ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2013


მინდვრის ყვავილი

ბიბინა მინდორში, ერთი უცნაური
ყვავილი ვიპოვნე, ქათქათა, ფიფქინა.
ძლიერ მომეწონა... გამოვეცნაურე,
სახელი არ მითხრა, მაგრამ გამიცინა.

იმისმა სიცილმა გულში მზე ამინთო,
ვიფიქრე მოვწყვეტთქო და ხელი წავიღე,
მაგრამ შემაჩერა, გთხოვ, ერთი წამითო,
ჯერ მომისმინეო და გული გამიღო...

მე ეს წვიმა მკვებავს და ეს მზე მივლისო,
მიწა მზრდის, ისე ვით მოყვარე მშობელი,
ჯერ სულ პატარა ვარ, არც კი ერთი თვისო,
უამრავ დარიან ამინდებს მოველი...

გთხოვ, ჯერ ნუ მომწყვეტო, მაცადე, ვიხარო,
და სხვაც ვახაროო ჩემი სურნელებით,
სამყარო შევიტკბო, გულით შევიყვარო
და მოიქეციო მერე, ვით გენებოს...

ვუსმინე მის გულწრფელ, მაგრამ თან უმეცარ
მონოლოგს და მივხვდი, ჯერ ვერ გაიგებდა,
რომ დაუდგებოდა ზამთარი უეცრად
და მის სილამაზეს ქარი წაიღებდა...

ფრთხილად ამოვიღე ყვავილი მიწიდან,
წავიღე სახლში და ქოთანში გადავრგე.
მისი სილამაზე მე დღესაც მიზიდავს,
მის სურნელებაზე ლექსებით ვქადაგებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები