ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2013


ასობით მილი და შორს (თავი VI)

დიმიტრი

- გთხოვთ დიმიტრი დამიძახოთ, არ მიყვარს როდესაც გვარით მომმართავენ.
- კი ბატონო, გთხოვთ დაბრძანდით ბატონო დიმიტრი. თავს კომფორტულად გრძნობთ?
- არა, საშინელი სკამია, კაცს გააგიჟებს.
- იუმორი ყველაზე კარგი წამალია. თქვენი საქმე... ნომერი 47, ხელში მიჭირავს. თქვენ ჩვენს კლინიკაში მოხვდით, რადგან ოთხი თვის წინ საკუთარი ძმა სცემეთ, მისივე პენტჰაუსის სახურავზე.
- მადლობთ შეხსენებისთვის, უკვე მომეშვა.
- მინდა გითხრათ ძალიან გაგიმართლათ, ასეთი ძმა რომ გყავთ. სწორედ მან მოახერხა თქვენი ციხიდან დახსნა და ფსიქიატრიულში მოთავსება.
- არაფერი მოუხერხებია, მან ჩემს მაგივრად გააკეთა არჩევანი: ციხე თუ აქაურობა.
- შეიძლება ასეც ითქვას, თქვენი ძმა გავლენიანი ადამიანია. გვეყოს მასზე, თქვენ დღეს აქ სხვა რამისთვის ბრძანდებით. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ საზოგადოებაში დაბრუნდეთ და ნორმალური ცხოვრებით იცხოვროთ? მიუხედავად თქვენი წარსულისა, თქვენ ამტკიცებთ რომ დახმარება არ გჭირდებათ?
- არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ჯერ ამას ვიტყვი - დახმარება ნამდვილად არ მჭირდება, რაზეც ალბათ მიპასუხებთ, რომ დახმარება შეიძლება ნებისმიერს დასჭირდეს, მაგრამ მე მტკიცედ ვდგავარ ჩემსაზე. მე ბევრს დავხმარებივარ და ბევრიც დამხმარებია - ჩემი თავი ყოვლისშემძლედ არ მიმაჩნია, მაგრამ არის რაღაც შემთხვევები, თუ მოვლენები, რასაც ადამიანი თვითონ უნდა გაუმკლავდეს. ეს ერთი, და მეორე - ნორმალური? ეს სიტყვა ჩემთვის უმნიშვნელოა. მე არ ვარ ნორმალური, არც ვიქნები ნორმალური, არც მინდა ვიყო ნორმალური. თქვენსავით ყოველ დილით გავიღვიძო, ტელევიზორი ჩავრთო, მოვისმინო თუ როგორ მენგრევა ქვეყანა თავზე, წავიდე სამსახურში - რაც ყოველდღიურ ჩვევადაა გადაქცეული, დავბრუნდე სახლში, ისევ ვუყურო ტელევიზორს და დავიძინო? კი, თქვენ ამ ცხოვრებას ნორმალურს ეძახით და სხვა ფაქტებსაც დაასახელებთ, რომ გყავთ მეგობრები, თვეში ერთხელ ბარბიკიუს აწყობთ, ან სათევზაოდ გადიხართ. თქვენ ყველანი ცხოვრობთ ერთნაირად, და თუ განსხვავდებით, განსხვავდებით ერთნაირად. ამას ნორმალურს ეძახით. მე თქვენ არ გაკრიტიკებთ, ეს თქვენი არჩევანია. მაგრამ მე სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე, გესმით? თუ არ გესმით ჩემს საქმეში მაინც უნდა წაგეკითხათ. თქვენ ოდესმე ადამიანი სიკვდილამდე გიცემიათ?
- არა, ეს რა შეკითხვაა?
- თქვენ ოდესმე მოგიპარავთ? მოგიპარავთ ის რაც მართლა მნიშვნელოვანი იყო?
- არა.. მისმინეთ, შეკითხვებზე აქ თქვენ სცემთ პასუხებს.
- თქვენ ოდესმე წლობით გაურკვეველი მიმართულებებით გივლიათ?
- არა!
- აბა როგორ მელაპარაკებით მე ნორმალურობაზე? თქვენ არ ყოფილხართ სადაც მე ვიყავი, არ გაგივლიათ ის რაც მე გავიარე, თქვენ არ ხართ ჩემნაირი და მე არ ვარ თქვენნაირი. თქვენ არასოდეს არაფერი, ეგრედ წოდებული „არანორმალური“ არ გაგიკეთებიათ. თქვენ მხოლოდ ლიტერატურა გაქვთ წაკითხული თუ რა ხდება მენტალურად აშლილი ადამიანის გონებაში, როდესაც ის ეიფორიაშია. ნეირონებისა და სინაპსების მოქმედება, ქვეცნობიერისა და ზეცნობიერის კავშირი და კიდევ ათასი რამ... მაგრამ თქვენ ეს არ გამოგიცდიათ. არადა ეს ყოველ ჩვენგანშია, გამბედაობაა საჭირო. მე ნორმალური ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ, რადგან მე არ ვარ ნორმალური. და ეს აზრი არ მთრგუნავს, პირიქით მაძლიერებს. „კარლოს გიჟი ძმა ისევ ხიფათშია...“ ეს და მსგავსი ფრაზები წლების განმავლობაში ჩამესმოდა და მეგონა ამას გავურბოდი. საკუთარ თავს არ უნდა გაექცე, არც უნდა ებრძოლო, რადგან წააგებ. როდესაც ვინმე ჩემს სახელს არასწორად ახსენებს, ვხვდები რომ მათი ყბა ცუდადაა დაკავშირებული გონებასთან. მე მთელი ცხოვრება ჩემს ადგილს ვეძებდი და ვერ ვიპოვე, მთელი ცხოვრება ჩემს მეგობრებს ვეძებდი და, თქვენგან განსხვავებით, ვერ ვიპოვე. ეს აზრი მაშინებდა და ვფიქრობდი რომ გავრბოდი, მაგრამ ეს ასე არაა. მე უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდი, რადგან გასაქცევი არსადაა, რადგან მოჩვენებების გარდა არც არაფერი მომდევდა. წარსული სულ ერთია, მომავალი ბუნდოვანი, მე ვარ ადამიანი რომელიც დღევანდელი ცხოვრებით ცხოვრობს და სიკვდილისაც არ ეშინია. ჩემს ძმას ეშინოდა სიკვდილის, ო, ძალიან ეშინოდა, მაგრამ მაინც რისკავდა საკუთარი მიზნების გამო. მას არ შეეძლო ცხოვრება ამის გარეშე. ყოველთვის თავისი უნდა გაეტანა, თორემ სიცოცხლე აზრს კარგავდა. სიკვდილის არ უნდა გეშინოდეს, ადამიანის უნდა გეშინოდეს, მოტივირებული ადამიანის. მე აქ რასაც მინდა იმას ვიტყვი, ოთხი თვე ჩემი ნებით გავატარე აქ, და როდესაც საჭიროდ ჩავთვლი მაშინ გავალ. გავალ და გავუყვები გზას, რომელიც არაფერს მპირდება. ეს მე ვარ ასეთი, არ მეშინია საკუთარი თავის, არ მეშინია ჩემი ქვეცნობიერის, არ მიწევს რაღაც აზრების დათრგუნვა. თქვენ უამრავი აზრი გიელვებთ გონებაში, რომელსაც არათუ არ ამბობთ, არამედ საკუთარ თავსაც კი არ უმხელთ, რადგან სასოწარკვეთილებას ეძლევით - როგორ შეიძლება ასეთი რამის გაფიქრება? მე არ მაქვს მსგავსი პრობლემები. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი ყველაზე კეთილი ადამიანი მგონია, უბრალოდ ვიცი რომ მე ბოროტი საქმის ჩამდენი არა ვარ, ჩემს ბუნებაში არ ზის. დიახ, მე შემიძლია საზოგადოებაში დაბრუნება და არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენ მათთვის. ბრაზთან ვერ გამკლავება ჯერ-ჯერობით საკმარისი მიზეზი არაა, რომ ადამიანი საგიჟეთში გამოამწყვდიონ. მე არ მაქვს ღილაკი, რომ დავაჭირო და ემოციები გამოვრთო. ჩემი ცხოვრების ფილოსოფია ბევრად განსხვავდება თქვენისგან, რადგან ჩემს თვალწინ უამრავმა ხალხმა გაიარა, უამრავიც დაიხოცა. ვცდილობდი ამასაც გავქცეოდი.
- ახლა აღარ გარბიხართ?
- არანაირად. ამ ყველაფერმა ჩამომაყალიბა ისეთად როგორიც ვარ. მე მომეწონა მოგზაურობა. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე და ამიტომაც გადავწყვიტე მთელი ქვეყანა ჩემი იყოს. ამ ქალაქსაც უკან მოვიტოვებ და მისგან მხოლოდ აჩრდილი დარჩება. არ ვიცი, იქნებ მოვხვდე კიდეც იმ მხარეში სადაც თავს შინ ვიგრძნობ. და იქნებ „ნორმალურად“ დავიწყო ცხოვრება. ჰმ, „ნორმალური“, მოხუცი კაცი ბრძანდებით, ამ საქმეში დაბერდით ალბათ, ასეთი სიტყვების ხმარება არ შეგეფერებათ. განა ეს ნორმალურია?
- მე უბრალოდ მინდოდა თქვენთვის გასაგები ყოფილიყო.
- იმედია მეც გასაგებად ვისაუბრე.
- როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი დაგჭირდებათ სრული სულიერი სტაბილურობის მისაღწევად?
- რამდენი ხანი?.. ცოტა ხანიც.
- თქვენ შეგიძლიათ ხვალვე წახვიდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები