ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
5 აგვისტო, 2013


გაცვეთილი გზა



მკითხველო, თუ მის მდგომარეობაში არ ყოფილხარ და არ განგიცდია ის, რაც მან განიცადა,  მაშინ განჯისას ვერ იქნები სამართლიანი,  მის მსაჯულად ვერ გამოდგები და, მით უმეტეს, არ ივარგებ მის ადვოკატად.
ყოფილხარ ოდესმე უმუშევარი, ცხოვრების სახსარმოკლებული და სარჩოგამოლეული, როცა ხელის შემშველებელი და დამპურებელი  არავინ გყავს და შემწეობას მარტო უფალს სთხოვ?
ის ამ მდგომარეობაში ერთი წლის წინ ჩავარდა.
იცი, რას შვრება ცხვარი, ორმოში რომ ვარდება?
არაფერს... შეათვალიერებს ორმოს კედლებს, დადგება შუაგულში და ერთ-ორ დღეში დარდით კვდება.
მგელი კი სულ სხვაა: ხან ერთ კედელს ეძგერება, ხან მეორეს და სანამ არაქათი არ გამოეცლება, ცდილობს ამოვიდეს, მერე კი ქანცგაწყვეტილი ორმოს კუთხეში დაყუნცდება და გაირინდება. ბოლოს ისიც კვდება, მაგრამ დარდით კი არა _ შიმშილით...
შედეგი ორივე ჯერზე ერთი და იგივეა: ორმოში რომ ჩავარდები, მერე გინდ ცხვარი იყავ და გინდ მგელი, თუ უფლის ნება და შემთხვევითობა არ დაემთხვა ერთმანეთს, თავის დაღწევა ძალიან ძნელია.
წინ უნდა იყურო და ორმოში არ ჩავარდებიო, იტყვი, თავდაჯერებულო მკითხველო, და მართალიც იქნები,  მაგრამ ორმოში მხოლოდ წინდაუხედაობით არ ვარდებიან. უნებლიე გარემოებათა გამო ბევრს მოსცარვია ხელი და ბევრი პატიოსანი თავი დაგორებულა ეშაფოტიდან.
გიყვები კაცზე, რომელიც შენს მეზობლად ცხოვრობს, ხშირად გხვდება, მაგრამ არ გესალმება. გამარჯობის თქმა კი არ ენანება, უბრალოდ, არ უნდა, რომ შეგაწუხოს, შენს ძვირფას დროს უფრთხილდება. შენ ხომ საქმიანი კაცი ხარ, საკუთარი წარმატების მიზეზად ნიჭსა და მოხერხებულობას მიიჩნევ და ბედისწერისა და შემთხვევითობისა არ გწამს. აღარც ის დრო გახსოვს, როცა ხელში იღბლიანი ბილეთი ჩაგიდეს. სხვათა შორის,  მან ერთხელ თავმდაბლურად დაგიკრა თავი და შენ სალმით არ უპასუხე, შეიძლება ვერც შეამჩნიე, ის ხომ თხელია, გამჭვირვალე და მუდამ ძირს იყურება... შეიძლება მასთან გისაუბრია კიდეც, მაგრამ ათასი ფიქრით დამძიმებულ შენს გონებას მისი სახე არ შეუნახავს.
ეს, სოფელში დაბადებული კაცი ქალაქში უშვილო მამიდის ნაანდერძევ ბინაში ცხოვრობდა და უდავოდ ნიჭიერი იყო. თავის დროზე გაზეთების თითქმის ყველა რედაქცია მოიარა, ყველგან რამდენიმე თვე იმუშავა, მაგრამ ჯიუტი ხასიათისა და საუბრის მანერის გამო, ვერსად გაჩერდა და ამ ერთი წლის წინ ქუჩაში დარჩა.
იცი, მკითხველო, უმუშევრად დარჩენილ კაცს რა ემართება?
პირველ ხანებში მოსწონს კიდეც ეს მდგომარეობა. ცოტას დავისვენებ მაინცო, თავს ინუგეშებს, მაგრამ ეს განცდა მალე ქრება და მის ადგილს სხვა საშინელი პანიკური გრძნობა იკავებს. თუ კაცი მარტოხელაა, კიდევ არა უშავს რა, მაგრამ თუ მას ოჯახი აქვს და ცოლი უყაირათო, სხვათა მიმბაძველი ამპარტავანია, მაშინ ცხოვრება ჯოჯოხეთს ემსგავსება, ბუნება და საგნები ფერს იცვლიან, თვალსა და ხელს შუა მუქდებიან და მახინჯდებიან.
თავისი სიჯიუტისა და მძიმე ხასიათის გამო თუ ულუკმაპუროდ დარჩა, რა ბედისწერის მიზეზია და რომელ შემთხვევითობას უნდა დავაბრალოთო, შემეკამათები მკითხველო და ალბათ მართალიც იქნები, მაგრამ, მოდი, მის ადვოკატობას შევეცდები, არ ვახსენებ გენეტიკას, არ მოვყვები ფეხმძიმობისას დედის მიერ გადატანილ სტრესებზე  და ვიტყვი, რომ თვითონ ადამიანის ხასიათიც ბედისწერა-შემთხვევითობაა, თუმცა...
გინახავს ცხენს როგორ ხედნიან, ან დათვს როგორ წვრთნიან? გაწვრთნა-გახედვნა ბუნების წინააღმდეგ წასვლაა, მაგრამ ძნელად თუ იოლად, ადრე თუ გვიან, ყველა იწვრთნება. ძალა რომ ადგება, სიჯიუტე ტყდება და აწეული თავები ძირს იხრებიან, ამიტომ მთლად თანდაყოლ ხასიათს არ უნდა მივაწეროთ მისი ბუნება.
უმუშევარი რომ დარჩა, სულ რაღაც ნახევარ წელიწადში მეუღლემ მიატოვა, მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. ამ კაცს საკუთარი თავი ქალის საჩუქრად მიაჩნდა, ამიტომ, როცა ცოლმა უთხრა, მივდივარო, არ დაიჯერა, მორიგ ქალურ ფანდად ჩათვალა, მაგრამ ბინიდან ქალის ნივთები რომ გაიკრიფა , ნახევრად ცარიელ ოთახში მარტო რომ დარჩა და საკუთარი მდგომარეობა გაისიგრძეგანა, გული ჩასწყდა. მისი გულის ტკივილის მიზეზი საყვარელ ადამიანთან განშორება არ ყოფილა, უბრალოდ, მარტო დარჩენის შეეშინდა, თორემ ქალს ის მუდამ ტვირთად მიიჩნევდა და თავისი პერსპექტივის მუხრუჭად თვლიდა... მის ცოლზე მეზობლები მანამდეც რაღაცას ყვებოდნენ, შენც მოგიკრავს ყური ამ ჭორისთვის, მაგრამ, მოდი, ამ აბდაუბდას, სადაც ტყუილ-მართალი ერთმანეთში შეზელილია, თავი გავანებოთ და ჩვენს ამბავს მივყვეთ:
კომუნალური გადასახადები ვერ გადაიხადა და უსინათლოდ და უგაზოდ დარჩა.
_შენს ფანჯრებში სინათლეს ვეღარ ვხედავ, რა არის, ბიჭო, დენი გამოგირთესო? _ ჰკითხეს მეზობლებმა. შეეცადა, დამაჯერებელი სახე მიეღო, თავი მწუხარედ გააქნია და არა, კედელში სადღაც დაზიანდა, სამი ხელოსანი მყავდა და ვერ იპოვესო, თქვა.
რაო, მკითხველო, გულწრფელი არ ყოფილაო?
ჰო, ცუდად მოიქცა, მაგრამ მეზობლების ნათქვამის ტონსაც ხომ აქვს მნიშვნელობა! გაჭირვებულ კაცს, ხომ სულ ეჩვენება, რომ დასცინიან და აბუჩად იგდებენ.
ვხედავ, არ მეთანხმები. იძახი, გაჭირვებულს კი არ დასცინიან, უთანაგრძნობენ და როცა კაცი ჭირს მალავს, მაშინ ხდება სასაცილოო და, მგონი, მართალიც ხარ, მაგრამ მოდი, ამას თავი გავანებოთ...
იმ ხანებში და და სიძე ესტუმრნენ, კომუნალურები გადაიხადეს და არაყი და სურსათ-სანოვაგე მიუტანეს. ხომ შეეძლო და უფრო უპრიანიც იქნებოდა, ეთქვა _ მადლობა, სულზე მომისწარითო, მაგრამ არ თქვა...
რა საჭირო იყო, რაზე სწუხდებოდითო, წაიბუტბუტა და თავი ასწია.
მადლის მიღებას თავისი წესი აქვს, ამ კაცს მადლის მიღების წესიც ეშლებაო, _იტყვი, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, ქველმოქმედების წესის როგორი მიმყოლი იყო მისი სიძე. თუმცა გეთანხმები, რომ უმადურობა უფრო უზნეობაა, ვიდრე გაქვეყნებულ-დამადლებული ქველმოქმედება, რადგან გამცემი, ასეა თუ ისე, იხარჯება მაინც.
უსაქმოდ რომ დარჩა, გადაწყვიტა მოთხრობები დაეწერა და საკუთარ თავში დიდი მწერლის პერსპექტივას დაუწყო ჭვრეტა. აქამდე მისი კალამი მხოლოდ საგაზეთო, მწარე სატირაზე იყო მომართული და სწამდა, რომ  ნოველის ჟანრზე იოლად გადააწყობდა, მაგრამ ერთია, კალამს იმორჩილებდე და მეორეა, ის სიუჟეტურ ჟანრს მოარგო.
_ მთავარია პოპულარული თემა, მძაფრი შინაარსი და ეფექტური ფინალი, დანარჩენი კი წერის ტექნიკაა, _ გაიფიქრა და მოჰყვა თემების კლასიფიკაციას და, რადგან წყლის ჭურჭლისაც კი უფრო ფსკერი აინტერესებდა, ვიდრე გარეგნული ფორმა, ამ საკითხს სიღრმისეულად დაუწყოDჭვრეტა.
დიახ, მკითხველო, უდაოდ ღრმადმწვდომი იყო, რადგან სხვებივით ჰარი-ჰარალეზე კი არ დაიწყო, არამედ კაცის ბუნების ჩხრეკას მიჰყო ხელი და ბევრი ფიქრის შემდეგ დაასკვნა, რომ  ჯერ-ჯერობით ადამიანში სულიერი საწყისი განუვითარებელია და მკითხველისთვის უფრო გასაგები და უპრიანია მისი ცხოველური ბუნების ჩვენება.
ხედავ, მკითხველო, რა მეთოდურად მიჰყვება და ისეთ დასკვნებს აკეთებს, ძნელად რომ შეეკამათები.
ამით არ დაუმთავრებია, ადამიანის ცხოველური ბუნებიდან ყველაზე უფრო მძაფრი შეგრძნებები მოიძია, დააწყო, დაალაგა და უნებლიედ ხმამაღლა აღმოხდა: გადარჩენა და გამრავლება!
ნახე, მკითხველო, მან თემას მიაგნო, ეს უკვე მწერლობაზე შემდგარი კაცისთვის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა გატყობ, რომ შეეჭვდი და გსურს მითხრა, რომ მისი აღმოჩენა ორიგინალური არ არის, რომ ეს თემები საუკუნეებია, ცვდება და ცვდება. გეთანხმები, მაგრამ ეს ის საკითხებია, რომელთა აღქმასაც არ სჭირდება განსწავლულობა და ინტელექტი, ადამიანის პირველყოფილ ბუნებაში ზის და მკითხველის ფანტაზიას ერგება.
_ გადარჩენა და გამრავლება! _ თქვა მან და გააგრძელა ფიქრი, _ ეს უფრო საბუნებისმეტყველო ტერმინებია, ყოფითში მას ცხოვრება და სიყვარული ჰქვია... _ რა ბანალურია, _იყვირა, კალამი გადაამტვრია და მოისროლა. კალმის გაგლეჯილი გულადან მელანი დაიღვარა და იატაკი დაალაქავა. დაიხარა და ისე დაუწყო ცქერა, თითქოს ყავაში იხედებოდა. ლაქაში ასო `წ~ ამოიკითხა _ წარმატებას ნიშნავსო, დააიმედა თავი და დაწყებული სჯა გააგრძელა.
მკითხველო, შენ ალბათ მისი საქციელი არ მოგეწონა და გსურს მითხრა, რომ საგნებზე შურისძიება შიზოფრენიის ნიშანია. მე გეთანხმები, მაგრამ, მოდი, შევთანხმდეთ, რომ მომავალში ასეთ წვრილმანებზე ამ კაცს ნუღარ გამოვეკიდებით, რადგან მას ბევრი სხვა უფრო დიდი ნაკლი აქვს, და უფრო მეტი მიზეზიც, რათა ხელი ჩაიქნიოს, მათხოვარ ლოთად იქცეს, ან სულაც ყველაზე მარტივ და აპრობირებულ გზას მიმართოს: _ ხიდიდან მდინარეში თავით...
როგორც კი თემა იპოვა, სიუჟეტი მოარგო და წერას შეუდგა. საშუალო ზომის მოთხრობა გამოუვიდა. ქალ-ვაჟის სიყვარულზე იყო, რომელთაც გარემოება გაყრის და წლების შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ტექსტი დიალოგით მთავრდებოდა. მოკლედ, ისეთი ფინალი გამოვიდა, თხუთმეტი წლის ქალიშვილს გულს რომ აუჩუყებს და პენსიონერს გოგოობას მოანატრებს.
რამდენჯერმე გადაიკითხა, ჩაასწორა, თაბახის ფურცლები იღლიაში ამოიჩარა და ერთ ლიტერატურულ ჟურნალს მიაკითხა. მოთხრობა დაიტოვეს და უთხრეს, თუ მოგვეწონა, დავბეჭდავთ და ერთ კვირაში ტელეფონით გაგაგებინებთო.
დარწმუნებული იყო, რომ დაუბეჭდავდნენ, რადგან თავისი ნაწერი დიდად მოსწონდა და სერიოზულ ნაშრომადაც მიაჩნდა.
მკითხველო, ვიცი, შენ მისმა თავდაჯერებულობამ გაგაცინა, გუმანით ხვდები მისი დებიუტის წარუმატებლობას, მაგრამ დამიჯერე, უარი რომ უთხრეს, მთლად მისი კალმის ბრალი არ ყოფილა, მიზეზი უფრო იმ ქალის ფსიქოტიპი იყო, რომელსაც მისი ნაწერის შეფასება დაევალა. რამდენიმე წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ამ ლიტერატორს სძულდა ამგვარი კეთილი ფინალი.
რომ არ დაურეკეს, კვირის თავზე, რედაქციაში მივიდა. ვერ დაგიბეჭდავთ და შეგიძლიათ წაიღოთო, გასცეს პასუხი.
_ მიზეზი? _ იკითხა აკანკალებული ხმით.
გაცვეთილი თემააო, უთხრა იმ ქალმა და  აგრძნობინა რომ მასთან საუბრის გაგრძელება აღარ სურდა.
შეგრძნება, რომელიც დაეუფლა, მკითხველო, შენ ალბათ არ გამოგიცდია. _ ელდა და სასოწარკვეთილება შეეზილა ერთმანეთს და მისი გონება დაიპყრო. შემდეგ ეს შეგრძნება სიბრაზეში გადაუვიდა და გულში ბოღმად ჩაეღვარა.
მეორე დღეს, ელდამ და სიბრაზემ რომ გადაუარა, თავისი მოთხრობის შინაარსის განსჯა დაიწყო და შეეცადა სიუჟეტში ბანალურობა ეპოვა:
_ ქალ-ვაჟის ურთიერთობა გაცვეთილი თემაა, ამ ურთიერთობას ორი ფინალი აქვს: ან ერთად რჩებიან, ან _ არა, _ფიქრობდა ის.
ხედავ, თვითონვე მიხვდა საკუთარი ნაწერის ნაკლსო, იტყვი, მკითხველო, მაგრამ მითხარი,  ამ თემას რომელი ცნობილი მწერალი გაქცევია?
_ გაცვეთილი სიუჟეტი ავირჩიე... _ აგრძელებდა ფიქრს და შინაარსის ავკარგიანობას წონიდა და ზომავდა:
_ `სიყვარული~ _ ეს ტერმინი პირველყოფილი ინსტიქტების შეფუთვის მცდელობაა და სხვა არაფერი, ქალისა და მამაკაცის გეშის გაადამიანურებაა, მორალისტების მიერ შექმნილი სიტყვაა, რომელიც მხოლოდ ურთიერთობის ზედაპირზე არსებულ განცდებს აღნიშნავს, ხოლო სიღრმეში წვდომა მათ მიერვე ტაბუდადებულია. თუ საფხეკელს აიღებ და ამ გრძნობას გადაფხეკ, სექსუალური ლტოლვა დაგრჩება და სხვა არაფერი. ეს გრძნობა საპატარძლო კაბაა და არა პატარძალი, _ ჩამოიქნა მის გონებაში ეს აზრი და თვალწინ ქორწილი დაუდგა:
ღრეობა, ცეკვა, მუსიკა და ამ დროს პატარძალს კაბა ეხდება და რჩება ძუძუებზე ხელებაფარებული, ჩაცუცქული, შემცბარი ქალი. წყდება ყიჟინა, ხორხოცი, ჩლუნგდება თამადის ენაწყლიანობა და ყველა პატარძალს მიშტერებია.
_ აი სინამდვილე, აი პატარძალი წარმოჩენილი თავისი სიმდიდრითა და სიღარიბით, ხოლო ის კაბა, რომელზედაც ფული და შრომა დაიხარჯა, სხვა არაფერია სინამდვილის ლამაზად შეფუთვის გარდა და საქორწილო სარეცლის იქით ყველაფერი ფარსია. საწოლი ერთადერთი ნივთია, რომელსაც რეალური დანიშნულება აქვს. რა საჭიროა ამ საქმისთვის ეს აყალმაყალის თეატრი, უაზრო, ტრაფარეტული მოლოცვები და გახუნებული აბდაუბდა? _ დაუსვა საკუთარ თავს შეკითხვა და ახარხარდა.
ეტყობა ამ კაცს ცოტა აკლია კიდეც, მარტოს რა აცინებსო, ალბათ, გაიფიქრე მკითხველო, მაგრამ ის ხომ კარგა ხანია, მარტო ცხოვრობს, სიცილი კი მოსაწყენი სიმყუდროვიდან გაქცევაა და შენებურად რაღაც სხვა კუდს ნუ გამოაბამ.
თავისი თეორია _ ` სიყვარული და ცხოვრება~ სანაგვეში მოისროლა, `გამრავლებისა და გადარჩენის~ არასწორი ინტერპრეტაცია არისო, უთხრა საკუთარ თავს, ამაში მის წარმოსახვაში არსებული ხატი შიშველი პატარძლისაც დაეხმარა და დაასკვნა: სექსი და სიკვდილთან ბრძოლა _ აი, ყველაზე პირველყოფილი და ყოვლადგანცდადი გრძნობა, თქვა და მის გონებაში ნოველის სიუჟეტიც ამოტივტივდა. მთელი თვე წერდა, თითოეულ სიტყვასა და დეტალს უკირკიტებდა. ეროტიული ჟანრის არც თუ პატარა მოთხრობა გამოუვიდა.
მოქმედება უცნობ აზიურ ქვეყანაში ხდებოდა:
ოცი წლის ლამაზი ჭაბუკი, სახელად აბდულა, გვირაბს გათხრის და შეიხის ჰარემში შეაღწევს. ბიჭი სიკვდილთან თამაშობს, ჰარემს შეიარაღებული დაცვა ჰყავს, მაგრამ იმდენად ძლიერია მასში იმ ქალის სურვილი, რომელმაც ფანჯრიდან მანდილი დაუქნია, რომ შიშს სძლევს და გამბედაობისა და მოხერხებულობის წყალობით ქალის სარეცელში აღმოჩნდება. ჰარემში თხუთმეტი ქალია, ისინი ჭაბუკს, ამ ამბის გაქვეყნებით აშანტაჟებენ და ისიც იძულებულია, ყველა მათგანთან დაწვეს.
სექსი თითოეულთან დაწვრილებით აღწერა ჩვენმა გმირმა და დარწმუნებული იყო, რომ ეს ყოველივე შიდა ინტრიგებისა და შიშის ფონზე მკითხველის ემოციაზე დიდად იმოქმედებდა.
ვიცი, მკითხველო, გაგეცინა, `ათას ერთი ღამის~ ზღაპრის სიუჟეტს მიამსგავსე ეს შინაარსი, მაგრამ თუ იცი, ამ ქვეყნად რამდენი სიუჟეტი არსებობს? დაიბენი? ვხვდები, ამაზე არ გიფიქრია. მიკიბ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ გეტყვი – ძალიან ცოტა, იმდენად ცოტა, რომ, ერთ სიუჟეტზე უამრავი შედევრია დაწერილი, ამიტომ ამ კაცს ამაზე ნუ ავუხირდებით და მოდი, ცოტა მეტად ლმობიერნი და მიმნდობნი ვიყოთ. 
ისევ იმ ჟურნალში მიიტანა. ისევ იმ სიყვარულში ხელმოცარულ ლიტერატორს დაევალა მისი მოთხრობის ავ-კარგიანობის განხილვა და ისევ არ დაურეკეს. კვირის თავზე ისევ თვითონ მივიდა. ლიტერატორმა ქალმა თავაზიანად მიიღო, ზედმეტად თავაზიანადაც კი. წინა შეხვედრისაგან განსხვავებით, სკამი შესთავაზა, თვითონაც ზედმეტად ახლოს მიუჯდა და მისი მოთხრობის განხილვას შეუდგა:
_ ძალიან მომეწონა, განსაკუთრებIთ ეპიზოდი მეექვსე ქალთან:  `მან უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ალაჰს შემწეობა სთხოვა და მეექვსე ქალთან გადავიდა~  _ ეს დიდებულია, უფალი და მრუშობა - ეს ფენომენი სიღრმისეულად გაქვთ გადმოცემული, თქვენი გმირი ცოდვაშიც კი უფალს სთხოვს შემწეობას, _თქვა ნაზად, ორაზროვნად გაიღიმა და გააგრძელა, _ ეპიზოდი მეცხრე ქალთან ძალიან ნატურალისტურია, იმდენად ბუნებრივი, რომ ვნებიანი მკითხველი შეიძლება ორგაზმამდე მივიდეს, ქალის ფსიქოტიპი  ბრწყინვალედ არის დაჭერილი... _ ამ დროს მან ტექსტში დაიწყო ფათური, მალე მიაგნო და აღტაცებული გამომეტყველებით წაიკითხა: `მეცხრე ქალმა არ ისურვა, პარტნიორი კაცის ტრაკი სხვა ქალებს დაენახათ და ვაჟს ზევიდან მოექცა~ _ მე მესმის ამ ქალის... რაც შენია, თუნდაც დროებით, თუნდაც ერთი წუთით, ბოლომდე შენი უნდა იყოს, ის ერთი წუთი ბოლომდე უნდა შესვა და ბოლომდე დაიხარჯო.
მკითხველო, გატყობ, რაღაცის თქმას აპირებ და ეს რაღაცა გუმანით ვხვდები, რაც არის: არ მოგეწონა ლიტერატორი ქალის ტიპაჟი და შეურაცხმყოფელი სიტყვა, რომელთაც ამ ქალს გინდა მიმართო, შენი ენის წვერზე უკვე გამონასკულა, მაგრამ მერწმუნე, ამ ქალის ტიპი იშვიათი არ არის, ისინი მრავლად არიან, შენს გვერდით ცხოვრობენ და თუ შენთან გულახდილნი არ არიან, შენი მუდო ხასიათის ბრალია და სხვა არაფრის.
_ როდის დაბეჭდავთ? _ როგორც კი დრო იხელთა, ჰკითხა ჩვენმა გმირმა.
ქალმა მარცხენა ხელით თმა გაისწორა, თვალები მოწურა და ნაბოდიშევი ხმით თქვა:
_ ვერ დაგიბეჭდავთ. კარგი რეცენზია დავწერე და რედაქტორს გადავეცი, მაგრამ მაგ წინა საუკუნეში ჩარჩენილმა ბებერმა, არაო, ეს პორნოჟურნალის თემააო.
კვლავ იგივე დაემართა: წყენა ელდასავით ეცა და ისე დაითრგუნა, რომ ხმა აუკანკალდა  და უნებლიედ სკამიდან წამოდგა.
ქალი კი აგრძელებდა: _ მე თქვენში დიდ პოტენციალს ვხედავ, ადამიანის ხასიათის იმ დეტალებს აჩვენებთ, რომლის გადმოცემაც სხვებს არ შეუძლია ან ამ თემას გაურბიან. მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ. მიხარია, რომ გაგიცანით, თქვენთან დიდი სიამოვნებით დავლევდი ყავას ამ საღამოს და ლიტერატურაზე ვისაუბრებდი.
მკითხველო, ალბათ,  დამეთანხმები, რომ ძალიან ძნელია, როცა ქალი შეხვედრას გთხოვს და ჯიბეში რამოდენიმე თეთრი გაქვს, რომელიც სახლამდე მისასვლელად თუ გეყოფა. ამ შემთხვევაში უარის თქმა უფრო უპრიანია, მაგრამ უარის თქმასაც თავისებური მოხერხებულობა უნდა. ჯენტლმენი თუ ხარ, ისეთი მიზეზი უნდა მოიგონო, რომ ქალს შეურაცხყოფა არ მიაყენო. ქალებისთვის ეს ძალიან მარტივია, მათ აქვთ უარის თქმის ერთი მეტად სერიოზული საბაბი. თუმცა მკითხველო, სად შევტოპე, რა შუაშია ამ რაღაცეებზე საუბარი, ქალმა ხომ უბრალოდ ყავაზე დაპატიჟა.
_ დიდი სიამოვნებით, ბედნიერი ვიქნები, თქვენთან ერთად... _მექანიკურად წამოსცდა ეს წინადადება, ვერ დაამთავრა და  ენაზე იკბინა, მაგრამ გვიანი იყო, ინიციატივა უკვე ლიტერატორ ქალს ეპყრა ხელში და ენად იყო გაკრეფილი.
პაემნამდე ორი საათი იყო დარჩენილი. ამ დროში ფული უნდა ეშოვნა, მაგრამ სად და როგორ? ვერ გადაეწყვიტა. გონებაში უამრავი ნაცნობი ამოუტივტივდა, მაგრამ მის ამაყ ბუნებას თხოვნა არ შეეძლო.
სახლში მეტროთი გავიდა, ბებიის ნამზითვარი სამოვარი ბაზარში წაიღო და ნახევარ ფასად გაყიდა.
ამ კაცს ფულის სესხება არ შეუძლია, სამაგიეროდ ბებიის  სამოვარს იოლად ელევაო, ვიცი, გაიფიქრე მკითხველო. ალბათ, მის ამ ბუნებას სახელიც მოუძებნე, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ამ სამოვარში ორმოცდაათ წელზე მეტია, ჩაი არ მოდუღებულა და ვფიქრობ, ბებიის სულის ცხონებაა, თუ შვილიშვილს მისი სახსოვარი ასეთი უხერხული ვითარებიდან გამოიყვანს.
დათქმულ ადგილას დათქმულ დროზე მივიდა. როგორც ხდება ხოლმე, ურთიერთობა ყავით დაიწყო და კონიაკით განმტკიცდა, ბოლოს კი ქალი გამოუტყდა, რომ სასმელებიდან სხვა ყველას, ლუდი ერჩია.
ქალს, როგორც იტყვიან, ინიციატივა ხელში ეპყრა. ლაპარაკობდა ლიტერატურის თანამედროვე ტენდენციებზე და ქართული მწერლობის ჩამორჩენილობაზე:
_ჩვენი მწერლები გულწრფელნი არ არიან. ისინი ძირითადად ირიალურ თემებზე წერენ, დიასახლისების კეთილ, რომანტიულ ბუნებაზე მანიპულირებენ, ჭეშმარიტი განცდები კი, სამწუხაროდ, ქაღალდს მიღმა მათ საცვლებში რჩება...
ჩვენმა გმირმა ლიტერატორის ამ სიტყვებზე საკუთარი საცვალი იგრძნო და ამის შემდეგ თითქმის არც უსმენდა, მხოლოდ მის მიმიკებსა და შიშველ მხრებს მიშტერებოდა და დარწმუნებული იყო, რომ ქალს ეს მონოლოგი დიდი ხნის წინ დაეწერ-გაეზუთხა და როცა კონიაკმა თავისი ქნა, ქალმა კი ცოტა ამოისუნთქა, ჩვენმა გმირმა ერთი ფრთხილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: _ თქვენ ერკვევით ლიტერატურაში და ძალიან ლამაზი ხართ _ თქვა მან.
_ ძალიან ლამაზი? _ გაიკვირვა ქალმა, აკისკისდა და ხელი ხელზე დაადო.
ალბათ ხვდები, მკითხველო, ასე დაწყებული ურთიერთობის ფინალი რა არის. ამ ლიტერატორსაც უკვე სახელი დაარქვი, მაგრამ, თუ ფანტაზია გეყოფა, შეეცადე, მის ადგილას დადგე და ცოტა ხანს მისი განცდებით იცხოვრო. შეეცადე, წარმოიდგინო ოცდათხუთმეტი წლის გაუთხოვარი ქალი, რომელსაც მამაკაცზე რომანტიული შეხედულება ვითარებათა გამო რამოდენიმე წლის წინ დაემსხვრა. ასეთ დროს ქალში საპირისპირო სქესისადმი ზიზღი მყისიერად იბუდებს, შემდეგ ეს გრძნობა ნელ-ნელა ქრება და რჩება მამაკაცის ხატი შავი მკვეთრი კონტურით, რომელსაც მხოლოდ მისი წარმოსახვითი სექსის გამატერიალიზების დანიშნულებაღა გააჩნია.
ამ ქალმა, როცა ჩვენი გმირის მოთხრობა `აბდულა და ჰარემი~ წაიკითხა, მაშინვე ავტორი დაუდგა თვალწინ. `ძალიან ნათლად ხატავს, ნეტა ცხოვრებისეული გამოცდილებით აქვს მიღებული თუ უმწიფარის  სექსუალური ფანტაზიაა?~ _დაუსვა თავს შეკითხვა და როცა ავტორი გაიცნო, ინტერესი უფრო გაუძლიერდა.
ქალმა ხელი ხელზე დაადო, კეკლუცად შეხედა და ჰკითხა:
_ თქვენს მოთხრობაში ერთი ლაფსუსია, რომელიც მკითხველს მაშინვე ყურში ხვდება: აბდულა ერთ ღამეში თხუთმეტ ქალთან... თხუთმეტი ნამეტანი ხომ არ არის?
ამ ბუნებით მორიდებულმა კაცმა, მე კიდევ მეტს ვფიქრობდიო, თქვა და უხერხულობის გადასაფარავად ახარხარდა. მის ხარხარს ქალის კისკისი აჰყვა და ყავითა და ლუდის ორთქლით გაჟღენთილ სივრცეს შეერია.
სადარბაზოში რომ შევიდნენ,ქალი ისევ კისკისებდა. ჩვენმა გმირმა გახსნა ბინის კარი, ხელი მექანიკურად ჩამრთველისკენ წაიღო და მაშინღა გაახსენდა, რომ დენი ჩაუჭრეს.
_აქ ცხოვრობ? _ გაიკვირვა ქალმა, როცა სანთლის შუქზე ნახევრად დაცლილი, მიყრილ-მოყრილი,  დამტვერილი ოთახი გამოჩნდა, _ რომანტიულია...
დიახ, მკითხველო, როცა სასმელი ვნებებშია შეზელილი,  უგაზობა, უშუქობა და ცივი წყლით დაბანა რომანტიულია, მაგრამ დილით, როცა ვნებები დაწრეტილია, ამ ყველაფერს სხვა სახელს არქმევენ.
ქალი დილით იცნობა, როცა ფერ-უმარილი და ტუჩის საცხი გადაეცლება, როცა შესიებული გუგები მის ასაკზე და ჯანმრთელობაზე იწყებს საუბარს, როცა შეწებებულ-დაწირპლული თვალები წუხანდელ ამბავს ყვებიან. ალბათ, ამიტომაც უთქვამთ, დილა ბრძენიაო.
_ დენი რატომ არ გაქვს? _ იკითხა დილით აბაზანაში მიმავალმა ქალმა ისე, რომ არც მოუხედავს.
მკითხველო, ვიცი, გაგახსენდა ამ შეკითხვაზე მეზობლებს რა პასუხი გასცა, წესით ქალისთვისაც იგივე უნდა ეთქვა, მაგრამ ამ ჯერზე არ იცრუა. ვერ გადავიხადე და ჩამიჭრესო, წაიბურდღუნა და ლოგინში გვერდი იცვალა.
ურთიერთობა დიდხანს არ გაუგრძელებიათ _ სულ რამდენიმეჯერ შეხვდენ ერთმანეთს და ამით დასრულდა მათი ლიტერატურულ-სექსუალური წიაღსვლები.
ეტყობა, აბდულაობა ვერ შესძლოო, ალბათ გაიფიქრე, მკითხველო, მაგრამ მერწმუნე ქალს აბდულაობის იქით კიდევ რაღაც სჭირდება და ყველაზე საშიში ის ქალია, რომელიც კაცისგან არაფერს ითხოვს. ასეთ ქალს შორს მიმავალი მიზნები აქვს _ კაცი მთლიანად, როგორც იტყვიან, თავ-ფეხიანად უნდა.
მამიდის ნაანდერძევი ბინიდან ნელ-ნელა გადიოდა ნივთები და ყოველი საგნის გასვლის შემდეგ პატრონი შინ მთვრალი ბრუნდებოდა, ძველ ნაცნობებთან სატელეფონო ურთიერთობასაც კი გაურბოდა და თანდათან მასთან ახალი ადამიანები იკიდებდნენ ფეხს დაჭმუჭნული, დამტვერილი ტანსაცმლით, წინ გამოქაჩული თვალებითა და აკანკალებული ხელებით.
იმ დღეს მოსვრილ მწვანე სავარძელზე მჯდომარე სთვლემდა. ფეხის ხმამ გამოაფხიზლა, ნამთვრალევი თვალებით გაჭირვებით გამოიხედა და ის დაინახა, ვისაც არ ელოდა. მოღრეცილი ტუჩებით, ალმაცერად უცქერდა ცოლი. ალბათ მომეჩვენაო, გაიფიქრა და თვალები ისევ დახუჭა, მაგრამ როცა გაახილა, შეკრთა, წამოიწია და რა გინდაო, წაიბურდღუნა.
_ ტრენაჟორის წასაღებად მოვედი... ჩემი ტრენაჟორის წასაღებად.
_ შენი ტრენაჟორი? მოიცა გავიხსენო... ჰო, მაგ ტრენაჟორში ექვსი ბოთლი მომცეს, დიახ, ექვსი ბოთლი, _ ხელის გაქნევით დააზუსტა ნათქვამი და გაღიმება სცადა.
_ ვაი, შე უბედურო, უჩემოდ რას დაემსგავსე, თუ გრძნობ მაინც, _ თქვა, ტუჩები ზიზღით მოკუმა და გავიდა.
შე, უბედურო! შე, უბედურო! _ ყურებში ზარივით აწკრიალდა ეს სიტყვები, მთელი  მისი სხეული დაიპყრო და გონება შეძრა.
თავბრუ ეხვეოდა. გაჭირვებით ადგა. სარკეში მოუნდა ჩაეხედა და საძინებელში გავიდა.
ოცდაათს გადაცილებული მამაკაცის პირგასაპარს და თვალებშესიებულ სახეს გაბზარული სარკე შუაზე ყოფდა.
_ მე ვარ უბედური? მე ვარ უბედური? _ ჩურჩულებდა და საკუთარ თავს ათვალიერებდა.
უბედურია, აბა, რა არისო, ვხვდები, რომ გაიფიქრე მკითხველო და მეც დაგეთანხმები, მაგრამ იმ პირობი, თუ დამიდასტურებ, რომ ბედნიერება მხოლოდ სიფხიზლეა.
მიყრილ-მოყრილ ლოგინსა და ტანსაცმელს თვალი მოავლო, იატაკზე მტვერი და სიგარეტის ნამწვები შეათვალიერა, რეალობა აღიქვა და შეეზარა. როგორ უნდოდა, დაელაგებინა, საწოლი გაესწორებინა, მაგრამ სახსრები არ ემორჩილებოდა და ლოგინზე წამოწვა. მისდა უნებურად, გონების სარკეზე იბადებოდნენ და იცვლებოდნენ კადრები, შემოდიოდნენ ადამიანები, რომლებზეც დიდი ხანია, არ უფიქრია, ბოლოს კი ყველაფერი დაიწმინდა, დარჩა სოფელი, რკინიგზის პატარა ბაქანი, ცალფეხა მეისრე, ორღობის ბოლოს ორსართულა სახლი, ეზოში სახურავდახავსებული სამზადი და დედა. ორი წელია, არ ყოფილა, არ უყვარდა, ეზიზღებოდა იქაურობა, ახლა კი იქ მოუნდა... სურდა დედისთვის ეთქვა, შენი ნაქები შვილი ერთი საცოდავი, უბედური კაცია და შენი მოფერება და დალოცვა უნდა, რომ გადარჩესო.
გაახსენდა, რომ ფული არ ჰქონდა და ყასიდად ჯიბეები მოიქექა. ძილი არ მიჰკარებია, საათზე მეტ ხანს იწვა და მისი ამღვრეული გონება ათასი ფიქრითა და განცდით იყო მოცული.
ბოლოს გაჭირვებით ადგა, სააბაზანოში შევიდა და სანთლის შუქზე დაჩლუნგებული ძველი სამართებლით პირის პარსვას შეუდგა. საპარსი წვერს გლეჯდა. სახე ცუდად გაპუტულ ქათამს უგავდა და ეწვოდა. ნებისყოფა არ ეყო და სანახევროდ გაპარსული გამოვიდა.
არაყი მოუნდა, ძალიან მოუნდა...
_ რაღა გავყიდო, _ გულში თქვა, ბინა მოათვალიერა და ამ დროს კარზე დააკაკუნეს.
_ ჩემი რომელიმე ამფსონია, იქნებ სასმელიც მოიტანა, _ გაიფიქრა, კართან მივიდა, სათვალთვალოდან გაიხედა, შეკრთა და _ დედა! _ ხმამაღლა აღმოხდა.
_ მოგიკვდეს დედა, შენ ამბავს სხვები უნდა მიყვებოდნენ, შვილო? როგორ გამოცვლილხარ, ბიჭო! _ თქვა ქალმა, შვილს მიეხუტა და მისი ყელიდან ოფლში აზელილი არყის სუნი ხარბად შეისუნთქა.
ადრე სურსათთან ერთად ჭაჭაც ჩამოჰქონდა, იქნებ ამ ჩანთაში სასმელიც დევს,  გაიფიქრა და გარედან შეათვალიერა.
ჭუჭყით გაზინთლულ და არეულ სახლს დედამ უკმაყოფილო სახით გადაავლო თვალი, თავი გააქნია და დალაგება დაიწყო.
_ სინათლეც არ გქონია, მომიკვდეს თავი. შენმა დამ მითხრა, ცოლიც გასცილდაო, ალბათ, მაგას დარდობ, შვილო.
_ მაგას არა.
_ აბა რა მოგივიდა, ცოტაოდენი ჭაჭა ჩამოგიტანე, ცხონებულ მამაშენს ჰგავხარ, ნამთვრალევზე რომ არ დაელია, არ შეეძლო. ერთ ჭიქაზე მეტი არ გინდა, შვილო.
ჭაჭის ხსენებაზე ჩვენი გმირი გამოცოცხლდა, მაგრამ ჩანთამდე მისვლა ვერ გაბედა, დედას დაელოდა, სანამ ყველაფერს არ ამოალაგებდა. მერე ჭიქა მოიმარჯვა, აკანკალებული ხელით დაასხა და, შენ გაგიმარჯოს, დედიო, _ თქვა.
არაყმა დაამშვიდა, განსჯის უნარი დაუბრუნა და თავისი მდგომარეობა მერეღა გაისიგრძეგანა.
_ მეტი არ დალიო, შვილო. სახლში უნდა წაგიყვანო, აქ დაიღუპები. მოდი, პირი ცუდად გაქვს გაპარსული.
დედამ საპარსი გამოიტანა და ნარჩენი ადგილების შესწორებას შეუდგა.
_ ასეთი დაჭმუჭნული ტანსაცმლით როგორ წაგიყვანო, შვილო, მაგრამ არა უშავს, ღამის მატარებელს გავყვებით, ისე ჩაგიყვან, ვერავინ დაგინახავს.
_ იქ რა გავაკეთო?
_ აქ რას აკეთებ, შვილო. იქ გამოფხიზლდები მაინც, მშიერი არ იქნები... იქნებ დაოჯახდე კიდეც. იმ გოგომ რომ გაიგო, ცოლს გაეყარაო, ჩემთან სიარულს მოუხშირა, შენ ამბავს მეკითხება ხოლმე. მგონი, ისევ უყვარხარ. რო წამოვედი, საქონელიც მას დავუტოვე. შენც ხომ გიყვარდა, შვილო. ბავშობა გაიხსენე, ლექსებს რომ უწერდი...
დედის ნათქვამმა ის გოგო გაახსენა, უყვარდა, სანამ ერთმა ვითარებამ ყველაფერი არ შეცვალა:
დილა იყო, სოფლის ნახირი ის-ის იყო გროვდებოდა, როცა მათ ეზოში გადავიდა. რა უნდოდა, არ ახსოვს და როცა მას შეეფეთა, გაწითლდა. გოგო ახლო მივიდა, გაეთამაშა.
ჰო, რა მოგივიდა, მკითხველო? ახალგაზრდებმა ხომ ლეკვებივით  იციან ერთმანეთთან გათამაშება.
ხელები დაუჭირა, პირი საკოცნელად მის ყელთან მიიტანა და ძროხის ცურის სუნი ეცა.
შეეზიზღა, სახე მოარიდა და წავიდა.

რა გაგიკვირდა, მკითხველო? სანამ ძროხას მოწველიან, ფეხებქვეშ წყლიან სათლს შეუცურებენ და ცურს ჩამოჰბანენ. აი, ამ ნაბანის სუნი ჰქონდა იმ გოგოს.

მაშინ ვერ მიხვდა, პატარა იყო და ბევრ რამეს ანგარიშს არ უწევდა. ახლა რომ ახსენდება, ეცინება კიდეც: ობოლი გოგო ხომ ძროხას დილა-საღამო თვითონ წველიდა.
_ შენ რა იცი, რომ ისევ ვუყვარვარ? _  წაილუღლუღა ვითომ სხვათაშორის. მერე  წარმოიდგინა, რომ მასზე დაქორწინდა და თავისი პირველი მოთხრობა გაახსენდა,  ზუსტად ასეთი ფინალით, ბანალურიაო, რომ დაუწუნეს. ცოტა ხანს გაყუჩდა, გაირინდა, ფიქრებში წავიდა და თვალწინ შემდეგი ზმანება გადაეშალა:
იმ გოგოს თავზე ჩიქილა აქვს წაკრული, ლოყები უღაჟღაჟებს, ჯიქნებიდან  რძის წვეთები იდაყვებზე მოცურავს და კალთაში ეწვეთება. რძიან სათლს ოხშივარი ასდის, გარშემო ცურის ნაბანის სუნი დგას. თითქოს ამ სუნმა ცხვირში შეუღიტინაო, იმ გოგოს სურვილი გაუჩინა...
_ წამოვალ, დედი, _თქვა და ხმამაღლა გაიცინა, თავისმა მიგნებამ გაამხიარულა.
იმ წამს აღმოაჩინა, რომ ადამიანი ბანალურობისკენ არის მიდრეკილი _  ცდილობს უყვარდეს, დაქორწინდეს, შთამომავლობა ჰყავდეს და ტკბილი სიბერე ჰქონდეს, რომ კაცის ცხოვრება ერთი ძველი გაცვეთილი გზაა.
 







     




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები