ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2013


სილიბისტრო მცურავი (მეორე ნაწილი)

    ასე, საუბარ-საუბარში მიაღწიეს სარდაფს, სადაც ერთი ღამით დარჩენის და ბარგის შეკვრის უფლება ჰქონდათ მინიჭებული ახალი მფლობელისგან. თუმცა იმის გამო, რომ ამერიკაში გამგზავრება ასე ნაუცბათევად არ შეიძლებოდა , ერთი ღამე მთელ თვეს გაგრძელდა . რა თქმა უნდა ახალ მეპატრონეს  გულისხმიერება არ გამოუჩენია, პირიქით, საკმაოდ ძვირად მიაქირავა მათი სარდაფყოფილი მთელი თვით.
    _სულ სხვა გრძნობაა, ყველა ძაფს რომ ჭრი წარსულთან._ გენია გაუხდელად , პირაღმა გაშოტილიყო რკინის საწოლზე, თავქვეშ  ხელები ამოედო დამსჯელობდა . ეს არ იყო სინანულით წარმოთქმული სიტყვები. საერთოდ ამ ადამიანს სინანული არ სჩვეოდა. დაბადებიდან ამპუტირებული ჰქონდა ეს გრძნობა. ეს იყო სიტყვები ადამიანისა, რომელმაც იცის, რომ არასწორ დროს არასწორ ადგილას დაიბადა და ცდილობს გამოასწოროს დრო თუ არა, ადგილი მაინც.ბავშვობიდანვე იცოდა გენიამ, რომ ეს ამყაყებული ქალაქი, მისი საცხოვრებელი არ იყო.

    საწოლის ქვეშ  მისი ყავისფერი, შელახული ფეხსაცმელი ეწყო. რომელსაც დაკვირვებული თვალი  რაღაც უცნაურობას შეამჩნევდა. გენიას ტკივილი იყო, ძმაზე დაბალი რომ გაიზარდა. ერთ დღეს სხვა ქალაქში წავიდა და უცებ ამაღლებული ჩამოვიდა გენია . ძმას  მთელი სანტიმეტრით გაასწრო სიმაღლეში. საქმე იმაში იყო, რომ ფეხსაცმელი სპეციალურად იყო შეკერილი ისე, რომ პატრონი, მაღალი წარმოეჩინა.  ერთი გაოცება კი გაოცდა სილიბისტრო, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა.  ამის შემდეგ წელიწადში ერთხელ მეზობელ ქალაქში დადიოდა გენია და ახალი ფეხსაცმელით ჩამოდიოდა.
      ჩრდილი არ უყვარდა გენიას . არასდროს  და არაფრის. ,, ისე  არ უნდა მოკვდეს ადამიანი, რომ დირექტორი მაინც არ გახდესო,, _ხშირად იხსენებდა ბაბუას სიტყვებს.  მას ლიდერობა სურდა, პატივმოყვარეობის ჭიას , რომელსაც ასე უხვად კვებავდა,  სივრცე სჭირდებოდა, სანამ პატრონს შეჭამდა.  ის არც ცდილა საკუთარ ქალაქში ავტორიტეტის მოპოვებას. რადგან იქ, სადაც დაიბადე და გაიზარდე, ყოველთვის მოიპოვება ადამიანი, რომელსაც შეუძლია შენზე გაიცინოს, რაღაც ბავშვობისდროინდელი პატარა შეცდომა ან სისულელე გაგახსენოს, იქნება ეს მასწავლებელი, მეზობელი თუ მშობელი. ასე სწამდა გენიას. სწამდა რომ უმწიკვლო რეპუტაციით უნდა წარმსდგარიყო უცხო ხალხის წინაშე და მათი პატივისცემა მოეპოვებინა.

  ახლა, როცა ამხელა გეგმა ჰქონდა წინ , გვერდით ერთგული ადამიანი სჭირდებოდა. ძმაზე, და თან ასეთ ალალ ძმაზე  სანდო ადამიანს აბა სად ნახავდა. ამიტომ გააყომარბაზა, ცოლ-შვილი მიატოვებინა, უსახლკაროდ დატოვა. მისხალ- მისხალ , წვეთ-წვეთობით , ისე, რომ ეჭვი არავის მიეტანა მის პატიოსნებაში, დააკარგვინა ყველაფერი , ყველანაირი საყრდენი გამოაცალა, და თვითონ შერჩა ერთადერთ საყრდენად.
      ახლა კი იწვა სარდაფში და გვერდით საწოლზე  წამოწოლილ სილიბისტროს ესაუბრებოდა.
    _რუკა გვჭირდება. _თქვა სილიბისტრომ და მარცხენა ხელი  თავქვეშ ამოიდო , რათა ძმა უკეთ გაერჩია ჩაბჟუტული ჭრაქის ფონზე.
    _გვჭირდება_იყო პასუხი.
    _ვიცი ვისაც უნდა გამოვართვათ. _სილიბისტროს სახეზე ისეთი ღიმილი გაკრთა, ახალაღმომჩენებს რომა აქვთ პუბლიკის ოვაციების მოლოდინში.
    _სად?_ გადმობრუნდა მარჯვნივ  გენია .
    _ჩვენს გეოგრაფიის მასწავლებელს, ბიკენტის გამოვართვათ._ბოლომდე გახსნა ახალაღმომჩენის ღიმილი სილიბისტრომ, მაგრამ ოვაციებმა დაიგვიანა.
    _ბიკენტი გეოგრაფიას რომ ასწავლის ძმაო,  იმ რუკებზე ჯერ  კიდევ ხარის რქებზე დგას დედამიწა და ამერიკა აღმოჩენილიც არაა. მე  ისტორიასაც ბიკენტი  მასწავლიდა. მაგის ისტორიის წიგნში ჯორდანო ბრუნოს ფიჩხი კი აქვს შემოწყობილი, მაგრამ ჯერ კიდევ შეწყალების იმედი აქვს. ,,ნახატზე, მის თვალებში ამოვიკითხეო,,  იძახდა ბიკენტი .  თვალებში თუ ამოიკითხავდა    თუარა ეს წიგნი ხელში რომ ჩაუვარდა შემდეგი ფურცელი ამოხეული ჰქონდა და პორტში გემებს ხვდებოდა ჯორდანოს ამბავი ხომ არ გაგიგიათო. ერთმა მეზღვაურმა უთხრა,  დაწვეს და თანაც იმის გამო, რომ დედამიწა მრგვალია , იძახდაო.  აქ კი დაუცურდა ჩვენს ბიკენტის კრამიტი. ეზოში წაბლი ხე ჰქონდათ ორასი წლის  და იმას მიეჯაჭვა, არ ჩამოვვარდეო. რამდენიმე წელი ოჯახის წევრები აჭმევდნენ საჭმელს. მერე უთხრეს ტყუილი ყოფილა დედამიწის სიმრგვალის ამბავიო და აუშვეს.
    _აბა, რა ვქნათ?_იმედი გადაეწურა სილიბისტროს.
    _ნანახი მაქვს მე უკვე რუკები. გახსოვს ბაბუაჩვენი რომ გვიყვებოდა ბაბუამისის , გულადი მცურავის ამბებს? იმას ჰქონდა  პირი რეისის  რუკა. და მეორე რუკა კიდევ, მისი შედგენილი_ გენია წამოდგა, ლეიბი წამოსწია და ქვეშიდან დაგორგლილი ფურცლების შეკვრა გამოიღო. ჭრაქს აუწია და საწოლზე გაშალა. _ეს პირი რეისის რუკაა. პირველი მსოფლიო რუკა. ეს ჩვენი დიდი ბაბუა გულადის. _გენიამ  მეორე რუკა გაშალა, რომლის შუაწელზეც  კლაკნილი ხაზი იყო გავლებული
      _ეს ატლანტიდაა. ჩვენი ტოლა, 28-30 წლის იქნებოდა გულად მცურავი , როცა ზუსტად იმ მეთოდით, რომლითაც ჩვენ ახლა ვაპირებთ გაცურვას, გადაეშვა ზღვაში. მთელი სოფელი აცილებდა. ჩვენს დიდ ბებიას  იმდენი უტირია, მდინარის დონის მაჩვენებელი  საშიშ ნიშნულამდე  მიღწეულა. დაეჩოქა თურმე მთელი სოფელი, ოღონდ შენ შეწყვიტე ტირილი და  სამ წლისთავზე გაგათხოვებთ თუ არ დაბრუნდება გულადიო. გადარჩენილა ოჯახი.
        ზუსტად სამ წლისთავზე დაბრუნებულა გულადი. გულდაწყვეტილი. მთელი უბედურება კი იმაში მდგომარეობდა, რომ სამართებელი დავიწყებია. თურმე სამი წელი იცურა,  იცურა, იცურა და ბოლოს , ატლანტიდის სანაპირო რომ დაუნახავს, დაღლილობა უგრძვნია.  ეს რუკა შეუდგენია და უთქვამს, ასე დაღლილი და წვერმოშვებული როგორ დავენახები ახალ ხალხს, ხომ იტყვიან  რა გვჭირდა ამ საცოდავის აღმოსაჩენიო და დაბრუნებულა უკან. დავისვენებ ცოლ-შვილში ცოტა ხანს  და უკან დავბრუნდებიო. ასე დაბრუნდა უკან. იმ წელიწადს ხიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.  ერთმა სამართებელმა გადაწყვიტა ისტორიის ბედი. ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ.  მესამე რუკა კი სულ ახლახანსაა დახაზული. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამერიკას.
      _ახლა კი დავიძინოთ_ისევ დაუკლო ჭრაქს გენიამ, სიბნელეში გამოიცვალა  და ორივე დაწვა.
    _რაღაც უნდა გითხრა , _როცა დარწმუნდა გენიას სძინავსო, დაიწყო მოყოლა სილიბისტრომ  _ შენთვის არაფერი დამიმალავს. გახსოვს ბიკენტის და, ბისექტისა? რაც მთელს მის სანათესაოს, მთელი ქალაქის და დედამიწის ქალებს დააკლო, ყველაფერი ერთად რომ მიანიჭა ღმერთმა? ყველა, ვისაც თვალი ჰქონდა მოკრული , მისი თვალების ტყვე იყო. მეც მისი ტყვე ვიყავი. მხოლოდ ერთხელ ვიყავი მასთან . იმ ერთი ღამისთვის ვინატრებდი ხელახლა დაბადებას. ყოველდღე მოვკვდებოდი იმ ერთი ღამისთვის. იმიტომ, რომ ისეთი თეთრი ღამე ჩემს ცხოვრებაში მეორე არ არსებულა. მთელი ღამე ვუცქერდი. არ ვიცი ვსუნთქავდი თუ არა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმ დღეს  ერთი მაყურებლის თეატრის ერთადერთი ადგილის ბილეთი მე მარგუნა უფალმა. და მე ველოდი, შავი, მძიმებახრამებიანი ფარდის აწევას დილამდე. ველოდი როდის აინთებოდა მისი თვალების რამპა და როდის დავინახავდი ჩემს ანარეკლს მისი ცრემლების სცენაზე.  მის შავ, სველ თმაში გახლართულიყო ჩემი სული , მისი კი მდინარის ტალღებს გაჰყოლოდა.  გახსოვს, გენია, მისი წარბები? მექაში დაჩოქილ მომლოცველებს რომ ჰგავდნენ, თითქოს მისი თვალების მზეს იფიცებიანო? მეც ჩუმად, გულში ვიფიცებოდი მისი თვალების მზეს. ჩემი გულის ერთი ტიხრის უკან მქონდა მისი სამლოცველო მოწყობილი და იმ კუთხეს არაფერ ცუდს არ ვაკარებდი. ენას კი მის სახელს არ ვათქმევინებდი. ენა ყველაფერს  იტყვის, ენას ტიხარი არა აქვს ,  გულივით,  რომ რაიმე სუფთად და წმინდად შეინახოს. მე დილამდე მივბღაოდი მდინარეს. ჩვენი სულების გაცვლას ვთხოვდი, ჩუქებას ხომ არა... _ სილიბისტრო დადუმდა. მისმა ცრემლმა ოდნავ გაიბზინა ჭრაქის სუსტ შუქზე და უკუნს შეერწყა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები