ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2013


დედაშენი ნაბიჭვარია

ნაბიჭვარია დედაშენი, გაქანებული
ვაგონების ხმაში რომ გძინავს;
ნაბიჭვარია დედაშენი, რომ გცივა, რადგან
ვერ გაგათბო მიწისქვეშა გადასასვლელში.
რომ იავნანა შენი არის „დიდუბე“
ანდა გაჩერება შემდეგ სადგურზე.
სავსე რომ გაქვს სახე ლაქებით,
მწვანე ლაქებით, წერტილებით;
შენ, რომ სხვებივით ვერ იტირებ,
რადგან სულ ტირი...
შენ, რომ სხვებივით ვერ მოითხოვ,
რადგან სულ ითხოვ...
შენ, რომ სხვებივით არ უყვარხარ
დეიდებს, ბიძებს, ნათესავებს... სულით ხორ-
ცამდე არ იხოკავს ლოყებს ბებია - არ ენატრები!
მოსაკლავია დედაშენი - ეს უთუოა,
ციცქნა ხელებში რკინის ფული რომ გიჩხრიალებს;
ოქროსფერ თმაში, ერთმანეთზე დაწეპებულ
ოქროსფერ თმაში
დილის ნიავი თამამად რომ არ დაქრიალებს.
...
გაივლის დრო და ვიღაც გოგოც გაივლის გვერდით;
შენს გვერდით თეთრი, ლურჯთვალება ბავშვი ბრიალებს -
ხელში ხურდებით. მოსაკლავია დედაშენი - ამბობს ეს გოგო
და ჭრელი კაბით, უდარდელად ჩაიფრიალებს.
ლექსს დაწერს მერე - „დედაშენი ნაბიჭვარია“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები