ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
23 სექტემბერი, 2013


პირველი...პირველი...პირველი...

დიდი ჯიხაიში,  ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.
რამდენ დიდებულ ადამიანს უვლია ამ შესანიშავ ხეივანში, კარ-მიდამოში.  მე-19  საუკუნის მიწურულს და მე-20-ის  დასაწყისში ეს სახლ-კარი მასპინძლობდა იმ პერიოდის ყველა პროგრესულ ძალას.
ქართველი ხალხის მეგობარს და თაყვანისმცემელს , არტურ ლაისტს უთქვამს: „ნიკო ნიკოლაძე პირველი ქართველი ჟურნალისტია ევროპული გაგებითო“.
სიტყვა „პირველი“ ნიკო ნიკოლაძესთან მიმართებაში ძალზე ხშირად გამოიყენება.
მან პირველმა შემოიტანა საქართველოში ევროპიდან თუ ამერიკიდან მთელი რიგი საყოფაცხოვრებო ნივთები.
მუზეუმში ინახება საქართველოში პირველი ამერიკული ფოტოაპარატი „კოდაკი“,  ამ აპარატით გადაღებულმა ფოტომ სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა თურმე. ცინცინატიდან ჩამოტანილი სიმინდის საღერღი, ბერლინიდან ჩამოტანილი პირველი სარეცხი მანქანა საქართველოში, მაცივარი, ღუმელი, ორბორბლიანი ველოსიპედი, დანიიდან ჩამოტანილი რძის სეპარატორი, ბერლინიდან _ ცეცხლმაქრი.
ნიკო ნიკოლაძე იყო საქართველოში პირველი ორენოვანი (ლათინური და რუსული) კლავიატურის მქონე საბეჭდი მანქანის მფლობელი.
ნიკო ნიკოლაძემ გამოსცა პირველი ობლიგაცია საქართველოში.
მან გამოიყენა პირველად რუსეთის იმპერიაში ბეტონი  სახლთმშენებლობაში, საკუთარი სახლის მშენებლობისას.
ის იყო პირველი, ვინც საქართველოში  ქარის ენერგიით ამუშავებდა აბაზანას - აცხელებდა წყალს.
დააარსა პირველი სააქციო საზოგადოება „ჩემო“.
პირველმა მან შემოიტანა ტრიფოლიატი საქართველოში და გამოიყენა,  როგორც მწვანე ღობე, მოგვიანებით, როცა ტრიფოლიატზე ციტრუსების დამყნა დაიწყეს, პირველად სწორედ ნიკოს მამულიდან წაიღეს ნერგები.
ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით გაყვანილი სარწყავი არხები დღესაც ქუჩის ორივე მხარეს მიედინება დიდ ჯიხაიშში.
პირველობის ტრადიცია ნიკო ნიკოლაძის შვილებშიც გაგრძელდა. გიორგი ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც ევროპაში უცხო ენაზე დაიცვა დისერტაცია, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნიკოს დები - ოლიმპიადა და ეკატერინე იყვნენ პირველი ქართველი ქალები, რომლებმაც ევროპაში მიიღეს უმაღლესი განათლება.
თუმცა, ეს პირველობა არც ნიკო ნიკოლაძით დაწყებულა თურმე ნიკოლაძეებში.
"ბაბუაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომელსაც ვაჭრობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ამას თაკილობდნენ და ამით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული. "- იგონებდა ნიკო ნიკოლაძე.
ნიკო ნიკოლაძის ოჯახში დაიწყო ფიქრი და მუშაობა ქართულ ტექნიკურ ტერმინოლოგიაზე, სწორედ აქ ითქვა პირველად სიტყვები: „ალპინისტი“, „ლიანდაგი“, „ფოლადი“, „მეტალურგი“...
ფართო საზოგადოებისთვის შეიძლება ისიც არ იყოს ცნობილი, რომ ენგურჰესი სწორედ ნიკო ნიკოლაძის მიერ შერჩეულ ადგილზე აშენდა.
თამამად შეიძლება ითქვას- ნიკო ნიკოლაძე იყო თავისი ეპოქის ყველაზე თანამედროვე ქართველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები