ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2013


ქალი წარმოსახვა IV

იგი პირველია და უშესავლო.  უნიკალური.
სხეული ფიჭა.
თმა მოშავო და მბზინავი. მზის დაბნელება ახლო ხედიდან.
ღერები , სუსტი ზონარების მსგავსი , ბოლოგაშლილნი.
შუბლი , ქვიშა სველი , ათასგვარ რამის შეთითხნა შეიძლება მისგან.
შუბლზე ხალი , თითქოს ეჭვიან ნააზროვნების წერტილი.
წარბები , ბუმბული ფარშევანგის კუდის. რბილი ქსოვილი.
ქუთუთო , ახლად დამარხულ ჩვილის სამარხი უსაფლავო ,
წვიმა გადავლილი და ატალახებული.
დამტირებლის კვალჩარჩენილი.
წამწამები , მიჯრით მიწყობილ  შავ მორიელთა მწკრივი
უსასრულო , ზურგშეცქეული.
კუდშემართული შხამის გადმოსანთხევად.
თვალები , თეთრეულზე დაღვრილი თაფლი , შავი ლაქებით.
ღრმადჩამჯდარი.
ყურები , კედლებით თუ ლაბირინთებით დანაწევრებული.
დივიდენდური.
ლოყები , სივრცე უკიდეგანო , გლეხის მადლიან ხელით დამუშავებული.
ქვაამოყრილი.
ცხვირი , თოფის სასხლეტი შემობრუნებული. შემართული.
ტუჩები , სანაპირო დაუქირავებელ კანოეთა , რკალად გაშლილი ,
რომელიც თანაბრად დაიტევდა ჟოლოსა თუ ველურ კუნელის ნაყოფს.
მისი მოკუმვით სისხლის მოსრესა.
ნიკაპი , რვაქიმიან ვარსკვლავის წვერი დამრეცი.
კისერი , მინარეთი თეთრი , თავგადაჭრილი , აშოლტილი.
ხორხი , ლიანდაგი ახლადდაგებული , ხრეშით სავსე.
მცირეოდენი ზეთი კომფორტისთვის.
მკერდი , კუზი აქლემის , პირქვე.
მუცელი , ბარხატი , ან იქნებ ამერიკული ეზო გაზონგაკრეჭილი , მოვლილი.
შემიმჩნევია ამგვარივე გემოვნება პატარა ქალაქებში.
ხერხემალი ,  გრიფი სიმებიანი საკრავის.
ზურგზე მეჭეჭი , როგორც ცარიელ მდელოზე მდგარი
ერთადერთი ხე მუხის.
გატოტვილი.
თუ მეტეორი ციდან დაშვებული მდოგვისფრად ჩალეწილი
კანში.
ხელები , ხემი , სპილოს ძვლისგან  გამოთლილი დედოფალი ჭადრაკის ,
დოინჯშემოყრილი.
მათი ერთმანეთზე გადაწვენა შარიშურობს.
გაგონებს ვიოლინოს დაუმთავრებელ მელოდიას.
სულმოუთქმელი ლოდინი მეფის სიტყვის თუ განაჩენის.
თითები , დასვრეტილი , როგორც საცერი, თუ ყველი ახლად ამოყვანილი ,
ჯერაც უმარილო.
უარესი , ღრმულები , ნაკვალევი წამლის მოხმარების , ან იქნებ
ნემსით ტატუს გადახატვის მცდელობა.
ფეხები , თოკები დაჭიმული , როგორც ყულფში გაყრილი თავი.
გამუდმებით მაღლები , კომპლექსი საკუთარი ნაკლოვანების.
თქმა , ღიმილის მომგვრელი ერთობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები