელისგულები_ყვითლად,  ხელის მტევნები _წითლად.ერთმანეთზე  ყვავილივით მიკრულ ხელში კი ღელიდან ამოღებული, ნარინჯისფრად შეღებილი კენჭი_ნატვრისთვალი ჩაუდეს.  გიორგის ლურჯი ზოლები გაუკეთეს სახეზე და ხელებზე.
    _რა ზებროვანი ურჩხულია_ გოგონებმა გადაიკისკისეს.
  პრინცესა ნანას უამრავი რამ გადახდა თავს ნატვრისთვალის მოსაპოვებლად:ეკლებზეც გადახტა, ხეზეც აცოცდა, ღელეშიც დაისველა ფეხი, ბოლოს კი ტირილით დაითანხმა ურჩხული ნატვრისთვლის მიცემაზე, რათა ავადმყოფი დედა გადაერჩინა.  მიუახლოვდა ჯადოსნურ ყვავილს, ნატვრისთვალი აიღო და ის იყო  სურვილი უნდა ჩაეფიქრებინა, რომ კივილი გაიმა:
    _ალქაჯებოოო, მაიმუნებოო, შეხედეთ რას დამსგავსებიან!_ დაღმართზე თეკლას ბებია, მინე მორბოდა  თავისი განუყრელი ჯოხით.
  _ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, გააქრე ბოროტი ჯადოქარი!_ ჩაიჩურჩულა ნანამ.  არ ვიცი ნატვრისთვალმა მართლა გაიგონა თუ არა ნანას ნატვრა, მაგრამ ბავშვებს და ბებიას შორის საიდანღაც გია ბიძია ჩადგა.
  _მინე დეიდა, ნუ შეწუხდებით!  ახლავე მოვაგვარებ ყველაფერს. _ თან ბავშვებისკენ მიტრიალდა_ ჩქარა ,გეძებენ , გაიქეცით!_ბავშვები თვალისდახამხამებაში გაქრნენ სახლისკენ მიმავალი , გია ბიძიაზე დაყრდნობილი, ბებია კი გაუჩერებლად ქოთქოთებდა:
  _ესენი ხომ ბავშვები არ არიან... თვალს ვერ მოაშორებ . თქვენი ბრალია ყველაფრის უფლებას რომ აძლევთ!
  _რა ყოჩაღი ხარ ნანა, ნატვრისთვალისთვის სურვილი რომ არ გეთქვა, მინე ბებიას რა გადაურჩებოდა? _იცინოდა თეკლა.
  _ჯერ არ ვართ გადარჩენილები, თან მთავარი სურვილის ჩაფიქრება ვერ მოვასწარი და პრინცესას დედა მოუკვდება.
  _ არ მოუკვდება, ფხლის ფოთოლს დავაფენთ შუბლზე და გადარჩება_თავისი მიხვედრილობით ბედნიერი გიორგი გოგონებს შორის ჩადგა , ხელები ჩაჰკიდა და რამოდენიმე წუთში ყველამ იცოდა მათი ზღაპრის ბედნიერი დასასრულის შესახებ.  მალე ბებია და გია ბიძიაც გამოჩნდნენ ტაბურეტებით ხელში. ბებიას  ბრძანების თანახმად ნავთიანი ჩვრებით დაწმინდეს სამივე, შემდეგ კი საპნიანი თბილი წყლით იმდენი ხან ბანდნენ , რომ , როგორც თეკლა ირწმუნებოდა, ღამით ახალი კანი რომ არ ამოსვლოდა, მეორე დღეს უკანო უცხოპლანეტელივით იქნებოდა .

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები