ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2013


წერილი ყველას

  აჩრდილებთან საუბარი ცნობისმოყვარეობის გამო არ დამიწყია.
  როცა ერთ დღეს სულელური, თავბრუდამხვევი სიყვარულივით მოულოდნელად შემეყარა ყვავილი, სიკვდილის შეყვარება დავიწყე და მთვარის მეორე თვეში (თქვენებურად, იანვარში) მის სახლში წავედი.
  ჩემი მისვლა არავის შეუმჩნევია. ეს მე აღვიქვამდი მათ აჩრდილებად, თორემ თვითონ ახალმისულს მეძახდნენ.
  იქით დამრჩა უსინათლო დედა, რამდენიმე მეგობარი, რომელიც სხვადასხვა წიგნის სხვადასხვა გვერდში სანიშნეებად ჩავტოვე და უამრავი სხვა, პირადი ნივთი.
  აქეთ წამოვიღე სამშობლო, დედის თვალის სინათლე და უამრავი სხვა, პირადი მოგონება.
  ცოტა რომ გავშინაურდი, გავიგე, თურმე არსებობდნენ აჩრდილები, რომლებიც დროდადრო იქით მიდიოდნენ ხოლმე. ჯერ მეც მინდოდა აჩრდილად ქცევა, მაგრამ რომ გავიგე, ამისთვის იქ უნდა გყავდეს ვინმე ისეთი, ვისაც სიკვდილზე მეტად უყვარხარო, გადავიფიქრე. ვთხოვდი, წერილებს გაგატანთ-მეთქი. უარზე იყვნენ, იქაურები ვერ გაგიგებენ, აქედან მისული წერილების ეშმაკივით ეშინიათო. მერე რაღაც დამემართა, გამუდმებით ბავშვების ტირილი ჩამესმოდა. ერთ-ერთმა აჩრდილმა დაასკვნა, ამას მონატრება დაეწყოო, შევეცოდე და წერილის წაღებაზე დამთანხმდა. დავჯექი და გაყვითლებულ, მლაშე ფურცელზე გაკრული ხელით დავწერე: ,,დამელოდეთ. მე დავბრუნდები.”
  დიდხანს ვუყურე, დიდხანს ვატრიალე ხელში და დავამატე: ,,თუ დავიგვიანე, მეძებეთ და მიპოვით.”
  წერილი მივეცი აჩრდილს და ვთხოვე, წიგნების თაროზე დაეტოვებინა.
  უამრავჯერ ჩამოიცალა ქვიშის საათი, სანამ აჩრდილი დაბრუნდა და მოიტანა პასუხი. უცნაური კია, მაგრამ თაროზე გადაშლილი იყო კერუაკის წიგნიო, სადაც ეწერა: ,,შავი ხეები ღამეებში სულ არ არიან შავი ხეები.”
  მეგობრების პასუხზე ვიფიქრე დიდხანს. იმდენად დიდხანს, რომ ორმოცმა კაცმა ერთმანეთის მიყოლებით გამოიცვალა ახალმოსულის სტატუსი. ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა არაფერი. აღარ მეზრდება არც თმა, არც ფრჩხილები. გადავწყვიტე ორი რამ: აღარასდროს გავაგზავნო წერილი იქით და ბოლობოლო, გითხრათ სიმართლე:
  არ დაიჯეროთ, რაც ახლა მოგიყევით. ჩემი ნაადრევი სიკვდილის გასამართლებად უფრო ლამაზი ვერაფერი მოვიფიქრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები