ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
8 სექტემბერი, 2013


სილიბისტრო მცურავი

_ასე აღარ შეიძლება გაგრძელება_ წამოიძახა სკამიდან წამომხტარმა  სილიბისტრომ და ხელში დარჩენილი სამი კარტი ღია ფანჯრიდან მოისროლა.
_რას აკეთებ, კაცო!_სილიბისტროს ძმა, გენია , ფანჯრიდან წაეპოტინა  ქარს , რომელსაც შვიდიანის და დამის გარდა  მათი უკანასკნელი იმედი  მიჰქონდა. გენიამ ვერ მოასწრო მესამე კარტის გარჩევა, მაგრამ ნებისმიერ წმინდა წიგნზე დაგიფიცებდათ, რომ სწორედ მათი საცხოვრებელი სარდაფი ეხატა მას. მანამდე კი ქარმა  წაიღო ბანქოზე დახატული მამა-პაპისეული  სახლი სოფელში, ბებიას ნამზითვი მიწა და ქალაქში მდებარე პატარა დუქანი . გენია დიდხანს, თითქმის მთელი თვე ამაყობდა, რომ სარდაფი შეინარჩუნეს.
_თავს დავიხრჩობ! რაღა ვუთხრა ცოლ-შვილს? -თავზე ხელი შემოირტყა სილიბისტრომ , რისთვისაც ჯერ განუყრელი თეთრი ცილინდრის მოხსნა მოუხდა.  სილიბისტრო მაღალი, ხმელი კაცი იყო. ძმასავით. ოდნავ კეხიანი ცხვირი და ლამაზ ტუჩებზე დაკოსებული პატარა , კოხტა ულვაში  ჰქონდა. საგარეოდ ძველი, თუმცა კარგად შენახული შარვალი და პიჯაკი ეცვა მუდმივად. რადგან შინ არავის ენახა, საშინაო ტანსაცმელი დღემდე არავინ იცის როგორი ჰქონდა, ან ჰქონდა თუ არა საერთოდ. ეს მხოლოდ გენიას შეიძლებოდა სცოდნოდა, იმას კი შინაური ამბების გარეთ გატანა არასოდეს ჰყვარებია. ერთი წყვილი ტყავის ფეხსაცმელი ჰქონდა. ვისაც სილიბისტრო ახსოვდა ყველას ახსოვდა მისი თეთრი ცილინდრი, რომელსაც არასოდეს გახუნებია ან შეცვლია ფერი და ყავისფერი, მუდამ გაპრიალებული ფეხსაცმელი, რომელსაც არასოდეს მიკრობია ჭუჭყი, თუნდაც მუხლამდე ტალახში ევლო. ყოველ შემთხვევაში თვითმხილველები ასე ამბობდნენ.
    გენიაც ძმის მსგავსად მაღალი, თხელი კაცი იყო. ფიზიკურად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. რომ აღარ გავაგრძელო გენია უულვაშო სილიბისტრო იყო. სილიბისტრო კი ულვაშიანი გენია. ერთი რამ ანსხვავებდათ მხოლოდ. გენია ძმის გვერდით ფეთხუმივით გამოიყურებოდა. მაგრამ მხოლოდ ძმის გვერდით. ქალაქის დანარჩენი მოსახლეობის ოთხმოცდაათ პროცენტს კი აშკარად სჯობდა ჩაცმა-დახურვაში. ორივეს პეწიანი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა  და  განათლებულებიც იყვნენ  ქალაქის მოსახლეობის ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტთან შედარებით. 
    ორივე მდუმარედ მიუყვებოდა  თავიანთი ყოფილი სარდაფისკენ მიმავალ პატარა, ლამპიონებით განათებულ, მოკირწყლულ ქუჩას. მდუმარება ბოლოს გენიამ დაარღვია.
_შენი სიმამრი შენი სახლში მიმშვები არ არის . ცოლსაც ბოლოს ორი წლის წინ უთხარი სათქმელი , შვილებს აღარც ახსოვხარ. მაგაზე შენ არ იდარდო. _ჩაიცინა    და ქუჩაში დაგდებულ კენჭს ფეხი მიჰკრა.
_ახლა რაღა ვქნათ? რა წყალში ჩავცვივდეთ.
_მომისმინე სილიბისტრო!_  ყავისფერი შარვლის გაცრეცილ ჯიბეებში ხელები ჩაიწყო გენიამ_ მე და შენ ბევრჯერ გვისაუბრია სიყვარულის უზარმაზარ ძალაზე. არ დაგისახელებ და ჩამოგითვლი მსოფლიო კლასიკოსებს, ჩემზე უკეთ იცი ყველაფერი. სიყვარული ყველაფერს ამართლებს. ნებისმიერ სისულელეს. აი, შენ!  უფრო სწორად ჩვენ ,რის გამო დავკარგეთ ყველაფერი?  სიყვარულის გამო. მთავარია, ჩემო ძვირფასო ძმაო, სიძულვილი არ შემოვუშვათ გულებში.  დედის სიყვარული გამოვცადეთ? კი. ქალის გამოვცადეთ ? კი . უფ... არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივი! მერე იყო შვილების, მერე ფულის, მერე ბანქოს... მოკლედ, ჩემო კარგო, ჩვენ სიყვარულით გავიარეთ მთელი ჩვენი წარსული ცხოვრება.  და რადგანაც უბრალოდ არაფერი ხდება ქვეყანაზე,  დღეს  მხოლოდ ტანსაცმელის და ცოტა ფულის ამარა დავრჩით. ცხოვრებამ ყველა  უკანდასახევი გზა მოგვიჭრა და იცი რატომ?
_რატომ?
_იმიტომ რომ აღარაფერს შეეკავებინა ჩვენი წინსვლა, არაფერი დაგვქაჩებოდა ქურთუკზე...
_საღად მაქვს ქურთუკი? გუშინ წავაგე.
_ნუ მაწყვეტინებ! ...აღარაფერს მოვებრუნებინეთ უკან!  წინ  ამერიკაა!
_რა ამერიკა?
_ ,,რა წყალში ჩავცვივდეთო,, ხომ თქვი?  ეს შენი კი არა, შენი მფარველი ანგელოზის სიტყვები იყო. მინიშნება მოგვცა. ამერიკაში  ვიცხოვრებთ  როგორც გვეკადრება! რა დამცირებაა სახელოვანი მცურავების  შთამომავლებს ასე უკუღმა რომ მოგვიბრუნდა  ბედი. მაგრამ რაღა გაგიკვირდება  ამ დაქცეულ ქვეყანაში ...
_ჩამოფრინდი!_მხართან  პიჯაკი ჩამოქაჩა სილიბისტრომ._რა ამერიკა? რაც ფული გვაქვს, ცოტა ხანი გაგვატანინებს თავს .
_გეუბნები, ამერიკაში უნდა წავიდეთ!
_მერე? გემის ფული ჩვენ არ გვაქვს და ფრთები . რით მიდიხარ, საინტერესოა?
_მიდიხარ არა. მივდივართ. მივდივართ კი არა, არც მივფრინავთ, მივცურავთ გენაცვალე! _მარჯვენა ხელი დირიჟორივით შეათამაშა გენიამ ჰაერში _მივ-ცუ-რავთ!  ჩვენ, დიადი გვარის ,მცურავების, ორად ორი გადარჩენილი შთამომავალი.
_ნავით კაცო? ტივით ? თუ რა ჯანდაბით?
_მკლავებით ძმაო! მკლავებით!
_შენ სულ გაგიჟდი!
_დარჩენილი ფულით ვყიდულობთ ბუშტებს. ვიბამთ წელზე.  ბუშტებზე ვაბამთ საჭმელს, ტიკებში ვასხამთ წყალს და  ვფუთავთ ტანსაცმელს ისე,  რომ არ დასველდეს და ამერიკაში თავი არ მოგვეჭრას.
_მე არსად წამომსვლელი...  არც წამომსვლელი, არც წამომფრენი და არც წამომცურავი არ ვარ!  გესმის? არსად!
_ხუთი წუთის წინ არ  აპირებდი თავის დახრჩობას?  ვითომ არ იცი რომ ჩვენს გვარში ჯერ არავინ დამხრჩვალა?!  ამერიკამდე ჩავალთ! დავიპყრობთ ამერიკას. უკან საკუთარი გემებით დავბრუნდებით და მთელ ქვეყანას ვიყიდით. დაჩოქილი მოგივა სასახლესთან სიმამრი . სულ ვარდის ფურცლებს დაგიფენს სიდედრი. რა გინდა კაცო უკეთესი?
_მართალი ხარ, ხომ იცი? ზმანებამ გონება დაუბინდა სილიბისტროს ,მეოცნებედ  მილულა თვალები , ფეხი წამოკრა ქვაფენილს , ძირს გაიშხლართა და მელოტ შუბლზე დიდი კოპი აიყენა ,განუყრელი ცილინდრი კი გენიას ფეხთან მიგორდა.
_ქვაფენილებსაც დავაგებთ_წამოაყენა გენიამ ძმა.


(გაგრძელება იქნება. )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები