ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2013


აბდაუბდა

    გამარჯობათ. მინდა ცოტათი მაინც გაგეცნოთ, ამჯერად ჩემი ყოველდღიური გადაადგილების ტრაექტორიას შემოგთავაზებთ.
    ყოველ დილას, დაახლოვებით ცხრა საათისთვის ვიღვიძებ, მთაწმინდაზე. ნეტავ რატომ მთაწმინდაზე, არასოდეს მიოცნებია. არ იფიქროთ სხვაგან ვიძინებ და მთაწმინდაზე ვიღვიძებ. ვიღვიძებ იქვე, სადაც ვიძინებ, მაგრამ რატომ მთაწმინდაზე, ამას ვერ ვხვდები, ქვეცნობიერის ამბავია აქ ნამდვილად. საოცარი რამაა სიზმარი, ანდაზაც ხომ არის, მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო, მაგრამ არა, ღმერთმანი არასოდროს მიოცნებია. მოკლედ, სანამ სამოსს ჩავიცვამდე თემქაზე გავრბივარ. ნუ ალბათ გასაგები ამბავია ყოველი დილის  წყლისა და ტუალეტის პროცედურები. პრინციპში იქ ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ ფრიად საჭირო რამაა, შვების მომგვრელი. ზღვაც იქვეა, გაერთიანებული მაქვს, ამიტომ სურნელი, აქ მუდმივად არაერთფეროვანია.
თემქის შემდეგ ისევ მთაწმინდაზე ვბრუნდები, რომ გავასწორო ჩემი სიზმრის სამჭედლო. ვიცვამ სამოსს და უმალ გლდანში გავრბივარ. ტაქსი გამოძახებით მუდამ  მზადყოფნაშია, რომ ვირტუალურ სამყაროში გამაქანოს, მთელ თვეში სულ რაღაც ოცდაათ ლარად. ეს დილის აუცილებელი პროცედურაა, თორე ცუკერბერგი არას დამიწერს, თანაც ურაკზე მაქვს ტაბელი გადასაბრუნებელი. ჰოდა ათწუთიან "საქმეს"(ჩემი ჭკუით) ორ საათს ვანდომებ. "კოკა-კოლასავითაა", რაც მეტს დალევ, უფრო გწყურია. კიდევ კარგი, რომ არსებობს კუჭი, რომელიც მოკრძალებით მეჩურჩულება, მხოლოდ ყავაო, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული აქვს გამიტყუოს სანაპიროზე და მერე იცოცხლე მოილხენს. ისეთი უნამუსო ხდება, როგორც კი საჭმელს შეიგრძნობს, სულ ავიწყდება ტვინი, რომ სიგნალი მიაწოდოს, მეყოფაო. არადა თითქოს ძმები არიან. ერთი დედის შვილები  ერთმანეთს ვერ უგებენ.
ჩემი სანაპირო მარცხენაა, არ ვიცი მარჯვენაზე რახდება, აქ კი ზოგჯერ დიდი ამბები ტრიალებს, მეტწილად კი სიმშვიდეა. მხოლოდ აქაურები ექიშპებიან ერთმანეთს, მარცხნიდან ცივი მარკეტი ეჭიმება ცხელ-ცხელ რესტორანს. ვითომ მე რომ არა, შენ რას გააკეთებდიო, ის კი პასუხობს: აბა ერთი ახლოს მოიწი, ტვინი ხომ არ გაგეყინა ნამეტნავად, ცოტა უნდა შეგითბოო. თან თუხთუხებს და ორთქლს უშვებს.  მოკლედ უბღვერენ ერთმანეთს პირისპირ, შუა გაშლილა მდინარე. კარგით, გეყოფათ, რა გაჩხუბებთ, მთავარი აქ მაინც მე ვარო. ამასაც თავში აქვს  ავარდნილი, მთავარი გამზირიდან მოსდის ხმები, სიტყვას არ ჩააგდებს, ისეთი სულგანაბული უსმენს და თავი პლანეტა "დედამიწა" ჰგონია. აქაოდა წყლის პატრონი ვარო, თავაწეული ცხვირს აქეთ-იქეთ ატრიალებს. არც აქ მიყვარს დიდხანს გაჩერება, საქმე და მხოლოდ საქმე, როგორც კი მოვაგვარებ, საკვების მისაღებადაც უმალ სოფელში გავრბივარ.
მხოლოდ იქ არის სიწყნარე, მშვიდად ფიქრის ადგილი, სადაც პატარა მელნის ტბა მაქვს,შიგ ჩაგდებული კალმის ანკესით და ამ ფაქტიურ შემოდგომაში ხან ზამთარს, ხან გაზაფხულს ვიჭერ, ზოგჯერ ღიმილსაც გამოვკრავ ნემსკავს,  ცრემლები კი რამდენიც გინდა, ადვილად მოდის იმ მელნის ტბაზე. ამ პროცესში კი ყოველთვის მათოვს, ატმის კვირტების ნაზი ფურცლები. ღმერთსაც აქ უფრო ხშირად ვიხსენებ, პირით აღმოსავლეთით მდგარი, აქვე, მისი ხატის წინ მდგარი, აქვე ვიცოცხლებ თავს ყოველთვის და აქვე ვიკლავ, მაგრამ არ ვმახავ. ნუ იფიქრებთ, რომ მეშინია, არა უბრალოდ არ ვიცი, რომ დავმარხო სწორი ვიქნები?  მოკლედ სოფელზე აღარ გავაგრძელებ, მოგიყვებით ამ ქალაქის მთავარ გამზირზე, საიდანაც ხმა ყველგან აღწევს.
მთავარ გამზირზე დიდი ამბები ხდება, ათასნაირი მანქანა დარბის. მხოლოდ რბილ სავარძელში ჩაჯდომა და თვალის გახელა გჭირდება, მორჩა, დანარჩენი თავისით მიდის. ადრე უფრო ხშირად ვსტუმრობდი, მაგრამ ახლა ალბათ გადავიღალე მისი ყურებით. უფრო სწორად რომ ვთქვა ცუკერბერგმა გადამიბირა. მაინც მოგიყვებით აქაურ ამბებს, თუმცა უჩემოდაც კარგად გეცოდინებათ.
ყველაზე ხმაურიანი ადგილია ჩემ ქალაქში, აგერ მოტოციკლს მიაქროლებს ჩაფხუტიანი მამაკაცი, მაგრამ მაინც ვცნობ, მამუკაა ღლონტი. მიმართულებას აძლევს მანქანას, რომელიც უკან მოსდევს, სადაც წინა ორ სავარძელი გაუნაწილებიათ გეგელიას და ტრაპაიძეს, უკან ჩემი სეხნია ჟიჟილაშვილი და ყურებამდეკბილდაკრაჭილი ვასიკო ზიან. საბარგულიდან მუდამ მსოფლიოს წივილ-კივილი ისმის, ხან ტაჰრირის მოედნიდან, ხან თურქეთიდან, სირიას ნუღარ გამახსენებთ. ამ ბოლო დროს ხშირ-ხშირად ამოყოფენ ხოლმე თავს ობამა და ბაშარ ასადი, ხშირად პუტინიც, თავწასაწყვეტი. მაგრამ ამათი გნიასი აღარც იმის,  ვიღაც თურქების ოჯახური გარჩევების გამო, რომელთაც ხრიგინ-ხრიგინით მიაქანებს მანქანაზე გამობმული დიდი "პრიცეპი". 
საპირისპირო მხრიდან მოდის რეკლამებით აჭრელებული ყვითელი ავტობუსი. სავსეა ხალხით, მაგრამ რატომღაც ყოველ გაჩერებაზე მძღოლი ეცვლება. მგზავრებზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ყველას ბილეთი აუღია და დიდ გულზე არიან, კონდუქტორის არ ეშინიათ. ადრე ისეთი სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა იმ ავტობუსში, რომ თავი ვარდების ბაღში გეგონებოდათ. მე მაინც დიდხანს ვერ ვუძლებდი, ტანზე მაყრიდა. მეგონა ალერგია მჭირდა ყვავილებზე, თურმე ნუ იტყვით და ეკლებს დაუკაწრივარ. მერე სურნელი მთლად დაკარგეს ვარდებმა, მგონი ჩამოჭკნენ და ტოტებზე მხოლოდ ეკლები შერჩათ.
იქვე "ჟიგული" შევნიშნე "კავკასიის" ლოგოთი. ვხედავ შუქნიშანზე მწვანე შუქი ანთია, მაგრამ არ ჩქარობს აქუბარდია. უი მაპატიეთ, გვიან შევნიშნე, ალბათ საწვავი დაუმთავრდათ, უკნიდან აწვებიან ელისაშვილი და მეტრეველი. ეს აქუ კი არხეინად ეწევა. რა ვიცი, შეიძლება არხეინადაც არ არის მაგრამ მე ასე მეჩვენება. ვყვირი, ვუქნევ ხელებს, გადააფერფლე, დაგრძელდა ფერფლი მეთქი, შარვალზე ან პიჯაკზე არ დაგეცეს, ამოგიწვავსთქო, მაგრამ არც ესმის, ვერც მხედავს.
ადრე, თითქოს მონიტორინგი დამავალეს ამ გამზირისა, თვალს არ ვაშორებდი, დაძაბულად ვაკვირდებოდი. თითქოს აქ წყდებოდა ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი, ახლა კი...
ახლა მარკმა გადამიბირა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები