ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პროზა
13 ივლისი, 2013


ასობით მილი და შორს (თავი II)

მონტე, ლისბონი


...უბრალოდ თქვენმა ჩაცმულობამ დამაფრთხო. ადრეც შეგამჩნიეთ. ვერ ხართ კარგი მზვერავი. მე მეგონა, მომაგნეს-მეთქი. კიდევ კარგი დემიტო ახსენეთ, თორემ მაჯას ნამდვილად მოგტეხავდით. შემდეგ კი ნაცემს ამ მყრალი ბარის სანაგვეში ჩაგიძახებდით. ეს ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე დაცულად ითვლება ევროპაში, მაგრამ ამ უბანში, ალტო დო ლუმიარში, სამშენებლო ზონაა. დაგმარხავენ და ზედ ცათამბჯენს დაგაშენებენ. ასე რომ ფრთხილად იყავით, აქ უცხო სახეები დიდად არ უყვართ. მე როგორ მოვხვდი აქ? ჩემს ფრანგულს ალბათ ეტყობა ესპანური აქცენტი, დიახ, ესპანელი ვარ, ამერიკიდან. არც თქვენ ხართ აქაური, თვითონ ვერ დავიტრაბახებ ფრანგულის ცოდნით, მაგრამ თქვენ აშკარად ჩემზე უარესად იცით.

დემიტოს ეძებთ? ეჰ. ეგ ბიჭი თავგადასავლების მოყვარულია, როგორ მომპარა ჩემი მოტოციკლი... მაგრამ მე მგონი, კარგი ქნა, ეგრე რომ მოიქცა. სხარტი იყო, ენერგიული... თქვენ მისი ძმა ხართ, არა? ისე კი ჰგავხართ... მაგრამ ვინც უნდა იყოთ, ეჭვი მეპარება, შევძლო მოგეხმაროთ მის პოვნაში. მოდით, მოგიყვებით, როგორ გავიცანი თქვენი ძმა.

კალიფორნიაში შევხვდი დემიტოს. უდაბნოს გზატკეცილზე მოვდიოდი ჩემი მოტოციკლით, არ ვიცი როგორ, მაგრამ ავარია მომივიდა. არ მახსოვს, რა მოხდა. უბრალოდ, დაცემა ვიგრძენი და გავითიშე. ძალიან ცხელოდა, ალბათ ერთი-ორი საათი ვეგდე ასე. შემდეგ ნელ-ნელა გამოვფხიზლდი, თვალები გავახილე. აზროვნებაც კი მიჭირდა რაღაც მომენტში, მაგრამ როგორც იქნა, გავიაზრე, რომ მოტოციკლიდან ჩამოვვარდი და მეგონა, ძალიან დალეწილი ვიყავი. ვერ ვდგები, ვერ ვმოძრაობ, მობილური ჯიბიდან ამოვიღე, მაგრამ ნომერი ვერაფრით ვერ ავკრიფე. ვფიქრობ, წასულია ჩემი საქმე. ამ დროს დამადგა თავზე დემიტო. არ ვიცი, საიდან გაჩნდა, მანქანის ხმა არ გამიგია, ან როგორ გავიგებდი, ყურები მიბზუოდა. რაღაცას მელაპარაკებოდა და ვერ ვიგებდი. შემდეგ ჩემი ტელეფონი აიღო, დარეკა, ლაპარაკობდა, აქეთ-იქით დადიოდა, ხან ვხედავდი, ხან ვერა. მინდოდა ერთ ადგილას გაჩერებულიყო. ცხვირი უკვე მიღიზიანდებოდა ჩემი სისხლისა და დამწვარი საბურავების სუნით.

ბოლოს ტელეფონი ჯიბეში ჩამიდო, გაბრუნდა. ვიფიქრე, ალბათ სასწრაფო გამოიძახა და თავის საქმეზე მიდის-მეთქი. მაგრამ სმენა უცბად დამიბრუნდა და ჩემი მოტოციკლის ხმა გავიგე. იმ მოტოციკლის მოტორს უამრავ ხმაში გამოვიცნობ, თუნდაც დამმარხონ.

ეს უბრალო მოტოციკლი არ გეგონოთ. მე და ბიძაჩემმა ერთხელ კაზინოში ათი ათასი დოლარი მოვიგეთ, ბიძაჩემს დაბადების დღე ჰქონდა და ვუთხარი, რაც გინდა იყიდე-მეთქი. მიპასუხა, რომ უნდოდა ოცნებას გაკიდებოდა. ზუსტად რას გულისხმობდა არ ვიცი, მაგრამ ისე თქვა, გულიანად. მოტოციკლი უნდოდა. მეორე დღეს მოვიარეთ ლოს ანჯელესი, ათასნაირი მოტოციკლი ვნახეთ, მაგრამ ბიძაჩემი სულ ყოყმანობდა. დაწვრილებით სწავლობდა  ყველა მოდელს, სანამ წუნს არ უპოვიდა და მერე მეტყოდა, სხვაგან წავიდეთო. საღამოს ძველ მეგობარს შევუარეთ და მის ეზოში იდგა ეს მოტოციკლი, ჰარლეი დევიდსონ 883 რკინა. პატრონი გაყიდვას უპირებდა. ბიძაჩემი მაშინვე გავიდა, ბანკიდან ხუთი ათასი გამოიტანა და იყიდა. არც დაუთვალიერებია, არც გაუტარებია. თვითონ ავტომობილების ხელოსანი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მოტოციკლებიც ესმოდა. რაღაც ნაწილები გამოუცვალა, რაღაცები გადაუკეთა, ერთი კვირა გარაჟიდან არ გამოსულა.

ეს მოტოციკლი სხვებს არა ჰგავს.  ხმაც კი გამორჩეული აქვს, ხმაურიანი, მაგრამ რბილი. არც გრძელია, არც მაღალსახელურებიანი. თვალში საცემი არაა, მაგრამ თუ ყურადღებას მიაქცევ, გარაჟში სხვა მოტოციკლს აღარ შეიყვან. 2.5 მოტორით, ეს პატარა და მსუბუქი მოტოციკლი, სიჩქარის დემონია. ერთ წელიწადში ბიძაჩემი გარდაიცვალა, მისგან მხოლოდ ჰარლეი დევიდსონი დამრჩა. გავლოთდი, მშენებლობებზე ვმუშაობდი და გამომაგდეს იქიდან... თითქმის მთელი წელი უაზროდ დავდიოდი საითაც გული გამიწევდა, ფულს ხან ვიპარავდი, ხან რაღაც ბინძურ საქმეებს ვაკეთებდი - თანაც ყველასთვის. სულერთი იყო, შავკანიანთა ბანდა, ლათინოსები, სკინჰედები თუ პოლიციელები, ვინც მეტს გადამიხდიდა, იმათ ვეხმარებოდი.

ლოს ანჯელესის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გეტოა და დიდხანს ისევ გეტო იქნება. უბრალოდ, უნდა იცნობდე ხალხს. მე ლათინოსებთან ვიყავი კარგად, რადგან თვითონ ლათინოსი ვარ. ლათინოები და შავკანიანები ერთ ფენაში გადიან, მე შავ უბანში ვიზრდებოდი. მოკლედ, ყველგან მყავდა ჩემიანები.

ერთი სიტყვით, ასე მიდიოდა ჩემი ცხოვრება, სანამ ავარია არ მომივიდა და დემიტო არ გამოჩნდა. ვგდივარ მიწაზე, ვერ ვმოძრაობ. დემიტო ჩემს მოტოციკლზე ზის, ჩემთან მოგორდა, გადმოვიდა. მტაცა ხელი და მოტიკლზე დამსვა. თვითნ უკან მომიჯდა და წავედით. გზაში ვითიშებოდი ხოლმე, საბოლოოდ ჰოსპიტალში მოვედი აზრზე. სერიოზული არაფერი მჭირდა,  ოდნავი დაბეჟილობისა და რამდენიმე კოპის გარდა. დემიტოს ჩემს პალატაში ეძინა. ჰო, დიმიტრი, მაგრამ მე დემიტო შევარქვი. დიმიტრი უცხოდ ჟღერს, დემიტო მირჩევნია. ფულის შოვნა უნდოდა. ჰოსპიტალიდან არ მწერდნენ, მაგრამ დემიტომ მაინც გამომაპარა.

ფულის საშოვნელად ძირითადად ჩემს მეგობრებთან მივდიოდი. მოკლედ, საქმე ვიშოვეთ, და თანაც სერიოზული - ამერიკის ნაციონალური ბანკის ფილიალის გაძარცვა. ჩვენი ნაცნობები მუშაობდნენ იქ დაცვაში. ფული იმათაც უნდოდათ, ხო იცი, ჩვეულებრივ, ციხე შიგნიდან ტყდება. დანარჩენ სტრატეგიას აღარ მოგიყვებით.  მე მინივენით ხალხი მივიყვანე, დემიტოს ჩემი მოტოციკლი მივეცი. ყველანი დათქმულ დროს ფილიალთან ვიყავით, შეცვივდნენ შიგნით და ატეხეს ერთი ამბავი. მაგრამ პოლიციამ მაინც მოგვისწრო, ვიღაცამ ჩაგვიშვა. ბიჭები დაიჭირეს, მე მანქანაში ვიჯექი და შეუმჩნეველი დავრჩი. როცა პოლიცია შიგნით შევიდა, მე მანქანიდან გადმოვედი და გავუჩინარდი. მაგრამ მთავარი დემიტოა! ჰა,ჰა! ეს ამბავი შეიძლება გაგონილიც გქონდეთ, და იცოდეთ, რომ ეს დემიტომ ქნა. ეს ფილიალი კანიონ ქანთრიში იყო. დემიტომ მოახერხა ფულით სავსე ტომრით გაქცევა, მოახტა მოტოციკლს და კანიონ ქანთრიდან სანტა კლარიტას ბოლომდე ამ ფულს ქუჩაში ყრიდა! შეიქნა ერთი ამბავი, ეს დოლარების შეკვრები ყრია ქუჩაში - ხალხი გაგიჟდა! ტელევიზორში სულ ეგ იყო და სულ მაგაზე ლაპარაკობდა ყველა. ყველა მეკითხებოდა, ვინ არის, სად იპოვე, საიდან მოიყვანეო? მე კი ვპასუხობდი, რომ დემიტომ თვითონ მიპოვა.

იმის მერე აღარ მინახავს. არც არაფერი გამიგია მისგან.

მეუბნებოდა ხოლმე, ეგ მოტოციკლი მხარზე ჩამომჯდარი ეშმაკია შენთვის, უნდა მომცეო. მართლაც, იმ ამბის მერე ფულის შოვნა ნორმალური გზებით დავიწყე და საქმეები კარგად მიმდიოდა. მგონი, უფრო მეტსაც ვშოულობდი, დავუბრუნდი მშენებლობებს.

აქ ერთი სამშენებლო კომპანიის უმცროს არქიტექტორ-კონსულტანტად ვარ. რადგანაც განათლება არ მაქვს, იურიდიულად ვერ გამაფორმებენ, როგორც არქიტექტორს, ამიტომ კონსულტანტის სტატუსი მაქვს. განათლებულები ხაზავენ ფურცელზე რაღაცას და როცა საქმე ბლოკების ერთმანეთზე დადებას მიადგება - არ იციან, რა ქნან. მშენებლობაზე როდესაც ხარ, ამას თავისი ალღო უნდა, ცოდნა, გამოცდილება. გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს.

რატომ გამოგექცათ დემიტო? რატომ ეძებთ?

-სამწუხაროდ მაგ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ. ოჯახის საქმეები ოჯახში უნდა დარჩეს.

-ჯანდაბას თქვენი თავი. ამ ლუდისას თქვენ გადაიხდით. ძალიან უცნაური ბიჭია დემიტო, ერთი შეხედვით მარტივი - ახალგაზრდა და გადარეული, მაგრამ დროთა განმავლობაში ვატყობდი, რომ ძალიან გაწონასწორებული და წინდახედული იყო. ჩვენ მაგივრად, ჩვენზე ადრე ჰქონდა  დაგეგმილი იმ ბანკის ამბავი. დარწმუნებული ვარ, იცოდა, პოლიცია რომ მოვიდოდა. დაჟინებით მოითხოვა, მოტოციკლი მას ჰყოლოდა და მე, ჩემდა დაუკითხავად, მძღოლად გამამწესა. დიდი დანაკარგი უნდა იყოს თქვენი ოჯახისთვის, ასეთი შვილის გაქცევა.

-ესე იგი ჩემი ძმა შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობდა?

-კი. მაგრამ ასე ნუ გაიგებთ. ჰო, გეტოში ბანდასთან ერთად ბანკი გაიტანა და გაიქცა, ალბათ იძებნება, თუ უკვე არ დაიჭირეს. მაგრამ, ყოველ საღამოს მუხლებზე იდგა და ლოცულობდა. დემიტომ კარგად იცის, სად იყო და რა უკეთებია. ვიღაცამ უნდა უბიძგოს სწორი მიმართულებისკენ. ისევე როგორც თვითონ მიბიძგა მე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები