ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2013


****(ყოველი დილა)

ყოველი დილა იწყება ასე:
თეთრი სახლი. სტილით რეტრო.
გამოდის ქალი – რეტროსპექტული,
და ფენს თოკებზე გათეთრებულ, მზესავით ზეწრებს.
კიდევ პერანგებს,
კიდევ წინდებს;
მე კორექტული
დავრჩები და აღარ ვიტყვი, რომ სინატიფით ფენს
ყველა დეტალს,
ყველა ჩვევას,
ყველა სურვილს და
გაფენილი ლეღვის ფოთლები არის ამ ქალის დეტალური ავტოპორტრეტი.
და ქალის შემდეგ ამ სახლიდან გამოდის კაცი.
იმ ყველა ფოთლის მეპატრონე
თოკს რომ მიაბეს,
ქარი რომ უვლის.
მას სამსახურში ქალი ატანს –
კოცნას და ღიმილს, სისავსეს სულის
და მთელი გულით ელოდება იმ კაცის მოსვლას
შეღამებისას
და ყველა ღამე იწყება ასე:
...........................................................
მე კორექტული დავრჩები და დავიწყებ დილით.
თეთრი სახლი.
სტილით რეტრო.
გამოდის ქალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები