ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2013


ფარისეველს

თუკი ხედავ, რომ მათხოვრობს ბავშვი,
როცა "დიდები" ჯიპებზე ზიან
და არ ძალგიძს, რომ იყვირო, მაშინ
რა ჭირად გინდა ეგ პოეზია?!.

თავზე თუ გაზის ხელისუფალი
და სირაქლემის გიჭირავს – პოზა,
თუ ყველაფერზე დახუჭე თვალი –
ჭირი მოგჭამა მასეთმა პროზამ!..

რეპერტუარს თუ გკარნახობს ფული,
ბაგე გიმღერის, გული კი ვერა,
თუკი არა ხარ შეყვარებული,
რა მუღამი აქვს ეგეთ სიმღერას?..

და თუ ომშიც ვერ მიდიხარ, რადგან
მომხდური მტერის არ ძალგიძს ხოცვა,
მაშინ მითხარი, რა ძალა გადგას,
რომელი ღმერთი შეგისმენს ლოცვას?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები