ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2013


ანდერძი საიქიოდან

სახელს ვეძებდი, მსურდა დიდება,
ბევრს მივაღწიე, მწვერვალზეც მოვხვდი,
მაგრამ წამიღო ჟამთა დინებამ
და როგორც ყველა, ერთ დღეს - მეც მოვკვდი.

დიდების გზაზე რაც ჩავიდინე,
მისთვის პასუხი იმ ქვეყნად ვაგე,
უგნურს ომი რომ ჩემი მეგონა,
თურმე მთავარი ბრძოლა წავაგე.

ძალაუფლება ამქვეყნიური
სულის საცდური მახე ყოფილა,
ამპარტავნებამ დაუსრულებელ
ტანჯვაში თავი გამაყოფინა.

ვნახე მართალთა სამკვიდრებელი,
სანამ ქვესკნელში გამამწესებდნენ,
ვიხილე ღმერთის მადიდებელნი -
ქრისტესათვის რომ სიკვდილს ეძებდნენ.

დავწყევლე თავი– დაუდევარი,
ნებსით რომ გავხდი ეშმაკის კერძი,
სულს ვეღარ ვშველი, მაგრამ ნუგეშად
აჰა მომავალს ჩემი ანდერძი:

"იდექით მტკიცედ და შეურყევლად,
მარად იცავდეთ რწმენას კბილებით,
ვერ შეგაცდინოთ ბოროტმა სულმა
ვერც ძალადობით, ვერც ტყუილებით.

უხვად გასცემდეთ ღვთისგან ნაბოძებს,
გაცემა გგვრიდეთ სიამოვნებას,
არ დაგავიწყდეთ, გახსოვდეთ, უფალს
მსხვერპლი კი არა, წყალობა ნებავს!

გძულდეთ ამ ქვეყნის შვება-სიამე
არ გიზიდავდეთ სხვისი სიმდიდრე,
რათა არ გახდეთ ვნებების მონა
და არ დაჰკარგოთ სულის სიმშვიდე.

მცველად გემოსოთ მადლის ჯავშანი,
სცადეთ ცოდვილი ფერი იცვალოთ,
გიყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი,
რომ კი არ მოკვდეთ, გარდაიცვალოთ".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები