ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პროზა
13 სექტემბერი, 2013


ალუბლები

- შენა ბიჭო, ბესიკაანთ უჩა არა ხარ? რამ გამოგაქცია ამ სიშორეს, ან სამოსი რად დაგიფლეთია, რა ამბავია შენს თავსა.
- უტა ვარ ბაქარა პაპა, ვერ მიცან განა?! რა ვიცი აბა, ელომა გინდა თუ არა, თუ გიყვარვარ ხატის ზეგანზე, რომ ეკლიანში ალუბალია ის უნდა დამიკრიფოო და...
- ბევრი კი დაგიკრიფავს. ახალუხი გაგიხდია დასაკემსი შე პატარა ყაჩაღო შენა.
- ელო დამიკემსავს, ცოლად რომ მოვიყვან. მალე მოვიყვან, ჩქარა გავიზრდები. წმინდა გივარგის ვთხოვ და....
- გივარგიმ გაგზარდოს შვილო.. ორი ჩემოდონა მოიყარე.
- წყალობა გქონდეს პაპა ბაქარ.
- ჭკვიანად იყავ შე მუჭანახევარა შენა.

* * * * * * * * * * * * *

ხმალი რომ გაიწვდინა, მიხვდა ადრე მოუვიდა. ლაშარის მზესავით ანთებულს
ახლოს ბრძოლას ვერ უბედავდნენ ყიზილბაშები. ცხენის ერთი შემოტრიალება და შუბი მოიმარჯვა უკვე. წვერი წითელთავსაბურავიანს უწია, ტარი წაბლას ჰკრა.
- ეს საქართველოსგანა, ესა კიდენა ელოსგანა… - იძახდა და ისე კაფავდა ცხენ-კაცს, როგორც ელოს ალუბლის მოსაკრეფად მიმავალი ეკალ-ბარდს, წლების წინ.
უკან მოიხედა და მიხვდა ისე გამოჭრილიყო წინ, ახლა მასა და ელოს შორის მთა- ბარის გარდა ათასობით ყიზილბაში იდგა და მთა-ბარს უფრო იოლად გადაივლიდა უკან, ვიდრე ამ ფარ-შუბიანებს. ხმალი უნაცვლა ფარს და ფერადი კარავი რომ დალანდა წეღან, იქით მიმართა წაბლა. ზედიზედ მოაწყდა ხუთი-ექვსი სპარსი და ზედიზედ გადათქერა შუბითა და ხმლით... ვეღარ უგანა აღა-მაჰმადის რჩეულებს. მარცხნიდან მძიმე საგანი იგრძნო ფერდში... მიხვდა, ახლა გაჩერება მალე სიკვდილის ტოლი იყო და ბოლო ძალა მიახარჯა საჭურისის დასვენებულ ცხენოსნებს. შაჰის კარავი შუბის სროლის მანძილზე იყო და ისროლა კიდეც.. მაგრამ არ გავდა ეს უჩას ნასროლ შუბს და წაბლასაც ეუცნაურა პატრონის სიმძიმე.

* * * * * * * * * * * * *

- ბიჭო ასე სად დახიე ეს ახალუხი, ყიზილბაშებს ეკვეთე?
- მამასავით მინდოდა მებრძოლა და ხატის ზეგანზე ვიყავ ალუბლის საკრეფად.
- იქ რა გინდოდა ბიჭო?
- მამამ მითხრა ბრძოლაში წასვლის წინა - გოგოჭურების მზისო თუ მართლა გიყვარს მტერივით უნდა გაკაფო ეკლიანი და ალუბალი დაუკრიფოო მზისოსა.
- თუ მართლა გიყვარსო არა?
- ჰო, აი თავზე მეტადაო.
- თავზე მეტადაო?
- ჰო. რა გატირებს ელო დედი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები