ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2013


ჩემი ბავშვობა


სხვენზე ასულმა მოწიწებით შევახე ხელი
ჩემი ბავშვობის მივიწყებულ სკივრს და... დავფიქრდი:
ნეტა, სკივრი უფრო ძველი და მტვრიანია,
თუ ჩემი ბავშვობა?

მტვრების ტილო გადავუსვი სკივრის სახურავს,
ჩემს ბავშვობაზე წაყრილ მტვერსაც სული ვუბერე
და სკივრს ფრთხილად ავხადე თავი.

თოჯინების მინადქცეული თვალები მიყურებდნენ
სკივრის სიღრმიდან. 
არა და, მახსოვს, რა მხიარული,
რა ცოცხალი თვალები ჰქონდათ თოჯინებს უწინ!
თუ მე ვხედავდი მათ სიხარულს ბავშვის თვალებით?
მათ წუხილსაც როგორ ვუსმენდი?!
მათი ჩურჩულიც მესმოდა და
ვითავისებდი...

აი, ჩემი მზეთუნახავი!
ოქროს დალალებს რომ ვუშლიდი, წელზე დაყრილებს,
თმას ვვარცხნიდი, ბაფთებს ვაბამდი...
ვუკერავდი მაქმანის კაბებს...
ზღვისფერ თვალებში ჩავხედავდი,
ცრემლებს ვუშრობდი დაყვავებით, ნაზი ალერსით...
ისიც მელოდა, სულ მელოდა (ვიდრე ლოდინი შეეძლო კიდევ)!
გულს გამიხსნიდა, მიყვებოდა ამბებს საოცარს,
ჯერ არნახულს, არსადგაგონილს...
და ვიცოდი, - ვიყავ მისი მესაიდუმლე,
ის კიდევ - ჩემი!...

აი, ტყუპები, ბიჭი და გოგო,
ერთნაირ არაქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი...
”ჰანსი და გრეტელი” დავარქვი ტყუპებს,
ლამაზ მახინჯებს!
ჰო, ჩემთვის იყვნენ ლამაზები, თანაც - ძალიან!...
სხვები კი, მათი შემხედვარე, ტუჩს იბზუებდნენ,
ვერ ხვდებოდნენ, რატომ მიყვარდა
არაქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი
ორი მახინჯი!

აი, ჩემი ზანგი ბიჭუნაც!
”დროის მსახვრალ ხელს” თავზე სკალპი გადაუძვრია!
იქვე, სკივრის ძირში გდია მისი ხუჭუჭთმიანი სკალპი...
ღმერთო, როგორ დავამახინჯე?!
”დღესვე ვიყიდი წებოს, ”მომენტს”...
იქნებ სულ ოდნავ დავუამო თავისა და გულის ტკივილი,
სკალპის აძრობით რომ მივაყენე?”
თითქოს განზრახვას მიმიხვდაო,
გამიღიმა და... დაენამა მინადქცეული შავი თვალები,
ჩემი ცრემლი მის უპეს შერჩა, - თითქოს თავადვე ამიტირდა
მადლობის ცრემლით!

აი, ჩემი ბეკეკოები:
მამა,  - ბეკეკა...,  დედა, - ბეკეკო...  და მე, - ბეკეკუნა!
ასე შევარქვი თხების სამეულს და  სულ მეგონა,
რომ ის პატარა, ცელქი ბეკაკა 
მე ვიყავ თავად!

ჩემი დათუჩა!...
თვალბრიალა, რბილი დათუჩა!...
ჩრჩილს უჭამია და მის ლამაზ ყავისფერ პლუშზე
სიძველის კვალად დამჩნევია
ნახერხის ზოლი...

აი, ჩემი თეთრი ბაჭიაც!...
არად დაგიდევს დროის მსვლელობას
და ძველებურად ახრამუნებს თავის სტაფილოს!
ნეტაი მაგას!...

ფიქრებში გართულს მამაკაცის ხმა შემომესმა:
- სად დაძვრება ეს ქალი ნეტა?
რა უნდა სხვენზე?
იმ მტვრის ბუდეში რას დაეძებს?
არ ჩამოვარდეს!

სკივრს ძალზე ფრთხილად დავახურე სახურავი,
იქვე დავტოვე, სადაც დებულა ძველი სკივრი
ათასი წელი!
არა, ათასი არ გასულა, მაგრამ... ბევრია, ჩემთვის ბევრი!...
ძალიან ბევრი!...

მიმოვიხედე...
უხმოდ, თვალებით მოვეფერე შორსგაფრენილ,
ლამაზ ბავშვობას და  ხის კიბეზე
ჩამოვდგი ფეხი!

”მშვიდობით, ჩემო უდარდელო ბავშვობის წლებო...
მშვიიიიი - დოოო - ბიიიიიით!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები