ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2013


გზადაგზა ნაპოვნი ამბები: სოფლის სუნი

მზესთან ერთად დგება ყოველ დილით.  დღეს მნათობსაც მოასწრო ადგომა. ფრთხილად გამოიარა საძინებელ ოთახებში - ოჯახის წევრები რომ არ გაეღვიძებინა. ფეხაკრეფით ჩაიარა კიბეც, კიბის ბოლოს, მხიარულად მოწკმუტუნე ძაღლს ალერსიანად გაუწყრა- გაჩუმდი მურია, ძინავთ ჯერ შენს პატრონებსო.
გვიან დაწვა წუხელ. საოჯახო საქმეები რომ მოილია, მერე საკუთარ თავს მიხედა. თმა შეიღება, საგულდაგულოდ დაიხეხა ხელ-ფეხი, თუმცა,  ჯაფის კვალი მაინც ვერ წაშალა თითებიდან. ბოლომდე დაჭრილ ფრჩხილებზე „ბათუმის  ლობიოსფერი“ ლაქი წაისვა- მხოლოდ ამ ფერის ლაქი მიაჩნდა მისი ასაკის და პროფესიის ქალების შესაფერისად. საწოლში რამდენიმე სახელმძღვანელოც შეიყოლა, მაგრამ ისე უცებ მოეკიდა ძილი, წიგნების გადაშლაც კი ვერ მოასწრო. მაღვიძარა არასდროს დასჭირვებია, მაგრამ თადარიგი დაიჭირა- ადრიანად უნდა მიხედა ოჯახისთვის, რომ დილის მატარებლისთვის მიესწრო მეზობელი სოფლის სადგურზე. მაინც მაღვიძარას დარეკვამდე გაეღვიძა.
ეზოში ჩასულმა პირდაპირ ბოსელს მიაშურა, კარი გამოაღო. პირუტყვმა პატრონის დანახვაზე დაიზმუვლა.
-ასე ადრე არ მელოდი, ბაჩანა?- სიცხისგან დანამულ, გრილ ფერდებზე ჩამოუსვა ხელი მარჩენალ ძროხას. მერე მის ნაშიერსაც მიუალერსა და ნიშა ხბო დედის ცურთან მიუშვა. ბოსლის კარზე დაკიდებული ხალათი მოიცვა, თავსაფრით თავი წაიკრა და დილის ჩუმ მელოდიებს სათლში რძის რიტმული შხუილის ხმაც შეერია.
ყველის ამოყვანას ვერ მოსწრებდა, მაცივარი კი  კარგა ხანია გაფუჭებული აქვთ. ივლისის ცხელი დღეები იდგა . რძე რომ არ ამჟავებულიყო მის დაბრუნებამდე, წამოადუღა . სამზარეულოში, სასადილო მაგიდაზე დადგა, წინა საღამის თონეში გამომცხვარი, თბილად შენახული ლავაშებიც იქვე დააწყო,  ყველის მოზრდილი ნაჭერიც დადო. გახამებული, ქათქათა ტილო გადააფარა ყველაფერს. კმაყოფილი დარჩა, რომ ქმარ-შვილისთვის საუზმის  გამზადებაც მოასწრო. მერე  ქათმებიც დააპურა, გოჭებიც.
უცებ დაიბანა ხელ-პირი, მოგრძო თმა , ძველებურად, რამდენიმე თმის  სარჭით კეფაზე ჩაიხვია, ბოშა ქალისგან ნაყიდი „ფრანგული“ სუნამო იპკურა, წინა დღით გამზადებულ ჩანთაში საგარეო, ქუსლიანი ქოშები ჩადო. მიიხედ-მოიხედა, ხომ არაფერი მრჩებაო. „სერვანტის“ ვიტრინაში ყავის ჭიქასთან ვალიდოლის ტაბლეტები და პიტნის წვეთებიანი შუშა შეამჩნია- უიმე, ესენი კინაღამ მავიწყდებოდაო, პარკში საგულდაგულოდ გაახვია და ჩანთის წინა ჯიბეში ჩადო. რეზინის „ჩუსტები“ არ გაუხდია- რამდენიმე ფერდობი უნდა ჩაევლო სადგურამდე და ქოშებით ვერ ივლიდა.
აჩქარებული ნაბიჯით ჩაუყვა ნამიან ფერდობებს. სოფელი ნელ-ნელა იღვიძებდა.  უბნის ნახირი გამოერეკა საბალახოდ მეზობლის ბიჭს.
-გამარჯობა,  ნათელა მასწავლებელო!- შორიდანვე მიესალმა ბიჭი და ნახირი ისე მიდენა გვერდზე, თითქოს კაფანდარა ნათელა მასწავლებელი ვერ გატეოდა საცალფეხო ბილიკზე.
-რა ადრიანად გამოსულხართ,  ბიჭო! - ქოჩორი აუწეწა მასწავლებელმა მოსწავლეს.
- გიგო, შვილო, ქუთაისის მატარებელს ჩავუსწრებ პლატფორმაზე?
ბიჭმა მზერა მოიჩრდილა და მწუხარედ გადააქნია თავი - ვერა, ნათელა მასწ, ჩანს უკვე მატარებელიო.
უფრო აუჩქარა ნაბიჭს ნათელამ, მაგრამ ამასობაში მატარებლის ხმაც გაიგონა და მიხვდა, მართლა ვეღარ მიუსწრებდა. ოდნავ შეცვალა მიმართულება და სამანქანო გზისკენ დაეშვა. „ ოთხჯერ მეტი უნდა გადავიხადო ახლა მგზავრობაში, მაგრამ, ნეტავ, არ დავიგვიანებდე და აღარ დავეძებო’_ გაიფიქრა.
როგორც კი ჩაივაკა, ქოშები ჩაიცვა და „ჩუსტები“ ჩანთაში შეინახა. სველ ბალახს ფეხიც დაესველებინა, მაგრამ ისეთი ბრდღვიალა მზე ამოსულიყო უკვე, რომ ავტობუსის მოსვლამდე  გაუშრა. გზაში მაინც გადახედა იმ წიგნებს-„ისეთი რა უნდა შემხვდეს, რომ ვერ დავწერო ამდენი ხნის მასწავლებელმაო“- თავი გაიმხნევა.
ბეწვზე მიუსწრო გამოცდის დაწყებას.  ყველაზე ბოლო შევიდა საგამოცდო ოთახში. მისთვის განკუთვნილ მაგიდას მიუჯდა, დაცვარული შუბლი მოიწმინდა, ვალიდოლის ნატეხი ენის ქვეშ ამოიდო, საგამოცდო ტესტი გადაშალა და რასაც პირველად მოხვდა მისი მზერა, ის წაიკითხა :
“გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?“
სასიამოვნო შეგრძნება თუ მოგონება მოეძალა, გაეღიმა, ღრმად ამოისუნთქა და წერა დაიწყო.
გამოცდის დამკვირვებელმა კეკლუცმა ქალბატონებმა ჩუმად გადაულაპარაკეს ერთმანეთს:
-ბოლოს რომ ქალი შემოვიდა, იგრძენი რა სუნი ჰქონდა? რძის, ბალახის თუ რაღაცის..
- ჰო, სოფლის სუნი - ნაზად შეარხია მარაო მეორემ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები