ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2013


სულის გამცილებელი

სამგზავრო მატარებელი ნომერი 38 –
სიცოცხლე-სიკვდილი -
გადის პირველი ლიანდაგიდან...
ამ მატარებლის მგზავრიც ვარ და
გამცილებელიც:
საკუთარ თავს ვუმოწმებ ბილეთს...
არ ვგავარ სტანდარტულ მგზავრს,
წყნარად რომ ზის და გაზეთს კითხულობს.
ღია ფანჯარასთან ვდგავარ და
ფანჯრის ჩარჩოში ჩატეულ სიფერადეს
მზერით ვეფერები...
- ქალბატონო, თქვენი ბილეთი, თუ შეიძლება...
- ინებეთ, ქალბატონო.
- თქვენი ადგილი 38-ე სავარძელია, რატომ არ ზიხართ?
- მეიოლება ფეხზე დგომა, გამცილებელო...
ჩემი მეორე მე მხრებს იჩეჩავს და მიდის...
მე ისევ ვდგავარ გამოღებულ ფანჯარასთან და
შემოსაზღვრულ სივრცეს ვუყურებ...
ჩემი მატარებელი რეაქტიული სიჩქარით მიემართება
უკანასკნელი სადგურისაკენ...
და რადგან ვიცი,
ეს გარდაუვალია,
მინდა მოვასწრო:
კიდევ მეტი ფერი მოვიმწყვდიო თვალებში;
ყველა ფერში დავინახო მზე,
მზე-რით გადავლახო საზღვრები
და ოცნებით გავყვე ჩახლართულ გზებს...
სამგზავრო მატარებელი ნომერი 38-
სიცოცხლე-სიკვდილი -
გადის პირველი ლიანდაგიდან...
მე ბილეთი დიდი ხნის წინ მაქვს აღებული
და სანამ ჩემი მგზავრობა არ დასრულებულა,
უნდა მოვასწრო...
უნდა მოვასწრო...
უნდა მოვასწრო...
და ტკიბლი სევდა მინამავს თვალებს...
და ჩემს ძარღვებში სისხლის ნაცვლად
ყველა ფერი მოედინება...
ვერ ვჩვეულებრივობ:
ვდგავარ გამოღებულ ფანჯარასთან
და თვალებში ვიმწყვდევ
ისედაც ჩარჩოში მომწყვდეულ
სიფერადეს...
ჩემი მატარებლის მგზავრიც ვარ და გამცილებელიც,
საკუთარ სულს მივაცილებ
უკანასკნელი სადგურისაკენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები