ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
4 ნოემბერი, 2013


ედელვაისები

          ისინი მაღალი მთის წვერზე შეხვდნენ ერთმანეთს. კაცი, რომელიც მიწაზე ცხოვრობდა და ღრუბლების ბინადარი. შეხვდნენ იმ ადგილას, რომელიც ოზონის შრის ქვედა კიდიდან და "მარიანის" ღრმულის ფსკერიდან თითმის თანაბრადაა დაშორებული. ორივე ერთი მიზნით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით მისულიყო იმ ადგილას.

            უჩა მიწის შვილი იყო. კაცი, რომელიც ზამთრისთვის მზადებას გაზაფხულიდანვე იწყებს, თადარიგიანი. თებერვალშივე რომ გრძნობს მარტში ასაყვავებელი კვირტების სურნელს. წვიმებს რომ ჩიტების დაბლა ფრენით ცნობს და მის დასახვედრად ემზადება, რათა მთელი გულით შეიგრძნოს სველი მიწის არომატი. რომ მერე გულიანად დალოცოს იგი და სიტყვით მიეფეროს, ვიდრე მარცვალს მიაბარებდეს.  განვლილი ცხოვრება სახეზე კეთილ, სანდომიან ღიმილად აღბეჭდვია. უთქმელი კაცია, დარდებს კი მხოლოდ იქ ინახავს, სადაც ხე გაზაფხულების ჩამონათვალს.

          უტა  ღრუბლების ბინადარია. კაცი, რომელსაც არც ზამთარი უყვარს და არც ზაფხული, თუმცა მზეც უყვარს და თოვლიც,  თავისებურად, სულ სხვა გაგებით, ისე, როგორც შთაგონების წყარო. ფიქრების მსმენელი და გამხმოვანებელია  და არამხოლოდ საკუთარის. ადრე საოცარი უნარი ჰქონია სხვათა გულისთქმის გაგებისა, მაგრამ თანდათან დაელია  და თითქოს საკუთარ თავსაც კარგავდა ამ უნართან ერთად. ბოლო დროს საკუთარი გულის ხმაც აღარ ესმის, არათუ სხვისი. ის  წლიდან-წლამდე დაატარებს სევდიან, ლურჯ თვალებს და ღრუბლების ბინადრისათვის შესაფერ ხელებს.

          მათ ერთმანეთი შორიდანვე შენიშნეს. ორივეს გაუკვირდა ამ უკაცრიელ ადგილას ადამიანის ხილვა.
უტამ ხელი აუწია შემხვედრს,  უჩა შეეხმიანა.
_გამარჯობა.
_გაგიმარჯოს.
_არ მეგონა აქ თუ ვინმეს შევხვდებოდი, რამ ამოგიყვანა ამ სიმაღლეზე?_იკითხა უჩამ. ჯერ ჩამოართვა შემხვედრს ხელი, მერე დაბალ წვერზე ჩამოისვა და ქვაზე ჩამოჯდა.
_ჩამოვედი. თქვა უტამ, ისიც ჩამოჯდა  პირისპირ და მოგრძო თმაზე გადაისვა ხელი.
_სამშობლო მოგენატრა ალბათ... რახან ჩემებურად საუბრობ... ემიგრანტი ხარ?
_არა, ვერ მიმიხვდი, მე ღრუბლების ბინადარი ვარ.
უჩამ გაკვირვება ვერ დამალა, თუმცა წამიერი პაუზის შემდეგ მაინც გაუღიმა უცნობს.
_ამაოდ ფიქრობთ, რომ გიჟი ვარ.
_არც მიფიქრია, როგორ გეკადრებათ._უპასუხა უჩამ და კიდევ უფრო მეტი გაკვირვება დაეტყო სახეზე. ამჯერად პაუზა  გაუგრძელდა, მოსაუბრეს თვალებში ჩახედა და თითქოს რაღაც ნაცნობი ამოიკითხა  მათში, წარბები მრავალმნიშვნელოვნად აზიდა.
_არც ღმერთი ვარ. დაარღვია სიჩუმე უტამ.
_რა თქმა უნდა, არ იქნები.
_რატომ ასე?
_რა გითხრათ, არაფრით დამიმსახურებია გზად რომ შემხვედროდა.
_ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთი ღრუბლების ბინადარია, ალბათ იმიტომ, რომ ცაში ჰგონიათ, არადა  ღმერთი ჩვენშია.
_ჰო, რათქმაუნდა, ეს მეც მსმენია. მართლა არ მეგონა აქ თუ ვინმეს შევხვდებოდი და მასთან ღმერთზე ვისაუბრებდით._ ამოიოხრა უჩამ და თან გარემო შეათვალიერა. თითქოს რაღაცას ეძებდა.
_ არც მე მეგონა, თუმცა ამ სიმაღლეზე სხვა რაზე უნდა ისაუბრო, თუარა ღმერთზე, სიყვარულზე, სიკეთეზე, სილამაზეზე.
_ტკივილზე_თქვა უჩამ და ნაღვლიანი თვალები შეანათა უტას.
უტას სიტყვა არ დაუძრავს. მხოლოდ დაკვირვებით შეაჩერა მზერა მის მწვანე თვალებს და თითქოს მანაც რაღაც ნაცნობი ამოიკითხა.
_ჩემი ცოლია ავად._ნერვიულად დაიწყო უჩამ._ ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო... ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ექიმები მაიმედებენ კიდევ მრავალი წელი იცოცხლებსო. თერაპიაც ჩაიტარა... ძალიან შეიცვალა... განიცდის, ბავშვებზე დარდობს. შეშინებული თვალებით მიყურებენ ასე რომ გამოვიყურებიო... სამი შვილი გვყავს. პატარა გოგონა ჯერ  სამი წლისაა... ხომ იცი შვილებისთვის რამდენს ნიშნავს დედა, მითუმეტეს პატარებს როგორ სჭირდებათ იგი... ჰოდა... მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ნაადრევად არ ჩაქრეს მათ თვალებში სიხარულის ნაპერწკალი... შვილები შვილებად და მე, მე ხომ სიცოცხლეს მირჩევნია... ის კი... პირიქით მამხნევებს, ხომ იცი ყველაფერი წარმავალიაო. რატომ შეგეყარა ეს საშინელი სენი მეთქი, ის კი მპასუხობს: სიკვდილს განა დაელევა მიზეზიო. რატომ შენ და არა მემეთქი, ის კი ამბობს: მადლობა ღმერთს, რომ შენ კარგად ხარ, შვილებს ორივე ვჭირდებით, მაგრამ უშენოდ ხომ წყალი წაიღებსო... არ ვიცი ამას რატომ გიყვები, არ მჩვევია ასე, ბოდიში შეგაწყინე ალბათ.
უჩას ცრემლები მოადგა, ჯიბიდან ოთხადგაკეცილი, გახამებულ-გატკეცილი ცხვირსახოცი ამოიღო და თვალები შეიმშრალა.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. უხერხული უტასთვის. უნდოდა რამე ეთქვა, ენუგეშებინა, გაემხნევებინა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ახაერხებდა. გული ჯერ შეეკუმშა, მერე ისევ შეევსო და ბურთივით მოაწვა ყელში.
სიჩუმე ისევ უჩამ დაარღვია.
_ედელვაისებისთვის ამოვედი აქ. წამლად მჭირდება, ამბობენ უებარიაო ჭრილობებისთვის.
_მართლა? არ ვიცოდი.  რა დამთხვევაა, მე კი მესიზმრა წუხელ, რომ თუ ედელვაისებს მივაგნებდი, თავსაც ვიპოვიდი. მგონი შთაგონება დამიბრუნდება, კარგა ხნის წინ რომ დავკარგე. აღარც მახსოვს როდის იყო, ცა რომ მიზიდავდა, ფრთებს რომ ვნატრობდი.
_ცაში ცხოვრობ და ფრთებს ნატრობ?_გაეღიმა უჩას.
_არა, არ ვნატრობ, ვკარგავ და ვწუხვარ... წარსული გამიქრა, მხოლოდ რაღაც ფრაგმენტები მახსენდება, თითქოს ნაცნობი კადრები. არადა რანი ვართ ჩვენ, ადამიანები, მხოლოდ წარსული, უფრო სწორად ის, რაც გვახსოვს ამ წარსულიდან და მხოლოდ წამი, წამი აწმყოში, რომელიც წამის შემდეგ გაწარსულდება...ბავშვობიდან მხოლოდ დედის ცრემლიანი თვალები მაგონდება, და ის მომენტი მე რომ თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ სადღაც... რისთვის, რატომ? არ ვიცი. ან იმ ქალს მე რომ დედად აღვიქვი რად სდის ცრემლები. ყურში ჩამესმის თითქოს მისი მოფერება, ჩემო ზურმუხტისთვალება ბიჭო, შენს გულს ჩავადნიო. თუმცა ამას რატომ მეტყოდა, შენც ხომ ხედავ, რომ ლურჯი თვალები მაქვს. ზოგჯერ გოგონა მაგონდება, უმშვენიერესი. მისი ქართან მოცეკვავე წაბლისფერი თმა და ლალის ბაგე, მისი სიცილი და ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობ. მერე კი წყდება ყველაფერი... მგონი მეხსიერების დაბრუნება უფრო მჭირდება ვიდრე შთაგონება პოეზიისთვის. არადა მახსოვს როგორ მიზიდავდა ცა, ახლა კი ყველა გრძნობა გამიფერმკრთალდა.
_მეც ვწერდი ერთ დროს... ეჰ, ნეტავ იმ დროს...ცა მიწასთან რა მოსატანია, მიზიდულობა მიწასა აქვს თუ აქვს._თქვა უჩამ, ისე, სხვათაშორის, საუბარი ფინალისკენ რომ წაეყვანა.
_ მართლა?
_კი, რაც უფრო მაღლა ხარ და მეტი გაქვს წონა, მით მეტად გიზიდავს და მით უფრო სწრაფად ჩაგიკრავს გულში. ნიუტონის კანონია. ჩაიცინა და გაიფიქრა : ეჰ, ნეტავი ამასო._მაპატიე ჩემო კარგო, დროა ყვავილები მოვიძიო, თორემ თვალსადახელსშუა ჩამომიღამდება.

            მათ მზის ჩასვლამდე დაკრიფეს ედელვაისები, ცოტა ხნის წინ გულ-მკერდს რომ უმშვენებდნენ მთის უკმეხ, კლდოვან ნაპირს, რომელსაც მხოლოდ მათი ნაზი ყვავილის ნიავთან თამაში აცოცხლებდა.
უჩას პატარა კალათი სავსე იყო ფაქიზი ყვავილებით, უტა კი სადღაც  გაუჩინარდა, ისევე, როგორც სინაზე, მეწამული მზის ფონზე, შეჩერებული კადრივით დარჩენილი კლდისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები