ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პროზა
11 აგვისტო, 2013


ასობით მილი და შორს (თავი VIII)

ლილის დღიური

გუშინ გვიან დავბრუნდი, სამზარეულოში შესვლისთანავე შევნიშნე რომ სიბნელეში მაგიდასთან  ვიღაც იჯდა. ძალიან შემეშინდა, სუნთქვა შემეკრა. უცხომ სინათლე აანთო და მომიახლოვდა. შიშისაგან კედელს ავეკარი, ალბათ რომც შემძლებოდა მაინც ვერ დავიყვირებდი. ცოტა ხანს მიყურა, შემატყო რომ მეშინოდა. ხელები ოდნავ განზე გაწია, მანიშნა არაფერს გავნებო და ეს ჟესტი მეცნო. დავწყნარდი, მაგრამ მაინც ვერ გამეგო რა ხდებოდა და ჩემგან რას ითხოვდნენ. კაცმა ხელები კიდევ უფრო განზე გაშალა, თითქოს მეკითხებოდა რაღაცას, და მივხვდი ვიღაც უნდა ამომეცნო. და სანამ მოგონებებს მივეცემოდი უცხომ ძალიან დაბალი, შორეული, გაწყვეტილი ხმით თქვა:

- დიმიტრი ვარ.

და მე ისევ ხელახლა გავიყინე. ოღონდ არა შიშისგან. გამყინა იმ ამოუცნობმა და უცნაურმა გრძნობებმა რომლებიც არასოდეს გამომიცდია, ასეთ რამეს ალბათ ცხოვრებაში სულ ერთხელ თუ იგრძნობს ადამიანი. დიმიტრი? მართლა დიმიტრია? ამდენი წლის შემდეგ? ცოცხალი?

მე და დიმიტრი ერთად გავიზარდეთ, სულ ერთად ვიყავით, გვიყვარდა ერთმანეთი. ერთ სკოლაში დავდიოდით, ყოველთვის ერთად. ძალიან პატარები ვიყავით, ბავშვები დაგვცინოდნენ ხოლმე, მაგრამ დიმიტრის ეს სულაც არ ადარდებდა. ჩემთვისაც მისი დანახვისთანავე, ყველაფერი სულერთი ხდებოდა. ჩვენ ჩვენი სამყარო გვქონდა და იქ ჩვენს გარდა არავინ იყო.

როდესაც წამოვიზარდეთ დიმიტრი ძალიან შეიცვალა. ჩემს მიმართ არ შეცვლილა, მაგრამ მაინც სხვანაირი გახდა. ერთმა სულელმა და ცელქმა ბიჭუნამ, რომელიც ყოველთვის ჯამბაზობდა და მხიარულობდა, პირქუშ და შეუპოვარ კაცად დაიწყო ჩამოყალიბება. უამრავი მეგობრები გაიჩინა. ასეთი სწრაფი ცვლილებები მეუცნაურებოდა და ვერ გამეგო რა ხდებოდა. შემდეგ სხეულზე ნაიარევები გაუჩნდა. ერთხელ ახალ ნაჩხუბრებს, მას და მის მეგობარს, ქუჩაში გადავეყარე. ძალიან მესიამოვნა, როდესაც მიხვდა რას ვგრძნობდი. მითხრა რომ ყველაფერს მომიყვებოდა მოგვიანებით. ასეც გააკეთა. ჩვენი საყვარელი ადგილი იყო აივანი ჩემი კორპუსის სახურავზე. იქიდან ქალაქის დასასრული და მთები მოჩანს, საათობით ვმჯდარვართ იქ, ძველ სავარძელში მოკალათებულნი და გვიყურებია მზის ჩასვლისთვის. მეორე დღესაც იქ ავედით და მომიყვა ყველაფერი თავისი ოჯახის შესახებ. ისიც მითხრა რომ მიცავდნენ, სულელი ბიჭი, თვითონ კი არა კარლო გვადევნებდა თვალ-ყურს. ერთი პერიოდი კი მიკვირდა ბიჭები ყურადღებას რომ არ მაქცევდნენ, მაგრამ ვფიქრობდი ალბათ იციან დიმიტრის შესახებ და მისი ეშინიათ-მეთქი. მაგრამ ეს მაინცდამაინც არ მეჯერებოდა, რადგან საერთოდ ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ვინმეს დიმიტრის რიდი მაინც ჰქონოდა. ეს იყო ძალიან საყვარელი, ლაღი, სიცოცხლით სავსე და ხალისიანი ბიჭი, რომელზეც ჭკუა მეკეტებოდა. ალბათ სწორედ ეს მიბნელებდა გონებას. ერთხელ დიმიტრის ჩემი მშობლების გაცნობა შევთავაზე, მაგრამ სასტიკი უარი მივიღე. მითხრა, თუ მე შენს მშობლებს გავიცნობ, მაშინ შენც უნდა გაიცნო ჩემები და ეს არ მოხდებაო. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და უკვე ვიცოდი, რომ დიმიტრის ფათერაკიან ცხოვრებას შეეძლო ჩემთვისაც დიდი უსიამოვნებები შეექმნა, მაგრამ ეს დრო უტკბესი იყო ჩემს ცხოვრებაში და არავის და არაფრის გამო ჩვენს ურთიერთობაზე უარის თქმას არ ვაპირებდი.

ნარკოტიკების გაყიდვა რომ დაიწყეს მაშინვე მივხვდი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიცოდი რომ ეგ და მისი მეგობარი ჯოელი კარგს არაფერს აკეთებდნენ. ჩემთვის ეს უმნიშვნელო იყო. რატომღაც მჯეროდა, რომ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ჩაივლიდა. დიმიტრის უნდოდა დაემტკიცებინა, რომ თვითონ შეეძლო რაღაც საქმის წამოწყება და თავის შენახვა, თავისი ოჯახისა და კარლოს დახმარების გარეშე. ეს თვითონ არ უთქვამს, მაგრამ ვხვდებოდი, ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა, ამ თემაზე არც კი გვილაპარაკია.

შემდეგ ყველაფერი ცუდად წავიდა. მე საუბრის უნარი დავკარგე, დიმიტრის თავისი საქმეები ჩაეშალა, ჯოელმა მიატოვა. ჩემმა მშობლებმა კი იცოდნენ ჩვენი ურთიერთობის შესახებ და თავიდან არ ნერვიულობდნენ, ალბათ იმიტომ რომ მდიდარი და შეძლებული ოჯახის შვილი იყო. მაგრამ როცა გაიგეს დიმიტრი რა საქმეებში იყო ჩართული - დაფრთხნენ. დამელაპარაკნენ და ამიხსნეს, რომ ჩვენი ურთიერთობა კარგს არაფერს მომიტანდა, მაგრამ მე დიმიტრის მიტოვებას არ ვაპირებდი. მჯეროდა, რომ თვითონ არასოდეს მომექცეოდა ასე.

მე და დიმიტრის გაუჩერებლად არასოდეს გვილაპარაკია, მაგრამ როდესაც ლაპარაკის უნარი დავკარგე გადაწყვიტა რომ თვითონაც არასოდეს არაფერი ეთქვა, თუ უკიდურესად საჭირო არ იქნებოდა. და თუ რამეს იტყოდა, ისიც ჩემი თხოვნით, რომ მისი ხმა გამეგო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორივემ ყველაფერი დავკარგეთ, მაგრამ ერთმანეთი დაგვრჩა და ყველაფერი ისევ სულერთი იყო. დავდიოდით ფურცლებით, ბლოკნოტებით, კალმებით, ფანქრებით, ფლომასტრებით და ასე ვუცვლიდით ერთმანეთს სულელურ და არანორმალურ აზრებს. ქუჩაში, ტრანსპორტში გიჟებივით დავრბოდით და ერთმანეთს წერას არ ვაცლიდით, ახალი სამყარო აღმოვაჩინეთ, რომელიც ძველს ბევრად სჯობდა. მგონი აღარც მინდოდა ავლაპარაკებულიყავი, რაში მჭირდებოდა? არაფერში! ჩვენ ისევ ვისხედით ხოლმე აივანზე, ისევ ვუყურებდით მზის ჩასვლას... მზე უკვე არაფერ შუაში იყო, ჩვენთვის ის სავარძელი იყო ყველაზე რბილი და ის აივანი იყო ყველაზე მაღალი.

დრო გავიდა, მე კი, მაგრამ დიმიტრის უკვე აღარაფერი დარჩენოდა არც ბავშვური და არც მოზარდული. მამამისი რომ გარდაიცვალა აშკარა იყო მის ოჯახში ცვლილებები. კარლო რომ ტელეფონზე ურეკავდა ხოლმე სახე აელეწებოდა, თვალებს დახუჭავდა, გვერდით გავიდოდა და თავჩახრილი ელაპარაკებოდა, ისე რომ მე არ გამეგო. ისევ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სირთულესაც ერთად გადავლახავდით, ერთად თუ არა დიმიტრი თვითონ მოახერხებდა, ამ ჩემთვის უცნობი წინააღმდეგობების გადალახვას. ის ძლიერი პიროვნება იყო, ხასიათით, სულით, უსაზღვრო ნებისყოფა ჰქონდა. ამ თვისებებს ჩემთან თუ ავლენდა, სხვაგანაც უნდა გამოევლინა. მაგრამ მე ვცდებოდი, და თურმე წარმოდგენა არ მქონია რა შეეძლო ამ ბიჭს და რა ხდებოდა მის გულსა და გონებაში.

წავიდა. როდის, როგორ, რატომ... არ ვიცოდი რა მექნა. გავიდა ერთი კვირა და კარლო ჩემს სახლთან მოვიდა. მთხოვა რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, მე მაშინვე ფურცელი გავუწოდე წარწერით: „დიმიტრი?“ კარლომ თხოვნა გამიმეორა, მეც ჩავჯექი მანქანაში. ვერ ვითმენდი. ხმასა და სახეზე შევატყე კარლოს, რომ რაღაც ცუდი მოხდა. მეორე ფურცელი მივაჩეჩე: „ცოცხალია?“ კარლომ ფურცელი მუშტში მოკუჭა, სათვალეები მოიხსნა, თვალებამღვრეულმა გადმომხედა და მითხრა: „არ ვიცი. წავიდა.“

ეს იყო უსაშინლესი დღე ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცოდი რა მეთქვა, რა მეფიქრა, რა მერწმუნა. დიმიტრი ადგა, წავიდა, ისე რომ არ მითხრა. არც გამომემშვიდობა. მისთვის მე არაფერს ვნიშნავდი? ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ, ამდენმა დრომ გაიარა, განა ეს ყველაფერი ტყუილი იყო? ერთად გავიზარდეთ... ოღონდ ცალ-ცალკე? ჩვენ ხომ ასე ვზრუნავდით ერთმანეთზე, როგორ შეძლო ამ ყველაფრის წყალში გადაყრა? ჩემი ბრალია? მე შევიცვალე? თვითონ შეიცვალა? ალბათ მისი ტკივილი ჩვენს სიყვარულზე ძლიერი იყო? ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთზე, ყოველი დეტალი... როგორ შეძლო? ჩემი სევდისა და დარდის გრძნობას გაოცება აუარესებდა.

გავიდა რამდენიმე თვე, არც დიმიტრისგან მსმენია რამე და არც კარლოსგან. თითქოს დავრწმუნდი, რომ ჩვენი სიყვარულის ისტორია სიყალბე იყო და მეტი არაფერი. მაგრამ დრო გადიოდა და წარსულის მოგონებები უფრო და უფრო მკვეთრი ხდებოდა. არა, ჩვენი სიყვარული არ იყო ყალბი და მე მაინც ვერ გამეგო რა მოხდა. ანდა... იქნებ უბრალოდ აღარ უნდოდა დამუნჯებულ გოგოსთან ყოფნა? ალბათ არც განსაკუთრებული გარეგნობით გამოვირჩევი, ახალგაზრდა ბიჭია და უნდოდა გაეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა. ვერაფერი მოიფიქრა და მოსვლაც ვერ გაბედა. იქნებ სულაც არ გაქცეულა? იქნებ კარლომაც მომატყუა? მაგრამ ქალაქში ჭორები მალე გავრცელდა და ერთ წელიწადში მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ კარლოს ძმა დაიკარგა.

არ ვიცოდი რა მეფიქრა და გადავწყვიტე ფიქრი შემეწყვიტა. გავიდა კიდევ წლები და ცხოვრება გრძელდებოდა.

მაგრამ ახლა? ახლა დიმიტრი ჩემს სახლში იყო. გავბრაზდი, საშინლად გავბრაზდი. მის საქციელს არანაირი ახსნა, არანაირი გამართლება არ ჰქონდა. რატომ მისცა თავს უფლება, რომ ასე მომქცეოდა? მინდოდა მეყვირა, მინდოდა შემხებოდა და დამეყვირა ნუ მეხები-მეთქი! მაგრამ დიმიტრი მოშორებით იდგა და მე ყვირილი არ შემეძლო.

შევათვალიერე, ძალიან შეცვლილი იყო. კანი გაუხეშებული, გამოხედვა გაუხეშებული, მკლავებზე იარები. ჩემი თავი დამავიწყდა და ისევ მის მიმართ გამიჩნდა თანაგრძნობა. მომენტალურად ისევ ჩემი გახდა, მე უნდა მეზრუნა მასზე, მე უნდა ვყოფილიყავი ის რბილი წერტილი, ის სინათლე მის ბნელ გონებასა და ცხოვრებაში. მაგრამ ეს კაცი სრულიად უცხოა.

მაგიდასთან დავსვი და სინათლეზე უკეთესად დავათვალიერე. წლების მანძილზე მე უკვე ვეღარც ვიხსენებდი მის სახეს და თვალებს. დავუწერე ფურცელზე: „მე ვეღარ ვიხსენებდი შენს სახეს და თვალებს.“ დახედა ნაწერს, ფურცელი დაკუჭა. თავისი გამჭოლი მზერა მომაპყრო, ხელი ნელა ლოყასთან მომიტანა, ჩემი სახე მის თითებში ჩაიკარგა, მომეფერა და მითხრა თავისი გამწყდარი ხმით, ხმა რომელმაც გამახსენა ჩემი ბავშვობა, ჩვენი სიყვარული, ის აივანი, სავარძელი, ჩვენი თამაშები, ხმა რომელმაც გამახსენა თითქმის ყველაფერი რაც კი ოდესმე უთქვამს ჩემთვის. ჩაწყვეტილი, მაგრამ ისევ რბილი და გულიანი ხმით:

- მე მახსოვხარ, ყოველთვის მახსოვდი და არც არასდროს დამავიწყდები. არ გასულა დღე, არ გასულა საათი რომ შენზე არ მეფიქროს. მე გავიხსენე ჩვენი ერთად გატარებული ყოველი დღე და ამ ბლოკნოტში ჩავწერე, ყველა დეტალით - მხოლოდ ახლა შევნიშნე მაგიდაზე უზარმაზარი წიგნი. არა, შეუძლებელია, მე ასე არ შემიძლია. დიმიტრი წავიდა თავისი თავის გამო, ჩემზე რომ ეფიქრა ასე არ მოიქცეოდა. კაცი რომელიც მხოლოდ თავისი თავის გამო იბრძვის კაცი არაა. მისი ხელი მოვიცილე, წიგნი ავიღე, გადავშალე ბოლო გვერდზე და დავწერე: „არა დიმიტრი, შენ აღარ ხარ ის ადამიანი ვისაც მე ვიცნობდი. საერთოდ არ ვიცი ვინ ხარ ახლა. შენ წახვედი წლების წინ და აღარ დაბრუნებულხარ, მე არ მახსოვს როგორი იყავი. გიყურებ და ვერ გცნობ. კაცი რომელიც ჩემს წინ ზის სრულიად უცხოა და მე მასთან საერთო არაფერი გამაჩნია.“

დიმიტრი ადგა, სახეზე თითები მომითათუნა, წიგნი აიღო და სახლიდან გავიდა.



* * *

ბორისი, მშენებლობა

- ერთი ამათ დამიხედე! რას უზიხართ ბიჯო!? აეთრიე ფეხზე! სამუშაოდ მოხვედით თუ საყურებლად! ჯოელ სადაა შენი შლემი? ხო თავზე რომ უნდა გეხუროს! რას იჩეჩავ მხრებს?! ... ნახე, შეხედე! მუნჯმა თავისი მისცა... მერე შენ რა ჩემს ფეხებს დაიხურავ?! ესეც მხრებს იჩეჩავს! გადამიყვანთ ჭკუიდან, ბიჯო თქვენ ვინ ყოფილხართ! ეს ვინები მომითრია მონტემ გაუხმეს თავი, ან სად გიპოვათ!? თქვენ რა უნდა ააშენოთ, თქვენი შემყურე აშენებული დაინგრევა... ნახე დასხდნენ ისევ! ეს რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით?! დიმიტრი, მე ვიყო არაკაცი შენ თუ აქ არ გაგათენებინო ღამე! რა გაცინებს შე საცოდავო?! ხალხი ოცნებობს ამ სამუშაოზე, ცოდვაა თქვენ ღლაპები რომ აქა ხართ! ჩემმა შვილმა, ჯერ ათი წლისაა და გუშინ ძაღლს სახლი აუშენა ეზოში! ძაღლის სახლი კი არა ორი ქვა ვერ დაგიდიათ ერთმანეთზე! ვაი თქვენს პატრონს! ჰო, ჰო ადექით! გაინძერით თქვე დადუნებულებო! ჯოელ რომ გეზრდება ეგ ღიპი ჯეკპოტივით, მიდი შენც აწიე ტრაკი! ჰო, ეგ ურიკა აგურებით იქით მიუტანეთ მუშებს... მასე არ აწიო დაგეყრება! უკნიდან ნუ წევ ბიჯო! ნახე დაეყარა... მონტე ჩემი მტერი ჩავარდეს შენს ვალში! ეს ვინ არიან კაცო, ეს რა ხალხია. თუ არაფერს აკეთებ სხვის გაკეთებულს მაინც ნუ აფუჭებ! გადით! მოცილდით აქედან! დღეს თავისუფლები ხართ! აღარ დამენახოთ თორემ ცოცხლად დაგმარხავთ აექ! ეგ შლემიც არ დამიკარგოთ, სირცხვილია თქვენ რომ გახურავთ თავზე!
დენის გაატარე ეგ ორი იმბეცილი! გაატარე-მეთქი თორემ გადაგავლე აეს ცემენტი თავზე! ვახ რა ხალხთან მიწევს მუშაობა! ეს ვინა ყოფილან კაცო!
- ბოს! ეგენი საშიში ხალხია, ამბობენ ჯოელმა დონ ლუკასი მოკლაო.
- ჯოელმა? მაგ აბდალამ? ეგ თუ ლუკასის მკვლელია მაშინ მე კარლოს დაკარგული ძმა ვყოფილვარ! რას უყურებთ ერთმანეთს გაოცებულები, თქვენ რაღაცისთვის ყური მოგიკრავთ და გგონიათ მე ყრუ ვარ? ძალიან გაინტერესებთ ვინ არიან ეგენი? უსაქმურები და მეტი არაფერი! ...აქ დიდხანს არ გაჩერდებიან, წავლენ, თანაც ძალიან მალე, და ძალიან შორს. მორჩა მუსაიფი! საქმეს მიხედეთ, საქმეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები