ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
13 სექტემბერი, 2013


"სხვა" აღარ არის," კრიტიკა-პუბლიცისტიკა", მეტისმეტად ჟღერს, ამიტომ" პროზაში" ვუკრავ თავს

ახლა რასაც ვწერ, არც მოთხრობაა, არც ესსე, არც კრიტიკა და არც წერილი. რაა, თავიდანვე ვერ მოგახსენეთ და რა გამოვა, მით უფრო ვერაფერს გეტყვით. 
ვატყობ დასაწყისი, “რას წაიკითხავს, კაცის თვალი უკეთესს” გამომივიდა. წესით, გაგრძელება-დასასრულიც, შესაბამისი უნდა იყოს. ამიტომ, თუ თქვენც ახლა, ჩემსავით მოცლილები ხართ, ჩაუყევით ბატონო ბოლომდე, ან სანამდეც გაგიხარდებათ. თუ, სერიალი გაქვთ სანახავი, ან სხვა, არანაკლებ სულის სარგო საქმით აპირებთ დაკავდეთ, დახურეთ და კეთილად დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ჩემნაირ დალხენილებთან გავჩხრეკ ნაცარს.

კარგა ხანია არაფერი დამიწერია და თითქოს უნდა დამგროვებოდა სათქმელი. ასეც არის. მაგრამ დიდხანს დადუმებული და შემდეგ “წერას ატანილი” კაცი, იმ დამშეულს ჰგავს, შემთხვევით მეფურ სუფრაზე რომ აღმოჩდება და რითი დაიწყოს არ იცის

          По улице Перовской, иду я папироской,
          пальто надел внакидку, несу домой халву.
          стоит погода -  прелесть, стоит погода -  роскошь.
          и свой весенний город, я вижу наяву...

ბიძაჩემი, თბილისში, პეროვის ქუჩაზე ცხოვრობდა და მასთან მიმავალს, ხშირად წამიღიღინებია ხოლმე, დედაჩემისგან არაერთხელ მოსმენილი ლექსის, ეს კუპლეტი. ის კი არა, ნახევრად ხუმრობით ვთარგმნე კიდეც:

პეროვსაკაის ქუჩაში, პაპიროსით ტუჩებში,
მხრებზე პალტო მოსხმულს, სახლში მიმაქვს ჰალვა.
მიმიქარავს ქალწული, ამინდი დგას ზღაპრული,
გაზაფხულზე, ჩემს ქალაქში, ცხონებაა გავლა...

ავტორი ვინ იყო, არ ვიცოდი და არც არასდროს დავინტერესებულვარ, მართალი გითხრათ.
ერთხელ, საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი, ვინმე - ბორის კორნილოვის ლექსები მოიტანა მამამ და “თუ გაინტერესებს, წაიკითხეო” – მითხრა. იმ დროს, ავტორზე მხოლოდ ის მსმენოდა (რამდენადაც მახსოვს, ესეც მამაჩემისგან მქონდა გაგებული),  რომ ერთი ნაკომკავშირალ-რეპრესირებულ-რეაბილიტირებული პოეტი იყო ავტორი, 30 წლის ასაკში რომ დახვრიტეს და სიცოცხლის უკანასკნელი წლები, ოდენ ლოთობაში გაეტარებინა.
დავიწყე კითხვა და იქ არ დამხვდა ეს ჩემი: “По улице Перовской, иду я папироской”?! მშვენიერი პოეტი აღმოჩნდა კორნილოვი. ძალიან მომეწონა მისი ლექსები.
- უბედური კაცი იყო. თაობით ადრე, თაობით გვიან, ან სხვაგან რომ დაბადებულიყო, ერთ-ერთი უპირველესი პოეტი იქნებოდა, უეჭველად. – მახსოვს, მამაჩემის ნათქვამი.
სხვაგან, ან სხვა დროს გაჩენილი კორნილოვისგან რა გამოვიდოდა, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, მართლაც ნიჭიერი რომ იყო, ის ახალგაზრდა კაცი, წაკითხული გექნებათ, ან შეიძლება მომავალში წაიკითხოთ მის ლექსები და დამიდასტურებთ, იმედია.
მე კი, მისი ლექსები რომ წავიკითხე, ორი კითხვა დამებადა, მაშინ: ან, ავტორს რამ მოაწონა ეს ”ახალი ცხოვრება”,  ან “ახალი ცხოვრების” მომხრეებს, რამ დაახვრეტინათ, ეს ადამიანი?
- იცი, ვინ იყო მისი პირველი ცოლი? ოლგა ბერგგოლცი.
ჩემმა გამომეტყველებამ მიახვედრა მშობელს, რომ პოეტის პირველი ცოლზეც, დაახლოებით იმდენივე ვიცოდი, რამდენი ინფორმაციაც - ნაბეჭდი ფურცლების წაკითხვამდე, მის დახვრეტილ მეუღლეზე მქონდა. თუმცა, არც მთლად ასე უიმედოდ იყო საქმე. ტალანკინის “დღის ვარსკვლავები” მქონდა ნანახი და გამახსენდა ბერგგოლცის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომ იყო. ფილმს იმ დროს, დიდი ვერაფერი გავუგე, მაგრამ რაღაც საინტერესო რომ იყო და უცხო, მაგდენს კი მივხვდი.
- მისი ლექსებიც გვაქვს. ზოგიერთი ისეთია, ახმატოვაც სიამოვნებით მოაწერდა ხელს და ცვეტაევა-ახმადულინა, ზემოდან დამატებული. – ინტერესში ჩამაგდო მამაჩემმა.

დამშვიდდით!
რა, რა და ოლგა ბერგგოლცის შემოქმედბის განხივას, ახლა აქ, არ ვაპირებ. ამის არც სურვილი მამოძრავებს, არც ცოდნა-ინტელექტი და გული მიგრძნობს, არც თქვენ უნდა იყოთ საამისოდ, კითხვას ატანილი.
ბიოგრაფიულ შტრიხებს შევეხები მხოლოდ.
მამის მხრიდან, წარმოშობით, გერმანელი ბრძანდებოდა, პოეტესა. ერთი ვერსიით მგონი –შვედი. ყოველშემთხვევაში, რუსეთ-შვედეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილა მისი ნიწაპარი და დარჩენილა კიდეც, სამშობლოს მძლეველ იმპერიაში, სამუდამოდ.
ექიმის ოჯახში, სანკტ-პეტერბურგში დაიბადა ოლგა და ლენინგრადში გაგრძელდა მისი ცხოვრება.
ისიც, პირველი ქმრის დარად, ერთობ ნიჭიერ, ახალგაზრდა, კომკავშირელ პოეტად, ითვლებოდა და ცუდ დროს დაბადებული, ლენინზე წერდა, არც თუ ცუდად შესრულებულ, პირველ ლექსებს. ოღონდ ბორის კორნილოვისგან განსხვავებით, ორჯერ მეტი იცოცხლა. არც პრემიები, ორდენები, პარტიის და უბრალო ხალხის, განსაკუთრებით - ლენინგრადელების სიყვარული დაჰკლებია, პოეტესას.

ერთი შეხედვით, თითქოს ბედნიერად განვლო თავის ცხოვრება ქალმა. მაგრამ აი რას წერს:
- За мною такие утраты
и столько любимых могил!
Пред ними я так виновата,
что если б ты знал - не простил.
Я стала так редко смеяться,
так злобно порою шутить,
что люди со мною боятся
о счастье своем говорить.
მართალიც იყო.
ორივე მცირეწლოვანი ქალიშვილის სიკვდილი, დახვრეტილი, პირველი ქმრის გამო დაჭერა. ციხეში გატარებული ფეხმძიმობა, წამების შედეგად ნაადრევი ორსულობა და მკვდარი ბავშვის დაბადება. – ეს ყველაფერი, 28-29 წლის ასაკში მოასწრო.

შემდეგ ომი, ლენინგრადის ბლოკადა, მამის - გერმანული გვარის გამო, დაპატიმრება და გადასახლება. შიმშილით გარდაცვლილი მეორე მეუღლე, გადატანილი კახექსია და უარის თქმა ბლოკირებული ქალაქის დატოვებაზე. იცოდა რა, რომ იმ დროს, ლენინგრადზე და ლენინგრადელებზე დაწერილი და მის მიერვე რადიოში წაკითხული ლექსები, ხშირად ერთადერთი იმედი იყო თანაქალაქელებისთვის და გადარჩენა- გამარჯვების რწმენას უსახავდა მათ.

ომის შემდგომ კი, ახმატოვასთვის გაწეული სიკეთე და მეგობრობა არ აპატიეს.  აითვალწუნეს. იმ დროინდელმა, ლენინგრადის ოლქის კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა – გრიგოლ რომანოვმა, უკანასკნელი თხოვნაც არ აუსრულა. უარი თქვა: “პისკარიოვკის” მემორიალურ სასაფლაოზე დაეკრძალათ, განსვენებული. იმ საძმო სასაფლაოზე, რომლის კედელსაც, ლამის ანდაზად ქცეული, ოლგა ბერგგოლცის ლექსის სტროფი ამშვენებს:
Никто не забыт, ничто не забыто
(რა ცინიკურად ჟღერს არა? არადა, ნაღდად არ ფიქრობდნენ, მაშინ ამაზე)!

თუმცა, მხოლოდ ახმატოვასთან ურთიერთობა არ იყო, პოეტი ქალის მოძულების მიზეზი. გუმანით გრძნობდნენ, ძლიერნი ამა იმპერიისადმი, მთლად იმას რომ არ წერდა ბერგგოლცი, რასაც ფიქრობდა. ამის დასტურად, მისი სიკვდილის შემდეგ ( მე ასე მახსოვს და შეიძლება გარდაცვალებამდეც იცოდნენ) აღმოჩენილი დღიურები იქცა. სადაც, რეალურ-ნატურალისტურ ფერებში იყო დახატული, ლენინ-სტალინ-ხრუშჩოვ-ბრეჟნევის პერიოდი და ავტორის, ტკივილამდე კრიტიკული ხედვა, ამ მოვლენებისადნი. ვისაც არ აქვს წაკითხული და მსგავსი თემატიკა, ასე თუ ისე აინტერესებს, ვურჩევ გაეცნოს. არ ინანებთ. დღიურების სრული ვერსია კი, თუ არ ვცდები, დღესაც სპეცარქივშია დაცული და გრიფი ‘საიდუმლო” ადევს.

ასეთი გახლდათ მოკლედ, ნაკომკავშირელი, კომუნისტი, პოეტი ქალის - ოლგა ბერგგოლცის ცხოვრება.

- მსგავსი სვე-ბედის ადამიანები, ჩვენ, ქართველებსაც არაერთი გვყავდა, რაღა სხვას მიახტიო? – მკითხოთ შეიძლება.
კი ბატონო, გვყავდა და სხვათა დარად, ისეთებიც გვყავს, ძლივ-ძლიობით თავი რომ დააღწიეს საბჭოურ ჯოჯოხეთს და უდიდესი თავდადების და სიყვარულის ნიშნად, თბილ, დამრიგებლურ ან იმედის მომცემ სიტყვა-გამოსვლებს, არასდროს იშურებდნენ სამშობლოსათვის. შორიდან შეტრფოდნენ, ენატრებოდათ და ზოგიერთ მათგანს, გამუდმებით, სამშობლოდან წაღებული, ნაჭერში გახვეული მიწა ედო ფეხსაცმელში, გარდაცვალებისას საფლავში რომ უყრიდნენ. 
უცხო ქვეყნის შვილზე კი იმიტომ მოგახსენებდით, რომ კარგად ვიცნობ ჩვენ ზნეს და ხასიათს. ქართველზე რომ დამეწერა, იმ წუთშივე, “კომუზმის რუპორის”, უნიჭოს, მედროვეს, კარიერისტის ან მსგავს იარლიყს ჩამოვკიდებდით და ავიგდებდით, საქილიკოდ.
არადა რა ვქნა, თუ პირადად, ოლგა ბერგგოლცის, ან ანნა ახმატოვას დარი პატრიოტები უფრო მომწონს, ვიდრე თუნდაც - იოსიფ ბროდსკი? თუ გრიგოლ რობაქიძეზე მეტი თუ არა, არანაკლები ქართველი მაინც, კოლაუ ნადირაძე, თუნდაც შოთა ნიშნიანიძე, ან იოსებ ნონეშვილი მგონია?
მათი, ხშირად იძულებითი შემოქმედება, უფრო დასაფასებელი მეჩვენაბა და იმ პერიოდში ჩადენილი, ზოგიერთის “არამომაკვდინებელი ცოდვებიც”- ნაკლებ საკრიტიკო და ენამოსაქვებელი.
კარგია, რომ უცხოეთში გადახვეწილ ქართველ შემოქმედებზე ცუდს არ ვამბობთ, მაგრამ აქ დარჩენელილებს, ხშირად უმიზეზოდ, რატომ ვიგდებთ აბუჩად? ამის მაგალითი, არაერთია პრესაში და არც თუ იშვიათად, აგერ, ჩვენ საიტზეც.
როგორ არ მიყვარს და არ ვაფასებ  ძველ, ქართულ ემიგრაციას, სადღაც – ცხრა მთას იქით, საქართველოზე ფიქრში რომ გალიეს წუთისოფელი? მახარებს, ზოგი მათგანის ნეშტი მაინც რომ დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს. თუმცა, ნუ ჩამქოლავთ და მაინც, იქიდან თავის ფეხით ჩამობრძანებული - ექვთიმე თაყაიშვილის საფლავისკენ, უფრო ხშირად მიმიწევს ხოლმე, გული.

ეჰ, ნამეტანი გამიგრძელდა სიტყვა.
თქვენც დაგღალეთ და თითებიც გადავიყვლიფე, კლავიატურაზე ამდენი ჩხაკუნით.
ამიტომ, დროებით აქ შევწყვეტ წერას და ჩვენი სურვილები თუ დაემთხვა, გავაგრძელებ მომავალში.

ამ, სანახევროდ ნათქვამს თუ დაწერილ ( რა ჯანდაბა დავარქვა? წერილი იყოს) წერილს კი,  ისევ ოლგა ბერგგოლცის ლექსის ამონარიდით დავამთავრებ:

А я вам говорю, что нет
напрасно прожитых мной лет,
ненужно пройденных путей,
впустую слышанных вестей.
Нет невоспринятых миров,
нет мнимо розданных даров,
любви напрасной тоже нет,
любви обманутой, больной,
её нетленно чистый свет
всегда во мне,
всегда со мной.

                                დასაწყისი და თითქმის ნახევარზე მეტი.

                          დასასრული და თითქმის ამდენივე, იქნება ალბათ.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები