ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2013


კურთხეული გამოსავალი

(ეძღვნება ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ციხეში იქორწინეს)

ერთი სარკმელის ორი მხარე -
"შიგნით" და "გარეთ"
...
"შიგნით" -
თითქოსდა ყველაფერი:
სითბო,
სინათლე,
თბილი საკვები,
სუფთა წყალი, მოგეცათ ლხინი,
ერთი შეხედვით ცხონებაა,
ითქვას სიმართლე,
რომ არა მხოლოდ ერთი "მაგრამ" –
გალია რკინის!
და სარკმლის გარეთ გახედვისას სულის ქვითინი...

"გარეთაც" სითბო
(მაისია),
თავის მისია
შესრულებული აქვს გაზაფხულს, წინ ივნისია...
საკვები,
წყალი,
თუთა,
ბალი
და სხვაც მრავალი –
თავზე საყრელი, დროებითი
და წარმავალი.
არ იქნებოდა ჯოჯოხეთი,
რომ არა ერთი –
სარკმელის შიგნით
დარჩენილი რკინის გალია!
და ვისი ყოფნაც გალიაში – სხვისი ბრალია!..

გამოსავალი - კურთხეული(!),
გაერთიანდეს;
ანუ შეიქმნას,
ანუ გახდეს - ერთი სხეული.
ერთი სხეული,
ორი სულით და ორი წილით,
მარადიულად დაზღვეული
წმინდა ქორწილით!..

მერე არც შიგნით
და არც გარეთ,
აღარც სარკმელი.
აღარ არსებობს არც გალია,
არც ორი მხარე.
ღიაა ყველა
კარები და
მეც დავამთავრე
ისევ კეთილად,
ისევ ლხინით - ჩემი სათქმელი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები