ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პროზა
31 ივლისი, 2013


ასობით მილი და შორს (თავი V)

კარლო

- ჰეი დიმიტრი, გაგიხარდა ჩემი ნახვა? შენი მოღუშული სახე და გაყინული გამოხედვა ყოველთვის გეხმარებოდა ემოციების შეკავებაში, საკუთარი თავის მართვაში. არც კი ჩაეხუტები ამდენი ხნის უნახავ ძმას? ჰმ. ლამაზი ხედი იხსნება ამ სახურავიდან ქალაქზე, მითუმეტეს ღამით... გგონია ვერ მიგიხვდი? ძალიან კარგად ვიცი, რომ მე არ მიპოვნიხარ დიმიტრი. სიხარულის არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არ გაგკვირვებია ჩემი დანახვა. მელოდებოდი, შეიძლება ნერვიულობდი კიდეც, რატომ იგვიანებსო. ალბათ ისიც იფიქრე, რომ ოჯახმა ხელი აიღო შენს ძებნაზე. “წავიდა და წავიდა, ჯანდაბამდეც გზა ჰქონიაო!” ხომ ფიქრობდი ასე? შენს უფროს ძმაზე უკედ განა ვინ შეიძლება გიცნობდეს? ახალ დონთან მუშაობ? დონ ლუკასი. ჩვენს ოჯახს მჭიდრო ურთიერთობა აქვს მასთან. როგორც მახსოვს შენ ვერ იტანდი ასეთ ცხოვრებას, ამიტომაც გარბოდი სულ. მაგრამ უცბად ლუკასთან დამეგობრდი? არა და არა. მოგბეზრდა გზათაუკან ხეტიალი. ახლა ხომ ხვდები, რომ მარტო არც ისეთი მაგარი ხარ, როგორც გეგონა? რომ ყოველთვის გჭირდებოდი, ყოველთვის გჭირდებოდა დიდი ძმა, რომელიც ყოველი ხიფათიდან გამოგაძვრენდა. და შენ ისევ თავისუფლად გააგრძელებდი ლაღ ცხოვრებას. დამიჯერე ამის კეთება არ მომბეზრებია, შენ ისეთი ხარ როგორიც ხარ, და საკუთარ ძმაზე თუ არ ვიზრუნე - აბა ვიღაზე უნდა ვიზრუნო?

- შენ შენს ძმაზე არ ზრუნავ, შენ შენს სახელსა და საქმეზე ზრუნავ. ჩემი წარუმატებლობა შენი წარუმატებლობაა.
- უკვე სამი წელია ჩვენი ოჯახი გეძებს! სად აღარ ვიყავით! მთელს ევროპასა და ამერიკაში სულ სამი ადამიანი ვიპოვეთ, ვინც შენი ამბავი მოგვიყვა! ყოველი ამბის მოსმენისას ერთ სული მქონდა ბოლომდე გასულიყვნენ და გამეგო, ცოცხალი იყავი თუ არა!
- ცოცხალი ვარ.
- არა დიმიტრი. შენ ცოცხლობ, ცოცხალი არ ხარ! ყველას როგორ გმირად მიაჩნიხარ... ადრეც ასე იყო. ნიჭი გაქვს, ნიჭი, ხალხის მოტყუებისა და თავის შეყვარებისა! არაჩვეულებრივი ნიჭი, რომელსაც ტყუილად ფლანგავ! რამდენჯერ მიფიქრია, ახლა დიმიტრის ყოლა საქმეს ასჯერ უკეთესად წაიყვანს-მეთქი. შენ მგონი ვერც კი იაზრებ რაების გაკეთება შეგვეძლო ჩვენ, რისი მიღწევა! დონ ლუკასი და ჩვენი ოჯახი ერთმანეთს გადაბმული ჩვენთვის ჭიანჭველები იქნებოდნენ! მაგრამ კიდევ კარგი, მალევე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ოცნება იყო. უამრავი ადამიანი შეუწირავს საკუთარ ოცნებებს, არ მინდა მეც მათ რიგში მოვხვდე. მაგრამ შენი წასვლიდან ახალი ოცნება გახდა ამოცანა დიმიტრი. შენი ოცნება. რაზე ოცნებობ შენ? თავისუფლებაზე? ამაზე ოცნებობდი? რადგან ახლა ვხედავ აღარ მოგწონს. ჩვენი ეზოს გარეთ ცხოვრება არ ყოფილა ადვილი, არა? კარგია შენი თვალით რომ დაინახე, შენი ყურებით რომ გაიგონე. ნუ დაემშვიდობები ამ ცხოვრებას, რადგან გზა უკან აღარ არის. ჩემი ძმა დიდი ხანია დაიკარგა, და მასზე არავის არაფერი სმენია.
- არის ხალხი ვისაც ვახსოვარ.
- კი, არიან, შენი ახალი მეგობრები, რომლებიც სულ ერთხელ ნახე და სამუდამოდ მიატოვე. რა თქმა უნდა, შენი მეგობრები... სულელები არიან ყველანი! მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ შენზე. შეიძლება ისინი გააცურე, მაგრამ მე ვერ მომატყუებ. „ჩვენი დიმიტრი, ჩვენი გმირი, ამოუცნობი და ბრძენი! მამაცი და მოუდრეკელი!“ შენი ფიზიკური სიძლიერე დიდხანს არ დარჩება შენთან, გმირო. ბოლოს და ბოლოს, შენ იყავი ვინც პოლიცია გამოიძახა ბანკის გატანისას, არა? შეგეშინდა გეტოს ურდოების! შეგეშინდა რომ არც ფული შეგხვდებოდა და შეიძლება ცოცხალიც არ დაეტოვებინე მაგ ხალხს! ვერც მონტე დაგიცავდა და ვერც მისი მოტოციკლეტი! ამიტომ უნდა გაქცეულიყავი! მაგრამ ფულს თვითონაც ვერ დახარჯავდი, რადგან ჩვენ მაშინვე გიპოვიდით, ამიტომ ქუჩაში გადაყარე, ხალხს დაურიგე, ნაციონალური გმირი ხარ. მეცინება. ან იმ საწყალ ბიჭს რას ერჩოდი? იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ჩხუბი ბრაუნვილში შენ წამოიწყე. იმ ბანკის ამბის მერე გააფთრებული იყავი, ნამდვილმა შეგრძნებებმა მოგიცვა, როდესაც პოლიცია გეძებს და არსად წაგესვლება! სახლში ვერ დაბრუნდები, რადგან შენს სახლს ვერ იტან! ალბათ ყველაზე უბედური ადამიანი ისაა, ვისაც სახლში დაბრუნება არ უნდა, მაგრამ მასზე უბედური ისაა, ვისაც საერთოდ არ აქვს სახლი. ისე ნათლად წარმომიდგენია, ალბათ როგორ გაუწოდე იმ ბიჭს ხანჯალი და აქეზებდი, მამისთვის შური იძიეო, დასცინოდი კაცების თვალწინ. მაგრამ ბოლოს მოგბეზრდა ჩხუბიც და სუფთა ჰაერიც, და იქიდანაც გაიქეცი. მაგრამ გამოქცეულს ისევ დაგიბრუნდა შიში, ისევ გეძებს პოლიცია და ისევ არსად წაგესვლება! დაიმახსოვრე ეგ შიში დიმიტრი, რადგან ეგაა ყველაზე ცოცხალი! ყველაზე მწარე! რომ უმალ შეიძლება დაგიჭირონ ან მოგკლან! რომ წამში ამოტრიალდება შენი ცხოვრება და ეს აზრი თავზარს გცემს! მაგ აზრით ვცხოვრობდი მთელი ჩემი ცხოვრება! მაგ შიშით! და ამ დროს პატარა ძმა მყავდა მისახედი! შენ დაგდევდი უკან, როდესაც ჩემი სიცოცხლე სასწორზე ეკიდა!
-
დონ ლუკასი დარწმუნებულია რომ შენ მისი მოკვლა გინდა. ძალიან ცდები თუ გგონია, რომ მისი თბილი მოპყრობა ნდობასა და მეგობრობას ნიშნავს. მასაც თავისი პარანოია დაემართა მემგონი, მთელი ცხოვრება მტრები ჰყავდა, ყველა მოიშორა და ახლა მათი გამოგონება დაიწყო. სამწუხაროა. დიდხანს ვერ გაძლებს ასე.

ყველაზე ჭკვიანური რაც კი ოდესმე გაგიკეთებია, სწორედ ეს გაქცევა იყო. ბევრი გეძებეთ, მაგრამ ვერ გიპოვეთ. ჰოდა გადავწყვიტეთ, რომ აღარ გაგვეგრძელებინა. შენი გზა სამუდამოდ მოჭრილია და რა ცხოვრებითაც ცხოვრობდი ბოლო რამდენიმე წელი, ისევ მაგ ცხოვრებით უნდა გააგრძელო.

გაიქეცი დიმიტრი! გაიქეცი! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები