ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2013


ჩვენ, რომლებიც...

ჩვენ დავიბადეთ იმიტომ, რომ
ერთმანეთი გვეპოვა,
მერე
რომ დაგვეკარგა ერთმანეთი
ცხოვრების გზებზე...
და ასე ჩუმად,
ნება-ნება ვკარგავთ ერთმანეთს
ყველა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს...
მე და შენ ვიცით:
მაგიურ წრეზე ბრუნავს სამყარო
და როცა ყელში ამოგვივა ერთფეროვნება,
როდესაც ბრუნვა ღებინებას დაგვაწყებინებს,
ვხვდებით,
რომ უნდა დავასრულოთ ამგვარად ყოფნა...
და ჩვენ არ მოგვწონს
ცხოვრებისგან ბოძებული
ეს ერთადერთი გარანტია:
ერთმანეთის მარად დაკარგვა
და ვაპროტესტებთ...
ვარღვევთ ყველა დადგენილ საზღვარს,
შუაზე ვაპობთ თვით საკუთარ სხეულებსაც კი,
რომ ყველა უჯრედიდან,
ყველა ნერვიდან
გამოვუშვათ ჩიტივით -
- სული...
ჩვენ,
რომლებიც იმიტომ დავიბადეთ,
რომ ერთმანეთი ჯერ გვეპოვა,
დაგვეკარგა მერე მუდმივად,
ზღვისპირას ვდგავართ
და ერთმანეთს ვეძებთ ხელებით...
ჩემთვის და შენთვის
უკვე გაირღვა მაგიური წრე
და როგორც იქნა,
როგორც იქნა,
აღმოვაჩინეთ,
რომ ეს წრე სხვებმაც გაარღვიეს
დიდი ხნის წინათ,
ჩვენნაირებმა,
საჩვენფეროებმა,
ჩვენ რომ გველოდნენ...
და ახლა ვიცით,
ამ უსასრულო ორომტრიალში,
ამ უთავბოლო ბრუნვა-ტრიალში,
ამ გარღვევებსა და პროტესტებში
და ერთადერთ გარანტიად ქცეულ დაკარგვაში
არ ვართ მარტონი!!!
ჩვენ, რომლებიც იმიტომ დავიბადეთ,
რომ ერთმანეთი ჯერ გვეპოვა,
დაგვეკარგა მერე მუდმივად,
ზღვისპირას ვდგავართ...
ჩვენ,
რომლებიც დავიბადეთ
დაკარგვისათვის,
ერთმანეთი ვიპოვეთ უკვე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები