ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2013


ქალი წარმოსახვა VII

თმები, წითელი, სისხლიანი ფანტანი თუ შადრევანი, სასაცილოდ მოცეკვავე ქარისას.
ბროწეულმოყრილი კერძი მადის აღმძვრელი.
ხანაც ცალ მხარე, თითქოს საცეცები, ნიჟარაში დამწყვდეული კიბორჩხალის, ცერად მავალის.
მისი შუა ნაწილი ქვიშააქერცლილი.
შუბლი, ნოვრუზზე, სადღესასწაულო მაგიდაზე აუცილებელ ნივთთაგან ერთ-ერთი.
(გამოიცანი რომელი შედარება უნდა ამოღებულიყო რასტაფარიანთა ჭრელი ქუდიდან)
წარბები, შავი კლავიშები პიანინოსი.
მაღალ ცეცხლის წნევაზე ჩამომლღვალი.
ქუთუთო, გამჭირვალე ქსოვილი, როგორც საფარი პალატების,
მეფეთ - მეფეთა მოსასვენებლის. მოოქროვილი.
წამწამები, თავსხმა წვიმა, შოტლანდიურად დაშვებული ხმაურით.
(ასეთ წამწამებს ჩვენში სამოცზე მეტი დასახელება შეიძლება მოეძებნოს.)
თვალები, ქარით შემონაბერი. წაბლი მოხარშული, დაბზარულ - დახეთქილი,
სადაც სხვაობა შეინიშნება ხშირად რადიკალური,
თვისებით ქამელეონის,
ხან მწვანე, როგორც მჟავე ყურძენი, მოუმწიფებელი,
მომკვეთი არათუ კბილის, არსების - არამედ.
მრისხანება მზერასშერეული, როგორც თოფი ორლულიანი, გაშლილი,
თითქოს ზუმბით ნაწმენდი, შიგ მუგუზალის მსგავსად ჩარჩენილი
ეთერი უშავესი, ფერდებზე შემხმარი, გაუფანტავი.
ზედ ძველეგვიპტური სათვალე, დღევანდელთათვის მაკიაჟი.
ცხვირი, კარაბინის გადასატენი გატეხვისას, ჩვეულებრივ, მოწეული ჯოინტი ნახევრად.
ლოყები, კომბოსტოს ფურცლები, სუსტი, მთრთოლვარე,
თხელი, ერთი მოძრაობით შეიძლება მისი გადაყვანა ხელის გულზე.
ყურები, პატარა, თითქოს დაჭრილი, ან მონადირის ძაღლივით აცქვეტილი სტვენისას.
გახვრეტილი, როგორც ნარევოლუციები დროშა, ომგამოვლილი.
კედლები მისი ამოყვანილი, როგორც ტერასები.
ტუჩები, მწიფე ლეღვი, გადახლეჩილი, ტკბილი და წებოვანი.
ენა, სპარსული ქალიჩეჰ, ათასგვარი ორნამენტებით გაფორმებული, ნაქსოვი ხელით.
იტყოდა მისი შემსრულებელი ‘’ ამოვიღე წყლიდან ხალიჩა ‘’.
კბილები, იასპის ქვაში ჩასმული ტაბლეტები LSD.
სახე - კობალტი.
ხორხი, თერმოზი, ჰალუცინაციები ორთქლის, რომელიც ჰგავს სტაჟიანი
მწეველის მიერ ახლადჩაქრობილ სიგარეტის ბოლს, უსიამოვნოს.
მკერდი, კალები სამგლოვიარო, სველი და თავღმა, წითელი გულით შეფერილი.
კერტები, ზარბაზნები პირღია, წამოწოლისას ჰაუბიცა, მტერზე გამოუცდელი.
მის მღელვარებას ჯერ არავინ მოუნუსხავს,
ან შეიძლება, სულ უბრალოდ, პირამიდის წვეროკინები.
მუცელი, გუბე პირამდე სავსე, მასში ჩახედვისას მკაფიოდ უნდა სჩანდეს ბინძური
ანარეკლი ადამიანის სულის და არა ფსკერი.
თეთრი ბეწვი მიმობნეული აქა - იქ, როგორც ნაადრევად აყვავებულ სულელ ტყემლების
კვირტი ნოტიო, ქარით გამოგვილი.
საშო - საიდუმლო ამოუხსნელი.
ხერხემალი, კაკლის საბერტყი ჯოხი, ან კიბე ცერად , მაღალ სართულს მიმდგარი.
შეიძლება ჩინური ახალი წლის დრაკონი, ცეცხლოვანი.
მთელს სხეულში ვენები და კაპილარები, როგორც წვეთოვნები,
სავსე ვიტამინებითა და ქიმიური შენაერთებით.
ხელები, ავადმყოფური, თითქოს პარკინსონით გაშეშებული, გამხმარი.
რომელიც ჰგავს თვითგადარჩენის ინსტიქტით შეპყრობილ უდობნოს კაქტუსს.
მისგან გამოხდი - ვერაფერს.
თითები, ლოლოები ან ჩხირები მოუხერხებელი სუშის დასაგემოვნებლად.
დანაწევრებულნი, როგორც ცალკეული ფილტრი სიგარეტის.
ხშირად მაღლა აპყრობილნი, როგორც კელაპტრები ნახევარმტკაველნი.
ან ვაზნები სხვადასხვა კალიბრის, კაწვრისას ტოვებს ცაზე წითელ ლაქს.
ფრჩხილები, ეზოს წიწაკები დამჭკნარი, სიმწარედაკარგული.
ნუნები - ვარსკვლავები.
ფეხები, რკინა გამრუდებული, ძლიერი ავარიისას შეღუნული და შელანძღული.
საღებავგადაშლილი.
კუნთები, მუთაქები მოძველებული.
ტანზე ხალები, როგორც ნაყინი ქიშმიშმოყრილი,
როგორც დაბადების დღის თეთრ ტორტზე სანთლები შავი, ჩამქრალი.
ზურგზე თითქოს ქვისსარტყოცნით აკლებული კედელი, ჯერაც მედგრად მდგარი.
ხმა, როგორც ეგვიპტური მაუს. 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები