ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2013


შავი კატა

ორშაბათი,ღამე,სამს უკლია ხუთი,
ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა
ქვიშაზე და მხოლოდ უხალხობა მხუთავს,
ვზივართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა...

რაღაც უჩვეულო ფიქრმა ამიტანა,
მგონია,რომ ქალაქს გაეპარა ყველა,
თავწაცლილი მთები ბურთებივით ჩანან,
სკვერი,შავი კატა,მე რატომღაც ვღელავ...

დუმილია,მერე სამჯერ რეკავს ზარი,
ბნელ შენობებს შორის დიდხანს ისმის ექო,
გაიძურწნენ სადღაც,ტკივილები მწარე,
და ვჩურჩულებ,ვყვირი,გეყოს,გეყოს გეყოს!

მაგრამ ახლა როცა,სევდა მოვიშორე,
ფიქრიც გავისტუმრე სადღაც ჯანდაბაში,
მივხვდი რას განიცდის სულგაცლილი მძორი,
მივხვდი რაზე ფიქრობს ერთი კვირის ბავშვი...

ორშაბათი,ღამე,სამს უკლია ხუთი,
ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა
ქვიშაზე და მხოლოდ უხალხობა მხუთავს,
ვზივართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები