ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
16 ივლისი, 2013


პაემანი დუმილთან (ეტიუდი)




რა შეიძლება იყოს უთქმელი?
ყველაფერი და არაფერი!
პაემანი მქონდა ყველასთან და არაფერზე ვსაუბრობდით. გონება დახუთულს ჰაერთან გასეირნება მომინდა.
მან გამასწრო...
როგორი ინტიმურია მასთან შეხება. ყველაფერი გავანდე. ჩემი დიდი საიდუმლო მხოლოდ მარტოობაში გატარებული განვლილი წლები როდია, მას თან მოსდევს წლები ადამიანებთან ურთიერთობებისა.

მე და ადამიანი...
შენ და ადამი...
ის და ევა...
შვილები...

წინ შემომხვდა კიბე დასავლეთისა. ჩამავალ მზესთან ერთად რიტმულად დავიწყე უხმაურო სვლა ქვევით. იქ სადაც, მუქ ფერებში გადაწყვეტილი, მიწის ქანები დაუსრულებლად გადაადგილდებოდნენ. ვუცქერდი და თვალს არ ვუჯერებდი - თანამონაწილე გავხდი პაემანისა გარდაცვლილებთან. თითები ერთმანეთში ჩავქარგეთ. ის ქვევით მიწვევდა. უხმოდ სტუმრად მპატიჟებდა. სიცხე ვიგრძენი. მზე წინ მიმიძღოდა, მაგრამ იმდენად შორს იყო მაგიდის ჩოგბურთის ბურთის ოდენა მოჩანდა. სამი მილიონ სამას ოცდაცამეტი ათას სამასოცდაცამეტი საფეხური დავთვალე და დუმილთან ერთად მეც სამუდამოდ დავმუჯნდი!
ჯოჯოხეთი!

მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდი შენ!
ვინ იყავი ან რა გსურდა ჩემთან?
ჯერ კიდევ ჰაერს ვეტრფი და მასზე ვარ შეყვარებული!
როგორი ინტიმურია შენთან შეხება! ყველაფერი გაგანდე. ჩემი დიდი საიდუმლო მხოლოდ მარტოობაში გატარებული განვლილი წლები როდია, მას თან მოსდევს წლები შენთან ურთიერთობისა! თვალებით გაფერადებულ სამყაროში, ფერად გუბეებში ვისველებდი ტერფებს და შემდეგ ვხატავდი მდუმარებით.
ვხატავდი დაუსრულებლად!
ათასჯერ გადალეწილ ფიქრებთან ყოველთვის მარტო მტოვებდი. სწორედ მაშინ ჩადგებოდი და მიწყნარდებოდი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი. გიხმოდი, გეძახდი, ხელებს ვშლიდი რათა შემხებოდი. თითებს შორის გამოცრილ სიყვარულს ვკარგავდი. ვგრძნობდი მჩატე ლუსტრირებას საკუთარი ცოდვებისას. რწმენა დაბრუნებულს შენი დუმილი მსპობდა უსიტყვოდ!

დუმილი - ეს ლოყაა, რომლის გაშვერაც უფალმა გთხოვა!
პაემანი მქონდა ყველასთან და არაფერზე ვსაუბრობდით. უჰაერობით გონებამიხდილს ცისკენ გასეირნება მომინდა!
შენ გამისწარი...
ჩემამდე დუმლითან მიღალატე...
დღეს ის დღეა, როცა პირველად შეგეხე და ალერსით ჩავიკარგე შენს უთქმელ სურვილებში.
წინ შემომხვდა კიბე აღმოსავლეთისა. ამომავალ მზესთან ერთად რიტმულად დავიწყე უხმაურო სვლა ზევით. იქ სადაც, ღია ფერებში გადაწყვეტილი, ცის შრეები უჩვეულოდ გადაადგილდებოდნენ. ვუცქერდი და თვალს არ ვუჯერებდი - თანამონაწილე გავხდი პაემანისა სულებთან. ხელები ერთმანეთს ჩავჭიდეთ.
სამოთხე!

მე და ადამიანი.
შენ და ადამი.
ის და ევა.
შვილები...
როგორი უსასრულოა და სივრცეში მობანავე.
არასოდეს დასრულდება პაემანი დუმილთან, ის მხოლოდ აზრებთან ერთად კარგავს სიცოცხლეს!



გიგო რიონელი
2 ივლისი 2013 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები