ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უნდინა
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2013


უნდინა

                                                                  „ აგრილდა, ნელ-ნელა თვალს  ახელს დაისი,
                                                                    მუქდება ჰაერიც,
                                                                    მიჰყვება კალაპოტს სიმშვიდით აღვსილი,
                                                                    მდინარე რაინი.“
                                                                                                                                           
                                                                                                          ჰაინრიხ ჰაინე
                                                                    „Die Luft ist kühl und es dunkelt,
                                                                      Und ruhig fließt der Rhein;“
                                                                                                                                                       
                                                                                                            Heinrich Heine

      ღამის წყვდიადში ჩაძირულა ლორელაი, სანქტ-გოარჰაუსენის იდუმალებით მოცული კლდე. დღისით აქ უამრავ თავგადასავლების მაძიებელს შეხვდება კაცი, ასეთ დროს კი იშვიათი გიჟი თუ მოინდომებს მისი სიღმეების წვდომას, რომელიც საიდუმლოებათა ნამდვილი საცავია.
        წლების წინ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ ლორელაი მდინარე რაინის ყველაზე ვიწრო მონაკვეთს ქმნის შვეიცარიიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, რაც ძლიერ წყალქვეშა დინებებს იწვევს და უამრავი გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, თუმცა ქალაქში ჭორი თუ ლეგენდა უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს.


**********

        საღამოობით, როდესაც ირგვივ მდუმარება გამეფდება, ძაძებში შემოსილი კლდე  გულშიჩამწვდომად გლოვობს დაკარგულ მეთევზეებსა და მეზღვაურებს. ცრემლი მხოლოდ ერთი თვალიდან სდის ჩანჩქერად, სწორედ ამიტომ შეურჩიეს ადგილობრივებმა ასეთი უცნაური სახელი: „რაკრაკა ქვა“.

ალბათ, ხუთიოდე წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველად მოვისმინე ლორელაის იდუმალებით მოცული ქალთევზას ისტორია. უნდინა, ასე მოიხსენიებდნენ მას სანქტ-გოარჰაუსენის მაცხოვრებლები, ლეგენდის თანახმად, სილამაზით ყველა მიწიერ არსებას ჩრდილავდა, ატყვევებდა მამაკაცებს და იტაცებდა მათ სულს. ეს ამბავი იმდენად მიმზიდველად მეჩვენა, რომ გადავწყვიტე, ქალთევზას დაკარგული პირმშო ვიყავი და ოდესმე კუთვნილ ადგილს დავიკავებდი იდუმალების სამეფოში.

ჩემს დაბადებამდე რამოდენიმე წლით ადრე მომხდარმა ამბავმა უნდინას არსებობას მეტი რეალურობა შესძინა.

ყოველ წელს, 24 ივლისს, ადგილობრივები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან, რათა საერთო პანაშვიდი გადაიხადონ წლის განმავლობაში დაღუპულთა სახელზე. ამ დღეს ქალაქი ლამაზ სათბურს უფრო წააგავს, ნაირფერი ყვავილებით მორთულს, ვიდრე უღიმღამოდ მომზირალი შენობების გალერეას. მთელი დღე არ წყდება მუსიკის ჰაგები, ღრეობა და სიცილი. ეს რიტუალი პანაშვიდს ყველაზე ნაკლებად მოგაგონებთ...

რამოდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი მსგავსი პანაშვიდის შემდეგ, მეთევზეებმა გადაწყვიტეს, რომ ქალთევზას ისტორიისთვის ნათელი მოეფინათ და ლორელაის კლდეს მიაშურეს.
მათ შორის ყველაზე ახალგაზრდამ და მამაცმა მარტომ მოინდომა მდინარის მშვენიერი პრინცესას მოძებნა.

- ამით საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, - სინანულით იხსენებდა ხოლმე ბაბუა, რომელიც  ერთ-ერთი მათგანი იყო ვინც საკუთარი თვალით იხილა იმ დაწყევლილ საღამოს ქალთევზას სისასტიკე, - უნდინას პოვნის იმედი თითქმის გადაგვეწურა, უკვე ედუარდის მოძებნა და სახლში დაბრუნება გვქონდა გადაწყვეტილი, როდესაც ქალის განწირული, არაადამიანური კივილი მოგვესმა. იმ მხარეს გავიქეცით, საითაც ეს უცნაური ხმა გვიხმობდა და რამოდენიმე წუთში ჩვენს თვალწინ საოცარი სურათი გადაიშალა.
ბინდმა მხოლოდ ქალის სილუეტის და მის ფერხთით უმოძრაო სხეულის შემჩნევის საშუალება მოგვცა. უზადო გარეგნობის არსება უსიცოცხლო სხეულს მფარველი ანგელოზივით დაჰყურებდა. სილუეტით თუ ვიმსჯელებდით, დედიშობილა უნდა ყოფილიყო, უნაკლო, იდეალურად პროპორციული ტანით. მთვარის შუქზე, ქალის გრძელი კულულები მომაჯადოვებლად ბრწყინავდა. ვეცადეთ რაც შეიძლებოდა ფრთხილად მივსულიყავით მათ სიახლოვეს, მაგრამ მან მაინც შეგვნიშნა და მდინარეში აჩრდილივით გაუჩინარდა.
ის უმოძრაო სხეული ედუარდი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარ სისხლში ცურავდა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა, - ამ სიტყვების წარმოთქმისას ბაბუას უცნაურად უელავდა თვალები, - იქვე ედუარდის კუთვნილი დანა ეგდო, მისივე სისხლით მონათლული. - აქ თხრობას ამთავრებდა.

ედუარდის სიკვდილი უნდინას დაბრალდა და ქალაქმა საბოლოოდ შეიძულა ეს ღვთისგან შერისხული არსება. მხოლოდ პატარა (ჩემნაირი) გოგონები ოცნებობდნენ ქალთევზად ყოფნაზე, ან შეიძლება, შემცილებელი არც მყავდა...

        დრომ წლები მტკიცე მკლავზე დაიხვია, ქალაქი კი ამასობაში ორსული ქალივით გაიფურჩქნა და დამშვენდა. გეგონებოდათ, მის თავზე ფერიამ გადაიფრინა და თავისი ჯადოსნური ჯოხის წყალობით პრინცესასავით გამოაწყო დაკონკილი ტანისამოსით შემოსილი ქუჩები.
ერთი მეორეს მიყოლებით შეიცვალა სახლის ფასადები. მონაცრისფრო კედლები ფერადმა საღებავებმა გაახალისა, ფანჯრებმა სხვადასხვა ფიგურის ფორმა მიიღო, რომბისებური, მართკუთხედის და კვადრატისებური, ელიფსური. ეზოებიც უკვე ამაყად გაჰყურებდნენ ქუჩას, პატრონის მიერ მოვლილი და ჩასუქებულ-ჩაპუტკუნებული ძაღლებივით.
        არ შეცვლილა მხოლოდ უნდინას და მეთევზის ისტორია. არც სახლის ფასადებივით შელამაზებულა და ვერც ფერიამ მოულბო ადგილობრივებს ოცდახუთი წლის წინ ამ არსებისადმი გაცივებული გული. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ამბის შემდეგ სანქტ-გოარჰაუსენს უამრავი თავგადასავლების მაძიებელი სტუმრობდა და ქალაქში შემოსავლის ახალი წყარო გაჩნდა,სულ მცირე მადლიერების გრძნობამაც კი ვერაფრით გაიდგა ფესვები მათ ცნობიერებაში. ხალხმა გულში წლების განმავლობაში დაგროვილი სიძულვილი სწორედ მაშინ გამოამზეურა, როცა უცხო თვალს უკვე ეგონებოდა, აპატიეს ქალთევზას ედუარდის სიკვდილი…
ქალაქში ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ახალი სასტუმროს მშენებლობა, რომელზეც ადგილობრივები დიდ იმედებს ამყარებნენ. ეს მათთვის ჩამოსულ სტუმართა რაოდენობისა და შემოსავლების ზრდას, შესაბამისად უკეთესი ცხოვრებისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს ნიშნავდა. არავინ იცოდა ვინ იყო მისი მფლობელი, თუმცა ამ პერიოდში მან ყველა ეროვნების, სქესის, რელიგიური მრწამსის, წარმომავლობისა თუ ასაკის , პროფესიისა და ფინანსური მდგომარეობის შესაძლო ვარიანტი მოირგო მოსახლეობის გონებაში.
ოქტომბრის დასაწყისში ჭორი გავრცელდა, მფლობელი სასტუმროს გახსნას ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის აპირებსო. მშენებლობა უკვე თითქმის დასრულებული იყო, მხოლოდ სახელი არ ფიგურირებდა არსად…
        ტრადიციის შესაბამისად, ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის მზადება ნოემბრის დასაწყისში იწყება. ამ დროს ქალაქი ფუტკრების სკას უფრო მოგაგონებთ, ვიდრე ადამიანების სამყოფელს, ყველამ იცის თავისი მოვალეობა და მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა დაკისრებული საქმე უნაკლოდ შეასრულოს.
ქრისტეს შობისთვის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მრავალი წელია, გრანდიოზული ბაზრობა ეწყობა, რომელზეც ასობით ადამიანი გართობის, სეირნობის და საშობაო საჩუქრების შეძენის მიზნით იკრიბება. ბაზრობას ნოემბრის თერთმეტ რიცხვში, თერთმეტ საათსა და თერთმეტ წუთზე, ტრადიციის შესაბამისად, ხსნის ოქროსფერ ფრთიანი ანგელოზი და სწორედ იმ წუთიდან იწყება საშობაო ზეიმების პერიოდი.
        მიუხედავად იმისა, რომ შობა სანქტ-გოარჰაუსენში ყველასთვის საყვარელი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ამ წელს ისე არავის გახარებია მისი მოსვლა, როგორც გოგონას, რომელიც სარკიდან მიცქერს და მიღიმის. მას ხავსისფერი თვალები, ხუნწისფერი ტუჩები, ოქროსფერი თმა და რძისფერი კანი აქვს, რომელშიც ლოყებთან ატმის ყვავილები დაცურავენ, სახით კი ყვითელ ნამცეცებად მიმობნეულ ვარსკვლავების მტვერს ატარებს. ბევრჯერ უცდია ნამცეცა ვარსკვლავების მოცილება, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ეს მისი განსაკუთრებულობის კიდევ ერთი საბუთი იყო, რომელიც მეტად აახლოვებდა „ნამდვილ“ დედასთან. წელს ის მთელს ქალაქს ოქროსფრთიან ანგელოზად უნდა მოევლინოს, ამიტომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს დღესასწაულის და თანამოქალაქეების მიმართ.

        ათი ნოემბრისთვის უკვე ყველაფერი მზად იყო, კაბა ჩემს საძინებელში სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილას ეკიდა, ფრთებიც საზეიმოდ გადმომცეს წინა საღამოს, ვიცოდი, როგორი ვარცნილობა მექნებოდა და ყველა დანარჩენი დეტალიც გარკვეული მქონდა, თუმცა ნერვიულობისგან მაინც საოცრად მტეხდა ძვლებში. ხვალ მთელს ქალაქში, ჩემს წარმოდგენაში კი მთელს სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი არსება ვიქნებოდი. ეს დაახლოებით იმდენადვე მსიამოვნებდა, რამდენადაც შიშს იწვევდა ჩემში და მაფორიაქებდა.
        პატარაობიდან მოყოლებული ერთი უცნაური ჩვევა დამჩემდა, როცა რაიმე მაწუხებდა ლორელაის კლდის წვერზე ავდიოდი, სადაც წლების წინ უნდინა ნახა ბაბუამ და მანამდე ვესაუბრებოდი ქალთევზას, სანამ სიმშვიდეს გულით არ ვიგრძნობდი. მჯეროდა, რომ ესმოდა ჩემი. შესაძლოა, ვერ ვხედავდი, მაგრამ ჩემს გვერდით იყო და ეს ფაქტი მამხნევებდა.
თერთმეტი ნოემბრის დილასაც, ჩვეულებისამებრ, მივაშურე ჩემს მყუდრო სამყოფელს. მონოლოგი უკვე დასასრულისკენ მიმყავდა, როდესაც ფეხის ხმა მომესმა. ბაბუამ იცოდა ჩემი პატარა საიდუმლო და ხშირად მომყვებოდა ცხელ კვალზე, ნერვიულობდა, სატანაზე მეტადაც კი ეშინოდა „მშვენიერი დემონის“, ასე ეძახდა უნდინას.
-        არასდროს იცი, როდის გამოჩნდება და რას უნდა ელოდე მისგან, იმ ვაშლივით მიმზიდველია მთელი კაცობრიობა, რომ დაღუპაო - მიმეორებდა დაუღალავად.
გონების თვალით, ინსტიქტურად, უკვე მრავალჯერ ნათქვამი ტექსტი შევაკოწიწე და მოვტრიალდი იმ მხარეს, საიდანაც ნაბიჯები მიახლოვდებოდნენ. ერთი შეხედვით, ჩემი მოხუცი, თავის თავთან შედარებით, მეტისმეტად მაღალი და ახოვანი მეჩვენა. დისტანციის შემცირებასთან ერთად კი მივხვდი, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი ნამდვილად არ იყო ის, ვის ნახვასაც ველოდი.
        საშუალოზე მაღალ, თითქმის სრულყოფილად პროპორციულ ტანს თოვლისფერი სამოსი საყვარელივით მიტმასნოდა.  ღია რძისფერი კანი და ზედმეტად დაკუნთული მხრებისგან თავისუფალი სხეული იმაზე მეტყველებდა, რომ აქაური არ უნდა ყოფილიყო. მის სახეზე სიმშვიდის ფერია განისვენებდა, თვალებში კი შხამიანი ორქიდეის მტვერი მიმობნეულიყო, ერთი შეხედვით რომ ატყვევებს და ერთი შესუნთქვით რომ კლავს მსხვერპლს. ტუჩების სიწითლე მწიფე ალუბალსაც კი შეშურდებოდა…
ვიდექი გაქვავებულივით, ვფიქრობდი ამ უცხო მამაკაცზე და პულსს, სადღაც ყელთან ახლოს, სულ უფრო მეტად ვგრძნობდი… ის კი, ძველი ნაცნობივით, ღიმილით გაცისკროვნებული სახით მიახლოვდებოდა, ცოტაც და მეგონა გულში ჩამიკრავდა. მოულოდნელობისგან, სიტყვები ტვინის სხვადასხვა ნაოჭში ისე მიიმალნენ, როგორც ხოჭოები სახლის პატარა სარდაფში სინათლის გამოჩენისას. მინდოდა მეკითხა ვინ იყო, მაგრამ აზრს გონებაშიც კი ვერ ვალაგებდი, ხმის ამოღებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. კიდევ რამოდენიმე ნაბიჯიც და…
მე გავიქეცი…
უკანმოუხედავად…
იქ, სადაც დაცული ვიქნებოდი…  მისგან.





(ვერ შეგპირდებით, რომ მალე, მაგრამ გაგრძელება იქნება :))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს