ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2013


ასობით მილი და შორს (თავი VII)

ჯოელ, ქალაქი

- რას დაყუდებულხარ? წამოდი... წამოდი მანქანაში. ვაჰ რა კარგი ამინდია, მზიანი ზაფხული, ამაღამ არაჩვეულებრივი ცა იქნება, ორიონი და ეგენი რომ დაეწყობიან… კარები ფრთხილად დახურე, ხომ იცი როგორ მიყვარს ჩემი მეშვიდე ეშმაკი? ოხ ეს ახლები რა... რას შემომყურებ გამოშტერებული? ხო, რომ მოვდიოდით ვერ ვიყავი ხასიათზე, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ჭორებს ბოლო მოეღო, ბოსის ძმა მკვდარია, ამდენი წელი გადაკარგული, და ახლა მკვდარი იპოვეს. რა ტრაგედიაა ოჯახისთვის, არა? ფუ მაგათი! შენ დიმიტრი არ იცი! მე და დიმიტრი ახლო მეგობრები ვიყავით. ყოველთვის მეშვიდე სერიის ბეემვეთი კი არ მივლია. მთელი ბავშვობა ერთი წითელი ქურთუკი მქონდა, ბუმბულს ბალიშივით იყრევინებოდა. დედა კი ძალიან მიყვარდა, მაგრამ წამალზე იჯდა. ზამთარში კარდონის ნაგლეჯი იყო ჩემთის ციგა. დიმიტრიმ პირველმა მომცა შანსი რომ ყველაფერი შემეცვალა. მართლაც ბევრი შეიცვალა, მაგრამ ბევრიც იგივე დარჩა. კეტები ცერა თითებზე ყოველთვის გახეული მქონდა, ახლა კი სულ ფეხშიშველი დავდივარ სანაპიროზე. დახმარების ცენტრში ცარიელი მუცლის მაგივრად უკვე სავსე ჯიბით მივდივარ, რომ დავრწმუნდე იქ მისულს ულუფა ყველას სავსე აქვს თუ არა. ნაგავში ვიყავი და ახლაც ნაგვით ვარ გარემოცული. მაგრამ ეპიფანია მაქვს, გავთავისუფლდი, გავცემ რამდენსაც მინდა და ავიღებ რამდენსაც მინდა. არადა მე არაფრიდან მოვდივარ, არაფრიდან, გაინტერესებს შენც ჩემს ადგილას როგორ მოხვდე? ჰაჰ! რა თქმა უნდა, გაინტერესებს. მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა შენს საქმეს, მთელი გული და სული. და რაც მეტს აკეთებ, უფრო მეტი ჩნდება გასაკეთებელი. დრაკონი არ მოკვდება, და მვკდარი დრაკონიც არაფერი სარგებელია. ასეთი ჩაკეტილი ღვარძლიანი წრეა ეს ცხოვრება. დიმიტრი ქუჩაში გავიცანი, დავმეგობრდით და ნარკოტიკებს მაძლევდა რომ გამეყიდა. არ ვიცი თვითონ საიდან მოჰქონდა, მოგვიანებით გავიგე რა ოჯახის შვილი ყოფილა. ცოტა ხანში ჩვენი ბანდა შევკარით, მე და დიმიტრი ვარბენინებდით სხვებს საბარიგოდ, კაი ფულს ვაკეთებდით. მისთვის რომ ესროლათ დაუფიქრებლად გადავეფარებოდი. თანაც ყოველ მეორე დღეს ხათაბალაში ვიყავით. ჩვენს ბიჭებს ხან ვინ დაიჭერდა, ხან ვინ... ზოგის გამოხსნას ვახერხებდით, ზოგისასაც ვერა. კარლო ხშირად აკითხავდა ხოლმე დიმიტრის. მე და დიმიტრი უკვე კაი ხნის მეგობრები ვიყავით როცა კარლო გავიცანი, მაგრამ რაც მას დავუმეგობრდი დიმიტრის გამოხედვა სიძულვილით გაივსო და შეხება ყინულივით გაცივდა. კარლომ თავისთან წამიყვანა, თავის საქმეებზე მამუშავებდა. დიმიტრის ეს არ მოეწონა. არადა ჯერ სულ ბავშვები ვიყავით. თუ სადმე შემხვდებოდა - აღარ მელაპარაკებოდა და შემდეგ გაქრა და გაქრა, დაიკარგა. და მერე ცოტა გავაფრინე, ეჭვებით ავივსე, ვერ გამეგო ვინ იყო ჩემი მეგობარი და ვინ არა. სიარულისას უკან უფრო მეტს ვიხედებოდი ვიდრე წინ. შემოვიზღუდე თავი, არც ქალი, არც გართობა, არაფერი. გონება ფულზე მქონდა და გული მომავალზე. ამასობაში ბევრიც ვისწავლე, გავიდა წლები, წინ და წინ წავედი. ახლა უკვე დიდი გავლენა მაქვს ქალაქში, ჩემი ეშინიათ, პატივს რამდენად მცემენ არ ვიცი, აჰაჰა! მაგრამ დიმიტრისა დღემდე ვერაფერი გამიგია, თითქოს ამისკენ მოვდიოდით ორივე, სად გადაუხვია და რა უნდოდა არ მესმის. ძმებივით ვიყავით, ერთად დავდიოდით, ერთად ვმუშაობდით. მემგონი სწორედ ამაზე განაწყენდა, ვერ მივუხვდი გულში რა ედო. მას ყველაფერი ჰქონდა, მე კი არაფერი და ჩვენი ბავშვობა მაინც ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.  მაგრამ ჩემი მიზანი სწორედ დღევანდელი დღეა. მთელი ცხოვრება ამისკენ მოვდიოდი. მე იმ ფენაში ვიყავი, რომლებსაც დასახოცად აგზავნიან, ახლა კი პირიქით, მე ვაგზავნი ხალხს. რა იყო, გგონია ჩემი ბავშვობის მეგობრის სიკვდილი მიხარია? არა, არა. მთავარი ახლა ჩვენი საქმეა, კარლომ ახალი დავალება მომცა. ლუკასია მოსაშორებელი. ოო, თითქმის დამავიწყდა ეგ ტიპი. მაგასთან პირადი ანგარიშიც მაქვს გასასწორებელი, ამიტომაც სხვას არავის ვავალებ. მე ვალს ყოველთვის ვაბრუნებ, მითუმეტეს ტყვიები თუ მმართებს. ახლა რესტორანში მივალთ, იქ ვახშმობს დონ ლუკასი. გეგმა ძალიან მარტივია: მე ბართან დავდგები, შენ გარეთ იქნები. დარეკე ბარში და ბარმენს უთხარი რომ დონ ლუკასთან სასწრაფოდ გსურს დალაპარაკება. როგორც კი ტელეფონთან მოვა - გამოვასალმებ სიცოცხლეს.

***
ყველაფერმა ჯოელის გეგმით ჩაიარა. ლუკასი ტელეფონთან მივიდა და მაშინვე იგრძნო როგორ შეეხო ჯოელის პისტოლეტი მის კოსტუმს.
- გავიგე დიმიტრი მომკვდარა. როგორაა კარლო?
- შენს მერე დგას რიგში, ნაბიჭვარს თავისი ძმა ვეღარ უცვნია.
- მეც მომკლავ და კარლოსაც?.. ჩვენ ვმართავთ ამ ქალაქს, ჩვენ ვართ ძალაუფლება! შენ მხოლოდ შენი ინტერესები გამოძრავებს. წარმოიდგინე რა ქაოსი ატყდება ქალაქში!
- თქვენს დამყარებულ წესრიგს, ჩემი ქაოსი მირჩევნია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები