ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2013


ასობით მილი და შორს (თავი III)

მირჩევნია ლოთი ვიყო, ვიდრე ბრმა. ვერავინ გადამარწმუნებს იმაში, რაც საკუთარი თვალით დავინახე! არც გაბედონ და თქვან, რომ ვითომ რაღაც მომლანდებია... მითუმეტეს მაშინ, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ის წუთები ჩემი უკანასკნელი წუთები იქნებოდა ამ ქვეყანაზე. ...ჰაჰ! ჩამომჯდარხართ ბარში, შუაგულ უდაბნოში და გგონიათ ვინმე რამეს გეტყვით მაგ ბიჭზე? ...ჰაჰ! მე თუ კუთხეში ვგდივარ ცარიელი ბოთლით, ჩამოფლეთილი ტანსაცმელი მაცვია და შეუხედავი ვარ, მაშასადამე ადამიანად აღარა მთვლით?...ჰაჰ! არაუშავს. რა მნიშვნელობა აქვს. რა? რას მომშტერებიხარ გაკვირვებული? სწორედ შენ გელაპარაკები! ის მოტოციკლი გარეთ რომ დგას, ჩემია! ამ ბარში არავინ გამოტოვე, ყველას შეეკითხე დ’მიტრიზე და მე არ მეკითხები, არა? ...ვოდკას არა სვამ? რატო რა?! რუსები არ გევასებით!? ...ჰაჰ! არაუშავს, მე მაინც უკრაინელი ვარ.

თქვენსა და ჩემს შორის დიდი განსხვავება არაა. თქვენ ხელში ფული გიჭირავთ, მე ცარიელი ვოდკის ბოთლი. ფულიც ისევე აგიჟებს ადამიანს, როგორც ვოდკა! ჩვენს შორის დიდი განსხვავება არაა. ... ოღონდ თქვენ ეძებთ დ’მიტრის, და მე... მე მან თვითონ მიპოვა! ...ჰაჰ!
მახსოვს, კარგად მახსოვს.

და რა ჯანდაბად ეძებთ მაგ ბიჭს?! გადამიხდით? ..ჰაჰ! თქვენ მე გადამიხდით?.. ჰოდა გადამიხადეთ, რამდენია მაგ შეკვრაში? ...კაი ბლომად კი გქონიათ, არ მაინტერესებს, მომეცით! ...ფული. ბოლოს ასეთი შეკვრა რომ მეჭირა.. ტფუი! არც არასდროს მჭერია ასეთი შეკვრა! ფული ამხიარულებს ხალხს. ფული დაგიბრუნებთ მეგობრებს, და ნათესავებს, და ახლობლებს...
ჰაჰ! ანდა, რა ვიცი მე ფულსა და კარგ ცხოვრებაზე, არც არაფერი. მეგონა გავუგებდი გემოს, ბრმად მჯეროდა რომ „ამერიკული ოცნებით“ ვიცხოვრებდი, ისევე როგორც ბევრ სხვას. მაგრამ ...ეჰ.

დაინგრა დიდი იმპერია, განადგურდა საბჭოთა კავშირი, გაიხსნა საზღვრები. და ჩვენც, საბჭოელი ხალხი, ძაღლებივით მივცვივდით ჯერ უნახავ მიწებს. ზოგი ევროპას, ზოგი ამერიკას. თითქოს მეზობლის ეზოში გაზონი მართლაც უკეთესი ყოფილიყოს.
ჩემი ბიძაშვილი ჯერ კიდევ ცივი ომის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა აქ. როგორც მწერდა მცირე ბიზნესს ფლობდა, და ყვაოდა.. ყვაოდა არა ჩემი ფეხები! მიგზავნიდა თავის სურათებს მანქანებითა და ქალებით, დასალევით და ძვირფასეულობით. მეც ვიჯერებდი. იდიოტი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ დრო იყო ასეთი. ყველამ იწამა, რომ უცხოეთში უკეთესი ცხოვრება იყო, არ ვიცი რატომ. მასიურად გვჯეროდა ამის, ისევე როგორც ღმერთის. არაფერი გვენახა, არაფერი გაგვეგონა, მაგრამ თუ ვინმე მოახერხებდა და საზღვრებს გააღწევდა - უბედნიერეს ადამიანად ვთვლიდით!

ჰოდა, ჩამოვედი მეც. თუ რამე ფული გამაჩნდა ჩემმა ბიძაშვილმა ამწაპნა და აახვია. დამპალი ნაბიჭვარი... დავრჩი უკაპიკოდ და უყველაფროდ, სრულიად უცხო მიწაზე. …ჰაჰ! თუ სადმე ღმერთი არსებობს - მეტად საზიზღარი იუმორის გრძნობა ჰქონია. ამბობენ, რაც უფრო მაღლა ეცდები აფრენას, დაცემაც მითუფრო მტკივნეული იქნებაო. მაგრამ დაცემის შემდეგ ერთადერთი გზა ისევ აღმა სვლა არაა?. ...ჰაჰ! ჩემს შემთხვევაში არა.

ტყეში ვიყავი. საფლავს ვთხრიდი, საკუთარს. თავის მოკვლა  მქონდა გადაწყვეტილი. რაც უფრო ღრმად ჩავდიოდი, მით უფრო საცოდავი და უაზრო ჩანდა ჩემი ცხოვრება. ღამე იყო, მალე უნდა გათენებულიყო. უეცრად პოლიციის სირენის ხმები გავიგე. უამრავი, გამაყრუებელი, მთელი კოლონადა მოდიოდა. გზასთან შორიახლოს ვიყავი, გავედი ტყიდან. ვხედავ პოლიციის მანქანებს და ნელ-ნელა მოტოციკლიც გამოიკვეთა. ვიფიქრე დაერხა-მეთქი ბაიკერს.  მალევე მომიახლოვდა, მე გზასთან ვდგავარ ნიჩბით ხელში. უკვე ორას მეტრზე იქნებოდა რომ გაქრა! ...ჰაჰ! დიახ, გაქრა! ...ყოველშემთხვევაში პოლიციელებს ასე ეგონათ. მოტორი გამორთო, სინათლეები ჩააქრო და ტყეში გადმოუხვია - ბნელში პოლიციელებმა ვერ დაინახეს და ჩვეულებრივ, გზატკეცილს გაუყვნენ. ამივარდა სიცილი. ...ჰაჰ! ასეთს ფილმში თუ ვნახავდი სადმე!

გავბრუნდი ისევ ჩემი საფლავისკენ. უკვე თენდებოდა. შორიდანვე დავინახე მოტოციკლი. მივედი ახლოს. ბაიკერი ჩემს საფლავში ჩაწოლილიყო, ხელები გულზე დაწყო, ცას მიშტერებოდა და ცახცახებდა. თავზე დავადექი. შემომხედა, ნელ-ნელა დაწყნარდა, გვერდზე გადაბრუნდა. ვუთხარი რომ ეს ჩემი საფლავი იყო და თავისი თვითონვე გაეთხარა. ზიზღით შემომხედა და გაიხედა. ცოტა ხანს ვიდექით ასე, ვაკვირდებოდი. უცნაური გარეგნობა ჰქონდა. შავი გრძელი თმები, განიერი მხრები, გრძელი მკლავები, წვრილი და მოკლე ტანი და გრძელი ფეხები. კი, ახალგაზრდა იყო... ასე ოცდახუთი წლის, შეიძლება ცოტა მეტიც. მის თვალებში გაცილებით მეტი შიში, ტკივილი და უიღბლობა დავინახე ვიდრე მე ოდესმე გამომიცდია. არადა, ბავშვია ჩემთან შედარებით!  ცოტა ხანში დაწყნარდა, წამოვაყენე. საფლავიდან ამოვიყვანე და იქვე ხის ძირთან დავსვი. მითხრა: „ვის გაუგია კაცი საკუთარ საფლავს თვითონ თხრიდესო?“ მხრები ავიჩეჩე. მხრები ავიჩეჩე და მივხვდი რომ ერთი გზააბნეული ბეჩავი ვიყავი. ეს ბავშვი პოლიციელთა კოლონადას ემალება და ჯერ თვითმკვლელობაზე არც კი უფიქრია. ან რას იფიქრებდა, ჯერ ახალგაზრდაა. ავი თუ კარგი, ცხოვრება სწყურია. დრო და დრო ითიშებოდა, ჯიბეები გავუჩხრიკე, ორი ასდოლარიანი კუპიურა ვიპოვე. მითხრა: „დანარჩენი ხალხს დავურიგეო.“ ერთი კუპიურა მე ჩავიდე ჯიბეში, მეორე კი დავუბრუნე.

გამოვცოცხლდი რაღაცნაირად. საფლავისკენ გახედვაც არ მინდოდა. თავი რაღაც დიდის ნაწილად ვიგრძენი, სამყაროს ნაწილად. მე შემეძლო ამ ბიჭის დახმარება. შემეძლო რაღაც კარგის, ღირებულის გაკეთება. ასეთი არჩევანის წინაშე ბევრჯერ ვმდგარვარ, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება არასოდეს მიმიღია. სახელი ვკითხე. შევანჯღრიე და ვეუბნები: „მე შენ დაგეხმარები დ’მიტრი, გესმის? შენს მოტოციკლს დავაჯდები და გავალ გზაზე. მე დამიჭერენ შენს მაგივრად! შენ თავისუფალი იქნები! გამიგე?“ გასაღები მუჭით ჩაებღუჯა, ძლივს გავაშლევინე თითები. ჩემი პლაში დავაფარე. მოტოციკლზე დავჯექი და გავძახე:
- ხომ არ მოკვდები ბიჭო?!
- არა. სამი დღეა გავრბივარ...
- ჰოდა, აწი ნუღა გაიქცევი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები